შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
კონსტანტინე (კოწია) დავითის ძე ერისთავი![]()
ბიოგრაფიაკონსტანტინე ერისთავი დაიბადა 1880 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ სალომინაოში. იგი ადრეულ ასაკში დაობლდა და მისი აღზრდა უფროსმა ძმამ, ცნობილმა სახალხო მთქმელმა, ვანის, ქუთაისისა და თბილისის კოლორიტმა სერგია ერისთავმა ითავა, რომელმაც საკუთარ განათლებაზე უარი თქვა და მთლიანად ძმის აღზრდას მიუძღვნა თავი. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც 1908 წელს დაამთავრა და 1909 წელს გაემგზავრა ტარტუში (დერპტი, იურიევი) და ჩააბარა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. კონსტანტინე ერისთავმა 1914 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი და ექვსი თვე ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრაზე პროფესორ ბურდენკოსთან, ხოლო შემდეგი ორი წელი, ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკაში პროფესორ ვერნერ ცეგე-ფონ-მანტეფელის ხელმძღვანელობით მუშაობდა. 1914-1918 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოსკოვის ივერიის მე-2 ლაზარეთში უფროს ექიმად მსახურობდა. დემობილიზაციის მერე, 1918 წელს, სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი იყო. 1921 წელ, კონსტანტინე ერისთავი პროპედევტული ქირურგიის კლინიკის უფროს ასისტენტად აირჩიეს. 1926 წელს დისერტაცია დაიცვა თემაზე: „სწრაფი სიკვდილის მექანიზმი ცხიმოვანი ემბოლიის დროს“, რისთვისაც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა და 1929 წელს ქირურგიული კათედრის გამგე-პროფესორად დაინიშნა. 1936 წელს ერისთავი რკინიგზის საავადმყოფოს დირექტორად დაინიშნა, ხოლო 1941 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად. კონსტანტინე ერისთავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ზოგადი ქირურგიის, საფაკულტეტო ქირურგიის და ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორად. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებებს. კონსტანტინე ერისთავმა საქართველოში დანერგა გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები, რომლებიც თავად ჰქონდა წარმატებით შესრულებული. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში. კონსტანტინე ერისთავი საზოგადოებრივ და პროფკავშირულ მუშაობაში სტუდენტობის დროსვე ჩაება, როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხელმძღვანელი ორგანოს არჩევითი მონაწილე. ერისთავი იყო ქირურგიული სექციის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე და მედსანშრომის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი. 1938 წელს არჩეული იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. სამეცნიერო და საზოგადოებრივ ასპარეზზე დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენითა და საპატიო რკინიგზელის ნიშნით. კონსტანტინე ერისთავი ცნობილი იყო, როგორც დიდი საექიმო და პედაგოგიური სტაჟის მქონე მეცნიერი და კლინიკის ხელმძღვანელი. საკუთარი სკოლის შემქმნელი, რომლის მოწაფეებმაც 150-ზე მეტი შრომა დაამუშავეს. თავად კონსტანტინე ერისთავს ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო შრომაზე მეტი, რომელთაგან ბევრი, დასტაქრობაში მეცნიერულად და პრაქტიკულად მნიშვნელოვან ახალ აზრს იძლეოდა. კონსტანტინე ერისთავი გარდაიცვალა 1975 წლის 12 მარტს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლესთან, ოლღა ბებურიშვილთან ერთად. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |