The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეპისკოპოსი ექვთიმე

ეპისკოპოსი ექვთიმე
ოფიციალური სახელი:ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:1918  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ესტატე ელიაშვილი დაიბადა 1846 წელს ქართლის სოფელ ქვემო ავჭალაში მღვდლის ოჯახში. 

   1859 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1865 წელს დაამთავრა და თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა.

   1866 წელს  ესტატე ელიაშვილი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესეს. 1873 წელს იგი თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წლიდან თბილისის ვაჯთა მე–2 გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს.

    1879 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში.

    1884 წელს ესტატე ელიაშვილს დეკანოზის წოდება მიენიჭა და სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად განამწესეს. 1887 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

    1891 წელს იგი გადადგა სიონის ტაძრის კანდელაკობიდან და მასწავლებლობაზეც უარი განაცხადა. ამავე წლიდან  ჟურნალების – "საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანის" და "პასტორის" ცენზორად დაინიშნა. 1891 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა.

    1892 წელს წმინდა სინოდის განჩინებით, საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად იქნა არჩეული. 1895 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1899 წელს ენქერი უბოძეს, ხოლო 1902 წლიდან ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

    1903 წელს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი მიიღო და ამავე წლის ნოემბერში დეკანოზი ესტატე სანკტ–პეტერბურგში გაიწვიეს. საქართველოს ეგზარქოსმა ალექსი I სანკტ–პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში იგი ბერად აღკვეცა და სახელად ექვთიმე უწოდა. ბერი ექვთიმე თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტი ექვთიმე წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაამტკიცა. ამავე წელს წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიის მმართველად და საქართველოს ეგზარქოსის მეორე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1905 წელს ეპისკოპოსი ექვთიმე გორის ეპარქიაში გადაიყვანეს.

   1906 წლის ივნისში სანკტ–პეტერბურგში გამართულ კრებაზე, სადაც საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი განიხილებოდა, მან რუსეთის ეკლესიის მხარე დაიჭირა და ამის გამო საქართველოში დაბრუნება ვეღარ შეძლო. იგი ნიჟნი–ნოვგოროდის ეპარქიის ბალახნინის ეპისკოპოსად დაინიშნა. 1909 წელს ჯანმრთელობის გაუარესობის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და მოსკოვში გადავიდა. აქ იგი სტავროპიგიალური ზაიკონოსპასკის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1911 წლიდან მოსკოვის სინოდალური კანტორის უშტატო წევრია.

   1914 წელს ეპისკოპოსი ექვთიმე მოსკოვის მაცხოვრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. ცნობილია, რომ 1918 წელს ეს მონასტერი კომუნისტებმა საპატიმროდ გადააკეთეს და მათთვის არასასურველი პირები გამოამწყვდიეს. ვარაუდობენ, რომ ეპისკოპოსი ექვთიმეც ამ პატიმართა რიცხვში იყო და იგი იმავე წელს გარდაიცვალა.

    კათოლიკოს–პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე თავის მოგონებებში მეუფე ექვთიმეს ასე ახასიათებდა: "კაცი ფრიად ნიჭიერი, მშვენიერი მწირველ–მლოცველი, საეკლესიო წიგნების საუცხოო მკითხველი და ჩინებული მქადაგებელი, მაგრამ მეტისმეტად მფრთხალი".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1900)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1903 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1891 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1887 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: