The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



აბელ სოფრონის ძე ენუქიძე

აბელ სოფრონის ძე ენუქიძე
სხვა სახელი:"Золотая рыбка"  (ფსევდონიმი)
Абдул  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1877
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 1937  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილია)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    აბელ ენუქიძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის სოფელ წკადისში, გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 1889–1892 წლებში სამეგრელოს საოლქო სკოლაში სწავლობდა. 1893 წელს გადავიდა თბილისში და ჩააბარა თბილისის ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც 1897 წელს დაამთავრა.

     1897-1900 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშად, ხოლო 1900 წლიდან მემანქანის თანაშემწედ ბაქოში. ამ პერიოდში მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა ბაქოში მყოფ ლადო კეცხოველთან. 

      1898 წელს აბელ ენუქიძე რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ხდება. 1901 წლის დასაწყისში თავს ანებებს სამსახურს, იწყებს პროფესიონალურ რევოლუციურ მუშაობას და გადადის არალეგალურ მოღვაწეობაზე. 1902 წლიდან მოყოლებული არაერთხელ დააპატიმრეს, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა გაქცევას. მეორე დაპატიმრების დროს კეცხოველთან ერთად გადაყვანილი იქნა თბილისში, მეტეხის ციხეში, სადაც 1903 წლის ზაფხულამდე იმყოფებოდა.  იყო არალეგალური სტამბის "ნინას" ერთ–ერთი დამაარსებელი, სადაც 1906 წლამდე მუშაობდა.

      1900 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

       1906 წლიდან ეწევა პარტიულ მუშაობას ამიერკავკასიასა და დონის როსტოვში. 1914 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ენისეისკის გუბერნიაში. 1916 წლის ბოლოს გაწვეულ იქნა ჯარში.

     1917 წელს მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციაში პეტროგრადში. ამავე წელს ბოლშევიკების მიერ არჩეული იქნა საკ-ის წევრად. 1917 წლის ივნისიდან პეტროგრადის საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრია,ხოლო ნოემბრიდან ამ კომიტეტის სამხედრო განყოფილებას ხელმძღვანელობს. 1918 წლის ივლისიდან არჩეული იქნა საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის მდივნად. 

    1922 წლის დეკემბრიდან 1935 წლის მარტამდე აბელ ენუქიძე იყო საბჭოთა კავშირის ცაკ-ის პრეზიდიუმის მდივანი. იყო ლენინის დამკრძალავი კომისიის წევრი.

    1925 წელს მოსკოვში გამოვიდა აბელ ენუქიძის ნაშრომი "Наши подпольные типографии на Кавказе". 1925–1927 წლებში ენუქიძე იყო მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის მაკონტროლებელი კომისიის თავმჯდომარე.

     1934 წლიდან ის საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრია. სხვა პარტიულ ხელმძღვანელთაგან განსხვავებით ენუქიძეს ახასიათებდნენ როგორც ფუფუნებისა და ქალების მოყვარულ ადამიანს, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ 1935 წელს ცენტრალური კომიტეტიდან გარიცხეს ,,за политическое и бытовое разложение”.

    1935 წელს აბელ ენუქიძე დაინიშნა ხარკოვის სამხარეო საავტომობილო ტრესტის დირექტორად. 1937 წლის 11 თებერვალს იგი დააპატიმრეს და დაადანაშაულეს შპიონაჟსა და სამშობლოს ღალატში. 29 ოქტომბერს კი დახვრეტა მიუსაჯეს ანტისაბჭოური საქმიანობისთვის.

   აბელ ენუქიძე ღია პოლიტიკურ პროცესებში მოიხსენიებოდა, როგორც კრემლში არსებულ შეთქმულთა ჯგუფის ხელმძღვანელი. ენუქიძე რეაბილიტირებულია 1960 წელს როგორც სტალინური რეპრესიების მსხვერპლი და აღდგენილია პარტიის წევრად.

.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: