The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე დიასამიძე

გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე დიასამიძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1870
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1960  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიუ–იორკი, ნოვო–დივეევოს მონასტერი
კატეგორია:გამომცემელი, იურისტი, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

   გრიგოლ დიასამიძე დაიბადა 1870 წელს გორის მაზრის სოფელ საქაშეთში.

   1879–1880 წლებში გრიგოლი სწავლობდა თბილისში ბარონესა ტიზენჰაუზენის პანსიონში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1893 წელს ჩააბარა უნივერსიტეტში სახელმწიფო გამოცდები და დაბრუნდა თბილისში. სავალდებულო სტაჟის შესრულების შემდეგ გახდა ნაფიცი მსაჯული, მაგრამ იგი არ გაჰყვა იურისტის გზას და პედაგოგობა და ჟურნალისტ–ლიტარეტორობა აირჩია.

    1894–1895 წლებში ქართულ ენასა და ლიტარეტურას ასწავლიდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, 1899–1904 წლებში მუშაობდა გორის მაზრის სასოფლო–სამეურნეო ამხანაგობაში და ერთ დროს იყო მისი თავმჯდომარეც.

    1901–1910 წლებში გრიგოლ დიასამიძეს თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოში გორის მაზრის თავად–აზნაურთაგან დეპუტატის ადგილი ეკავა. ამავე დროს იგი გახლდათ საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოების ერთ–ერთი დამფუძნებელი და მუდმივი წევრი.

    1902–1904 წლებში გრიგოლ დიასამიძემ საკრედიტო ამხანაგობები დააარსა სოფელ ჭრებალოსა და საგვარეულო სოფელ საქაშეთში. ხოლო სკოლები, იმავე ჭრებალოსა და საქაშეთის გარდა, გახსნა გორის მაზრის სოფელ ალში.

    გიორგი დიასამიძეს ეკუთვნოდა პირველი ელექტროსაბეჭდავი "გუტენბერგის" სახელწოდებით. 1915 წელს თბილისში დააფუძნა შემნახველი სალარო და მებაღეობა–მევენახეობის ამხანაგობა "ალექსანდროული".

   გრიგოლ დიასამიძემ დიდი ამაგი დასდო ქართული პრესის განვითარებას. 1911–1915 წლებში აკაკი წერეთლის თანადგომითა და თანამშრომლობით იგი გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთ "თემს", რომლის რედაქტორიც თავად გახლდათ. 1917–1918 წლებში გრიგოლ დიასამიძე ალექსანდრე ჯაყელთან ერთად იყო ყოველდღიური რუსული გაზეთის "რესპუბლიკას" რედაქტორი, ხოლო 1920 წელს შეუდგა ყოველთვიური კულტურულ–პოლიტიკური დასურათებული რუსული ჟურბალის "Братство"–ს გამოცემას, რომელშიც თანამშრომლობდნენ ლანსერე, შარლემანი, სორინი და სუდეიკინი. დაიბეჭდა მხოლოდ ორი ნომერი.

   1921 წელს ქალიშვილთან ერთად გრიგოლ დიასამიძემ თბილისი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. იგი დამკვიდრდა გერმანიაში, სადაც დააარსა საგამომცემლო საზოგადოება "ნოიე ოსტენ" ("ახალი აღმოსავლეთი"), ხოლო ცნობილ გერმანელ ქართველოლოგ რიჰარდ მეკელაინთან ერთად რედაქტორობდა ყოველთვიურ ჟურნალ "მორგენლანდს" (ახლო აღმოსავლეთი) გერმანულ ენაზე.

    1922 წელს გრიგოლ დიასამიძემ ბერლინში დააარსა ქართული სათვისტომო, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად გახლდათ.

    1936 წელს დიასამიძე აირჩიეს ბერლინის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის ნამდვილ წევრად. იგი ემიგრაციაშიც თანამშრომლობდა ემიგრანტულ ქართულ პრესაში, ჟურნალ "კავკასიაში", რომელიც პარიზში გამოდიოდა ქართულ და რუსულ ენებზე. იგი აქტიურად ეხმარებოდა კონსტანტინე ბალმონტს "ვეფხისტყაოსნის" რუსულ ენაზე გადათარგმნაში, რომელიც 1933 წელს პირველად დაიბეჭდა პარიზში, დავით ხელაძის სტამბაში.

   1952 წლიდან გრიგოლ დიასამიძე ქალიშვილთან ერთად ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად ხანდაზმულობისა, მას არც ნიუ–იორკში შეუწყვეტია ლიტერატურული საქმიანობა. მისი წერილები და მოგონებები  იბეჭდებოდა ქართულ პრესაში – "ჩვენი გზა" და "კრებული".

      გრიგოლ დიასამიძე იყო ნიუ–იორკის ქართული სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარე და "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს" გამგეობის წევრი და უხუცესი მრჩეველი.

    გრიგოლ დიასამიძე 1960 წელს გარდაიცვალა ამერიკაში და იქვეა დაკრძალული.

    2013 წელს გრიგოლ დიასამიძის ქალიშვილებმა მამის არქივი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ–იორკის ქართული სათვისტომო, საპატიო თავმჯდომარე
  • საქართველოს "წითელი ჯვარი", საზოგადოების დამფუძნებელი და მუდმივი წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1894-1916)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ნიუ–იორკი

გააზიარე: