The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა

ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა
Other name:ნ.-ვა  (Pseudonym)
ნ.-კა  (Pseudonym)
შავწყალა  (Pseudonym)
Date of birth:1876
Date of death:13 July, 1937  (at 61 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Lawyer, Founding member, Lawyer, Politician, Journalist, Repressed

Biography

    ნიკოლოზ ელიავა დაიბადა 1876 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ღანირში, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის  გიმნაზია. სწავლის პერიოდიდან  ჩართული იყო „მესამე დასის“ წრეების, შედეგ კი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში.  1899 წლიდან გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.

   1902 წელს  მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ  პარტიულ საქმიანობასთან ერთად  მუშაობდა ნაფიც ვექილად. ჟურნალ „კვალიდან“ მოყოლებული, სხვადასხვა ფსევდონიმებით თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან. 1905 წლიდან თავის ძმასთან - შალვა ელიავასთან - ერთად მუშაობდა რსდმპ-ს „ბოლშევიკების“ ფრაქციაში. გახლდათ  ჟურნალ „მოგზაურის“ მეორე რედაქტორი.

     ნიკოლოზ ელიავა  იმ ადვოკატთა ჯგუფში შედიოდა, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებული პირების დაცვაში მონაწილეობდნენ და უფასო კონსულტაციებს უწევდნენ მუშებს. ჯგუფში მუშაობდა კონსტანტინე ჯაფარიძესა და გრიგოლ გიორგაძესთან ერთად.

   1905 წლიდან  ყოველდღიურ გაზეთის  „Кавказский рабочий листок“-ის ფაქტობრივი რედაქტორი იყო და აფინანსებდა ნიკოლოზ ივანეს ძე თამამშევი. ეს გაზეთი რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ოფიციალურ ორგანოდ იქცა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რის გამოც მეფის ხელისუფლებამ მალევე, 15 ნომრის გამოსვლის შემდეგ, დახურა და რედაქტორი და მფლობელი პასუხისგებაში მისცა  არსებული წყობილების დამხობისკენ მოწოდებისა და იმპერატორის ღირსების შეურაცხყოფის ბრალდებით.

   ნიკო ელიავა თავდაპირველად არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა წინასწარი დაკავების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა, სადაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვით  მეტეხის ციხეში ჩასვეს. მეორე სხდომაზე სასამართლომ მას ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა და თავდებით გაათავისუფლა. ამის შემდეგ გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც  დააპატიმრეს და იჯდა ე.წ. „Крепость“-ში.

   ნიკო ელიავა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ  პარტიულ და საადვოკატო საქმიანობას აგრძელებდა.  1910  წელს არჩეული იქნა ქართული სახალხო თეატრის გამგეობის თავმჯდომარედ.  1913 წელს, „მგზავრის“ რედაქტორობისას დააპატიმრეს და პეტერბურგის ციხეში 3 წელი გაატარა,  შემდგომ კი ასტრახანში გადაასახლეს.

   1916 წლიდან მუშაობდა ტფილისის დაჭრილთა და ომში დასახიჩრებულთა კომიტეტის მთავარ კონტროლიორად და არჩეული იყო კავკასიის ვექილთა საბჭოს წევრად. 1917 წლიდან იყო თბილისის ქალაქის თავი, საქართველოს ქალაქთა კავშირის თავმჯდომარე, ხოლო 1917 წლის ნოემბერში  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

   1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

   1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. გახლდათ თვითმმართველობის და მომარაგების კომისიების თავმჯდომარე, გარეშე საქმეთა, საბიუჯეტო-საფინანსო და სარეკომენდაციო კომისიების წევრი.

   1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და წავიდა ემიგრაციაში.  ცხოვრობდა სტამბოლში, შემდეგ კი გერმანიასა და საფრანგეთში. 1926 წელს განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ მთავრობას, რომ წყვეტდა პოლიტიკურ საქმიანობას, ურიგდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ითხოვდა საქართველოში დაბრუნების უფლებას. 1926 წელს დაბრუნდა თბილისში და შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, იყო  ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

   1930-იანი წლების მეორე ნახევარში მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტად.

   1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისგან, აღიარებითი ჩვენებების მიღება მოახერხა, რომელთა თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური „მენშევიკური ცენტრი“, რომლის მიზანიც შეიარაღებული გადატრიალებისა და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა იყო.

   1937 წლის 15 აპრილს პენსიონერი ნიკო ელიავა „კონტრრევოლუციური მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს.

   1937 წლის 12 ივლისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა და 13 ივლისს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

    ნიკოლოზ ელიავა 1957 წლის 8 ოქტომბერს რეაბილიტირებული იქნა  სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ.

Member of Organizations

  • ადვოკატთა კოლეგია, წევრი (1926-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართული სახალხო თეატრი, გამგეობის თავმჯდომარე (1910-)

Bibliography


Share: