The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მარიამ ივანეს ასული დემურია

მარიამ ივანეს ასული დემურია
ოფიციალური სახელი:მარიამ ივანეს ასული ივანიშვილი
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1860
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 1910  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   მარიამ დემურია დაიბადა 1860 წლის 2 მარტს ქალაქ გორში. ადრიანად დაობლებულ მარიამს ბებია ზრდიდა. მისთვის ნამდვილი სკოლა იყო ელიზბარ ერისთავის ოჯახი, რომელიც 1832 წლის ცნობილი შეთქმულების ერთ–ერთი მთავარი მონაწილე გახლდათ. მარიამი თავიდანვე მოექცა იმ წრეში, სადაც ტრიალებდნენ იმ პერიოდის გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ანტონ ფურცელაძე, სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ლომოური და სხვები. მათი დახმარებით შეძლო მარიამმა თბილისის სამეანო ინსტიტუტის კურსის დასრულება, რის შემდეგაც მუშაობდა თბილისში, ოზურგეთში, საჩხერეში და სხვა რაიონებში.

   1893 წელს წელს ახალგაზრდა იურისტ, ვასილ დემურიაზე დაქორწინდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მარიამი, მისი სულიერი მოთხოვნილებებისგან გამომდინარე, უფრო ფართო საზოგადოებრივი სარბიელისთვის იყო მოწოდებული და სულ მალე იგი ცნობილი გახდა როგორც ნიჭიერი სცენისმოყვარე, განათლების მუშაკი, მწერალი და ჟურნალისტი. 15 წლის განმავლობაში მარიამი იყო თბილისის სახალხო სახლების, თეატრების, ბიბლიოთეკა– სამკითხველოებისა და სხვა კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებათა მუშაობის ერთ–ერთი სულისჩამდგმელი.

   მარიამ დემურია დაუახლოვდა ეკატერინე გაბაშვილს, ანასტასია წერეთელს, კეკე მესხსა და მისი თაობის საგანმანათლებლო მოძრაობის წევრებს და გაეცნო მათ საქმიანობას. უმცირესი შემოწირულობებით, ილია წინამძღვრიშვილისა და "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მხარდაჭერით მარიამ დემურიამ ყველაზე ხელმოკლე ადამიანებისთვის დააარსა „ავჭალის აუდიტორია", სადაც კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე და იმართებოდა სხვადასხვა წიგნის, სტატიის, დოკუმენტის საჯარო კითხვა. ფაქტობრივად, ეს სახლი იქცა ქართული ენის დაცვის, თეატრის განვითარების, არაფორმალური განათლებისა და პოლიტიკური სოციალიზაციის რევოლუციურ კერად, რომლის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ყველას თანასწორად ჰქონდა.

   მარიამ დემურია დიდხანს განაგებდა ნაძალადევის სახალხო ბიბლიოთეკას, რომელიც თავისი მუშაობით იმდროინდელი თბილისის ქართულ ბიბლიოთეკებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა.

   1904 წელს მარიამმა დააარსა საგანმანათლებლო საბავშვო ჟურნალი „ნაკადული", რომლის პირველი ნომერი ნოემბერში გამოვიდა და რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს აშუქებდა. კნეინა ნინო ელიზბარის ასულმა ქობულაშვილისამ ჟურნალის გამოცემა ითავს, ელისაბედ ერისთავმა რედაქტორობა. კრებები აკაკის თავმჯდომარეობით იმართებოდა. გამოცემა მალევე გამრავალფეროვნდა სპეციალური ჩანართით, რომელსაც „პედაგოგიური ფურცელი" ეწოდებოდა. ჟურნალის გარშემო შემოკრებილნი იყვნენ იმ პერიოდის ყველა ცნობილი მწერალი და პედაგოგი.

   თავად მარიამ დემურია, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალის სულისჩამდგმელი და დამაარსებელი იყო, ოფიციალურად „ნაკადულს“ 1906 წლიდან რედაქტორობდა.

   სრულიად ახალგაზრდა მარიამ დემურია 1910 წლის 21 იანვარს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე, ქართული სცენის მოღვაწეთა პანთეონში..

   

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარე წევრი (1894-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის III ბიბლიოთეკის გამგე (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1898-1899)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: