The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ოქროპირის ძე ასათიანი (დეკანოზი)

გიორგი ოქროპირის ძე ასათიანი
Date of birth:1850
Date of death:6 October, 1931  (at 81 years)
Burial location:კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაო
Category:Manufacturer, Educator, Religious leader

Biography

    გიორგი ასათიანი დაიბადა 1850 წელს დუშეთის მაზრის სოფელ გალავანში აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მშობლების სახლში მიიღო.

   1868 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბრა, რომელიც 1874 წელს დაამთავრა და სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ მალევე დაქორწინდა ეფემია ბურდულზე, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა.

   1874 წელს ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1877 წელს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიაში დაინიშნა.

   1878 წელს დიაკვან გიორგის ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) მღვდლად დაასხა ხელი და ჯავახეთის მხარეში, ქილდის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში განამწესა. ამავე წელს ქილდის სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა და 1880 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა, ხოლო 1881 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

    1883 წელს ერტისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო 1884 წლიდან დუშეთის მაზრის, სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის პედაგოგთა მოთხოვნით მამა გიორგი ბოკოწინის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში გადაიყვანეს და ამავე სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს.

   1885 წელს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1886 წელს კვლავ გამოუცხადეს მადლობა და 1887 წელს სკუფია უბოძეს, ხოლო 1891 წელს კამოლავკა ეწყალობა.

    მამა გიორგი აქტიურად იყო ჩაბმული იმდროინდელი საქართველოს საზოგადო თუ საეკლესიო ცხოვრებაში. იგი გახლდათ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.  მის შესახებ ხშირად იწერებოდა იმ პერიოდში გამომავალ გაზეთებსა და ჟურნალებში. გაზეთ „დროების“ 1883 წლის N177-ში ვკითხულობთ: „ამა თვის 4 სექტემბერს აკურთხეს დუშეთის მაზრაში, სოფელ წინამძღვრიანთკარში სასოფლო მეურნეობის სკოლა, რომელსაც დაესწრო დიდძალი საზოგადოება. პარაკლისის გადახდის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა მღვდელმა გიორგი ასათიანმა, რომელშიაც გამოსთქვა ის აზრი, რომ დავივიწყოთ შური და მტრობა, რომლისაგანაც დაიღუპა ჩვენი ქვეყანაო და ყველანი ერთგულად და წმინდად ვემსახუროთ ამ სკოლის წმინდა საქმესო.“ მამა გიორგი შემდგომ წლებშიც არ აკლებდა სულიერ და ფინანსურ მხარდაჭერას ამ სკოლას და მის დამაარსებელს ილია წინამღვრიშვილს, რაც კარგად ჩანს ბარათში, რომელსაც ილია უგზავნის მოძღვარს: „მამაო გიორგი, ბანკის საქმეები დიდად გაზვიადდენ, არავის ინდობენ. თქვენი ჩამოსვლა ჩვენი სკოლისთვის ძალიან საჭიროა. ამისთვის გთხოვთ, უთუოდ ჩამობრძანდეთ ხვალა.“

    1893 წლის N278-ში გაზეთი “ივერია” წერდა: “კვირას, 19 დეკემბერს, მცხეთის ფოსტის სადგურზე მოიკრიბა მთელმა მცხეთის საზოგადოებამ თავი განსვენებულის ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის დასახვედრად. აქ იყვნენ მთელი მცხეთის სამღვდელოება, გლეხნი და კეთილშობილნი, მოხუცებული წინამძღვარი სამთავროს დედათა მონასტრისა, იღუმენია ნინო (ამილახვარი) _ მონაზვნებით და ქალთა სასწავლებლის შეგირდებით. ხუთის ნახევარზე მოასვენეს ყაზბეგის გვამი. სამღვდელოება შეიმოსა და გადახდილ იქნა პანაშვიდი. მღვდელმა გიორგი ასათიანმა წარმოთქვა გრძნობით აღსავსე სიტყვა, რომელშიც ცხადად დაჰხატა განსვენებული ბელეტრისტის მოღვაწეობა.”

    საზოგადო და საეკლესიო საქმეების გარდა მამა გიორგი აქტიურად მისდევდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც და თავის მამულში მოყვანილი ყურძნიდან საუკეთესო ღვინოსაც აყენებდა, რომელიც განთქმული იყო მაშინდელ აღმოსავლეთ საქართველოში. აი, რას წერდა გაზეთი “ივერია” 1895 წლის N76-ში: „10 მარტს ნიკიტის საიმპერატორო საბაღოსნო და სამეღვინეო სასწავლებლის ლაბორატორიაში დანიშნული იყო ქიმიკოს-მეღვინის კ. ა. რუდზკის თავჯდომარეობით ქართული ღვინოების დეგუსტაცია. ქართულ ღვინოებთან გასინჯულ-შედარებულ იქმნენ რეინის, ბურგუნდიისა და ყირიმის ღვინოებიც. თავდაპირველად, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა, გასინჯულ იქნა თეთრი და წითელი ღვინოები. თეთრ ღვინოებთა შორის პირველად მოიტანეს მამა გიორგი ასათიანის თეთრი ღვინო „ბოკოწინი“, რომელიც ნარევ ყურძნიდგან არის დაყენებული (მგონი უჭაჭოდ არის დადუღებული). ამ ღვინომ საერთო ყურადღება მიიქცია ფერით, სხეულის უნაკლულობით და უმთავრესი შემადგენელი ნაწილების ნორმალური მდგომარეობით. ფერი ცოტა მეტი მუქი აქვს, მაგრამ მაინც სასიამოვნო შესახედია. მამა გიორგის ღვინო ჩვენში დაყენებულ თეთრ ღვინოს არ ჰგავს, რადგან მას თან ახლავს თათრის ღვინის სინაზე და ნაკლებ სიმჟავეთა რაოდენობა. აქ ყველამ მხედველობაში მიიღო ამ ღვინის ხნოვანება (1893 წელს არის დაყენებული) და მასთან ისიც, თუ რა არა სასურველ მდგომარეობაში არის გაკეთებული. ბატონმა დირექტორებმა და რუდზკიმ იკითხეს: აქვს თუ არა მამა ასათიანს შესაფერისი სარდაფი და მისი მოწყობილება და როცა პასუხად უარი გაიგონეს, განცვიფრებულნი დარჩნენ. ამ ღვინოს, რასაკვირველია, აკლია სასიამოვნო ბუკეტი – სუნნელოვანება, როგორც ახალ ღვინოს, მაგრამ საკადრისი მოვლა-შენახვა თუ დაურჩა, სწორედ მშვენიერი სახარჯი ღვინო დადგება.“

   1897 წლის 26 აპრილს მღვდელი გიორგი თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა და ამავე წლის ივნისში სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1904 წელს მამა გიორგის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1913 წელს წმ. ანას III, ხოლო 1914 წელს წმ. ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა.

    1914-1918 წლებში დეკანოზი გიორგი, თავისი სურვილით, პირველ მსოფლიო ომში წავიდა და N392 საველე ჰოსპიტალის ეკლესიაში მსახურობდა (არსებობს ამ მოვლენის აღსანიშნავი ფოტოც). 1915 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენითა და გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს ენქერი უბოძეს.

    საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მამა გიორგი კვლავინდებურად განაგრძობდა სიონის ეკლესიაში მსახურებას და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მუქარისა, არ მიუტოვებია წირვა-ლოცვა. 1926 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი თბილისის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინა და მიტრა უბოძა. 1928 წლის 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) დედაეკლესიაში 50-წლიანი ერთგული და უმწიკვლო სამსახურისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. დეკანოზ გიორგის საოჯახო არქივში შემორჩენილია მისი რამდენიმე ქადაგება, რომლებიც მან თავისი მღვდლობის პირველსავე წლებში წარმოთქვა.

   დეკანოზი გიორგი გარდაიცვალა 1931 წლის 6 ოქტომბერს და დაკრძალულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-1912)

Awards and Honors

  • 1915 - წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1914 - წმ. ანას II ხარისხის ორდენი
  • 1913 - წმ. ანას III ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: