The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე (დეკანოზი)

ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1853
გარდაცვ. თარიღი:1933  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ერმალოზ ვეფხვაძე დაიბადა 1853 წლის 8 მარტს შორაპნის მაზრის სოფელ ლეღვანში მღვდლის ოჯახში.

   1880 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და იმავე წლის 5 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო ამ პოსტზე დაამტკიცეს 5 დეკემბერს. 1881 წლის 11 სექტემბერს ამავე სასწავლებლის I და II კლასებში გალობისა და მართლწერის სწავლება დაევალა და შეთავსებით ქუთაისის ქალთა უფასო სასწავლებლის მეორე კლასების არითმეტიკისა და ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

   1882 წლის 17 თებერვალს "კლასიჩესკი ნასტავნიკის" წოდება მიენიჭა. პედაგოგად მოღვაწეობის პერიოდში ერმალოზ ვეფხვაძემ გაიცნო ღარიხევის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრის, გიორგი დეკანოსიძის ასული ნინო, რომელსაც თავისი ცხოვრება დაუკავშირა და მათი ქორწინება იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა.  მეუფე გაბრიელმა ემალოზს ქორწინების შემდეგ მღვდლობაზე მისცა ლოცვა-კურთხევა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას აქტიური პედაგოგიური საქმიანობისთვის ბევრი დრო აღარ დარჩებოდა, მაგრამ მან მეუფის ლოცვა-კურთხევა მორჩილად მიიღო და ერმალოზმა და ნინომ ქუთაისის ერთ-ერთ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი.  ნინო განათლებული ქალი ყოფილა. მას კარგად სცოდნია ფრანგული და რუსული ენები. შესაბამისად, შვილებიც ღირსეულად აღზარდა და ყველა მათგანმა უმაღლესი განათლება მიიღო. 

   1882 წლის 25 აპრილს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ერმალოზი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 2 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ღარიხევის წმინდა გიორგის ეკლესიაში განამწესა. 1882 წელს ხარაგაულის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1883 წელს მამა ერმალოზმა, თავისი ხარჯებით, ღარიხევში სამრევლო სკოლა გახსნა, სადაც 1884 წლის 16 თებერვლამდე საღვთო სჯულს თავადვე ასწავლიდა.

    1883 წელს მამა ერმალოზი სამი წლის ვადით ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის მმართველ საბჭოში დეპუტატად აირჩიეს. იმავე წლის ნოემბერში იმერეთის სამღვდელოების XXX საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოაირჩიეს და 1884 წელს საგვერდულით დააჯილდოვეს.

    1886 წლის 18 დეკემბერს კვლავ სამი წლის ვადით აირჩიეს მმართველ საბჭოში და მადლობა გამოუცხადეს  კეთილსინდისიერი სამსახურისათვის. 1888 წლის 29 მარტს სკუფია უბოძეს. 1889 წლის 12 აპრილს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების მუდმივ წევრად აირჩიეს, ხოლო 1890 წლის 9 თებერვალს იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა.

    მამა ერმალოზის მონდომებითა და ხელშეწყობით არაერთი სკოლა გაიხსნა. 1892 წლის 15 მაისს ერთგული სამსახურისთვის მას კამილავკა ეწყალობა. 1892 წელს მეორედ აირჩიეს საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად და 1893 წელს იმერეთის ეპარქიის, შორაპნის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მოწაფეთა საგამომცდელო კომისიის წევრად დაინიშნა.

   1894 წელს მამა ერმალოზი  ჩხერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს და ხარაგაულის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლადაც დაადგინეს. 1895 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1896 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1896 წლის 22 მაისს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების XXXV სხდომაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს, ხოლო 1900 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1903 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სასწავლო დარგში მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა პირად საქმეში შეტანით, ხოლო ხარაგაულის ოლქის სამღვდელოებამ მესამედ აირჩია დეპუტატად. 

   1904 წლიდან მამა ერმალოზი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების დამფუძნებელი წევრი.

   1906 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1905 წელს რუსეთის იმპერიაში დაწყებული პირველი რევოლუციის სუსხი საქართველოს ტერიტორიაზეც შემოიჭრა. შორაპნის მაზრა ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო მთელ საქართველოში. მთავარხუცესი თანაუგრძნობდა აჯანყებას და თავის აშენებულ ორსართულიან შენობაში, სადაც საავადმყოფო იყო განთავსებული, დაჭრილ აჯანყებულებს მკურნალობდა. ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი ექსპედიციის შედეგად, 1906 წელს აჯანყებულები დამარცხდნენ. დამსჯელი რაზმის წევრებმა მამა ერმალოზის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო თავად მოძღვარი დასახვრეტად გაიყვანეს. უცაბედად ერთ-ერთ ოფიცერს მამა ერმოლაოზის მკერდზე წმ. ანას ორდენი შეუნიშნავს და მოუბოდიშებია, არ ვიცოდი თუ მეფის მსახური ბრძანდებოდითო... ამგვარად იგი დახვრეტას გადაურჩა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა. 

   1907 წელს მამა ერმალოზი ხარაგაულის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, მთავარხუცესი 1917 წლისა და 1920 წლის I და II საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ საეკლესიო კრებებს ესწრებოდა.

   1921 წლის გასაბჭოების შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ეკლესიას და სარწმუნოებას. ალიხანოვ-ავარსკის ჯარისკაცების დაწყებული საქმე, ამჯერად ბოლშევიკებმა გააგრძელეს. ხარაგაულის ერთ-ერთი დარბევის დროს დეკანოზი იძულებული გახდა ოჯახით მთაში გახიზნულიყო. გავეშებულ კომუნისტებს ოჯახში არავინ დახვდათ. მათ შური ოთახში, კედლებზე ჩამოკიდებულ სურათებზე იძიეს და ხიშტები გაუყარეს მამა ერმალოზისა და მისი ქალიშვილის პორტრეტებს. დრო გადიოდა და ყოველწლიურად მცირდებოდა მოქმედი ეკლესიებისა და სამღვდელოების რიცხვი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს უამრავი სასულიერო პირი დაიხვრიტა. გადარჩენილები კი წნეხისა და შიშის ქვეშ აგრძელებდნენ მსახურებას. გამონაკლისი არც მამა ერმოლაოზი ყოფილა. მიუხედავად ასეთი გაჭირვებული და უმძიმესი მდგომარეობისა დეკანოზი ერმალოზი კვლავ აგრძელებდა მსახურებას. მოძღვარი ნათლავდა ბავშვებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ვიდრე ტაძარიც არ დაიკეტა, სისტემატიურად აღავლენდა წირვა-ლოცვებსაც. მას კარგად ახსოვდა ის ფიცი, მღვდლად კურთხევის დროს რომ მისცა უფალს და ერთი წუთითაც არ უფიქრია ამ გზიდან გადახვევა. იგი დიდი სიყვარული და ავტორიტეტით სარგებლობდა მრევლში, რომელსაც მისი სწამდა და სჯეროდა.   

   დაძაბულმა და აუტანელმა პირობებმა თავისი შედეგი გამოიღო. 80 წელს მიღწეული მოხუცებული მოძღვარი ლოგინად ჩავარდა და 1933 წელს მშვიდად უფალს მშვიდად მიაბარა სული. იმავე წელს გარდაიცვალა მისი მეუღლეც. შვილებმა მშობლები საკუთარი სახლის ეზოში მიაბარეს მიწას. რამდენიმე წლის შემდეგ მათ დატოვეს მშობლიური სოფელი და თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. მიტოვებული ეზო ერთ-ერთმა მეზობელმა თავის ხარჯზე გააგანიერა და მოძღვრისა და ფოფოდიას საფლავი თავის კარმიდამოში მოაყოლა. დღეს იმ ადგილზე ბოსტანია გაშენებული.  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1914 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1896 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1895 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: