The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე ახმეტელი

ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე ახმეტელი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე ახმეტელაშვილი
სხვა სახელი:ლ. ახ-შვილი  (ფსევდონიმი)
შვარცი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1875
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 1942  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბერლინი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    ვლადიმერ ახმეტელაშვილი-ახმეტელი დაიბადა 1875 წლის 10 მარტს (ძვ. სტ.) სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში, სამხედრო დეკანოზის ოჯახში. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც  1892-1899 წლებში სწავლობდა.

      ახმეტელაშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა და ქალაქ ლაიპციგის უმაღლეს ეკონომიკურ სასწავლებელში, ხოლო შემდგომ ლაიპციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა.  1904 წელს ჰალეს უნივერსიტეტი დაამთავრა და მიენიჭა დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში. მისი ნაშრომი „საქართველოს საშინაო ვაჭრობა“ გერმანულ ენაზე გამოიცა.

      1904 წელს სამშობლოში დაბრუნდა და პირველ ხანებში სოციალ-დემოკრატიულ პრესაში თანამშრომლობდა. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კავკასიის საოლქო კომიტეტის ორგანოს - გაზეთ „სხივის“ ოფიციალური რედაქტორი იყო. 1906 წლის აპრილში, მეფის ხელისუფლებამ „სხივი“ გამოცემიდან მალევე დახურა და რედაქტორი პასუხისგებაში მისცა. ამ პერიოდში ჩავარდა ავლაბრის არალეგალური სტამბაც. ამ მიზეზით მოწყობილი მასობრივი ჩხრეკა-დაპატიმრების დროს ვლადიმერ ახმეტელაშვილი აიყვანეს გაზეთ „ელვა“-ს (ყოფილი „სხივი") რედაქციაში მყოფ სხვა პირებთან ერთად და სასამართლომ ციხეში პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ მან პარტიულ პრესაში თანამშრომლობა გააგრძელა. გახლდათ გაზეთების „ახალი გზისა“ და „ახალი აზრის“ რედაქციების წევრი. აქვეყნებდა ეკონომიკური ხასიათის პუბლიცისტურ წერილებს და დროგამოშვებით თბილისის მუშათა უბნებში პოლიტეკონომიის საჯარო ლექციებს კითხულობდა.

     ვლადიმერ ახმეტელი კვლავ ირიცხებოდა რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად. 1910 წლის 20 ნოემბერს (ძვ. სტ.) პოლიტიკური საბაბით მეორედ დააპატიმრეს, როგორც გაზეთ „საქმის“ ფაქტობრივი რედაქტორი, გაზეთში მოთავსებული კრიტიკული სტატიების გამო და ეჭვით, რომ გაზეთი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დახურული ორგანოს - „ახალი აზრის“ გაგრძელებას და პარტიის არალეგალური თავყრილობების გამართვის ადგილს წარმოადგენდა. ამ მიზეზით 17 ნოემბერს რედაქცია გაჩხრიკეს და გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით „უკიდურესად მავნე მიმართულების გამო“ გამოცემა დახურეს. ვლადიმერ ახმეტელი ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს კავკასიის საზღვრებიდან და ცხოვრობდა ქალაქ სიბირსკში.

     1913 წლის 31 იანვარს (ძვ. სტ.) ტფილისის სასამართლო პალატამ კვლავ დაიწყო პროცესი  ლადო ახმეტელის წინააღმდეგ. საბაბად იქცა 1908 წლის 23 თებერვალს ტფილისში სტამბა „Надежда“-ში დაბეჭდილი ბროშურა „კარლ მარქსის გარდაცვალების 25 წლისთავი“, სადაც მოთავსებული იყო „შვარცის“, „ვალენტინის“ და სხვების სტატიები, რომლებიც ბრალდების მტკიცებით, მთავრობის საწინააღმდეგო მოწოდებებს შეიცავდა. სტამბის მუშა გრიგოლ ფარსადანოვის ჩვენებით ბროშურის გამომცემელი ახმეტელაშვილი იყო, რომელიც მანვე ამოიცნო ჟანდარმერიის მიერ წარდგენილ ფოტოკარტოთეკის ბარათზე.

    1913 წლის 7 მარტს ტფილისის სასამართლო პალატამ საქმე შეწყვიტა და ახმეტელს ბრალდება გაუუქმა რუსეთის იმპერატორის 1913 წლის 21 თებერვლის (ძვ. სტ.) მანიფესტის გამო.

    1918 წლის თებერვლიდან ლადო ახმეტელი ამიერკავკასიის სეიმის წევრი იყო.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იმავე წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დავალებით მონაწილეობდა საერთაშორისო მოლაპარაკებებში „მეომარ და ნეიტრალურ“ სახელმწიფოებთან.

    1920 წლიდან ასრულებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის მოვალეობას გერმანიაში.

საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას შორის 1922 წელს გაფორმებული „რაპალოს ხელშეკრულების“ შემდეგ შეუწყდა დიპლომატიური სტატუსი, თუმცა აქტიურად აგრძელებდა საქმიანობას საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის პოპულარიზაციისათვის.

    1932 წელს ლადო ახმეტელმა ნოე ჟორდანიასთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია და დამოუკიდებელი საქმიანობა განაგრძო გერმანიაში. მალევე დაუკავშირდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფებს და მათთან ერთად აქტიურად მუშაობდა გერმანიის ნაციონალისტურ პოლიტიკურ ჯგუფებთან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მონაწილეობდა ბერლინის ქართველთა სათვისტომოს მუშაობაში, 1938 წელს იყო „კავკასიის სამმართველოს“ ხელმძღვანელი. 1942 წელს მონაწილეობდა ბერლინში ქართული ნაციონალური კომიტეტის ფორმირებაში.

     ლადო ახმეტელი მოულოდნელად გარდაიცვალა 1942 წლის 9 აგვისტოს ბერლინში და დაკრძალულია ბერლინის ერთ-ერთ ბაღში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1920)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გუდაუთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1908-)

გააზიარე: