The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი

კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1828
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 1901  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ზუბალაშვილების საგვარეულო სასაფლაო სოლოლაკში
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    კონსტანტინე ზუბალაშვილი დაიბადა 1828 წელს თბილისში, ცნობილი მრეწველისა და ქველმოქმედის იაკობ ზუბალაშვილის ოჯახში.

     განათლებულ მშობლებს მშვენივრად ესმოდათ ცოდნისა და გონიერების ფასი ნებისმიერი ადამიანისათვის, ამიტომაც ისინი თავიდანვე ზრუნავდნენ შვილების განათლებაზე.

    კონსტანტინემ ქართული წერა-კითხვა და ლოცვები ოჯახში დედისგან ისწავლა. პირველდაწებითი განათლებისთვის მიაბარეს თბილისის კათოლიკურ სამრევლო სკოლაში, სადაც კათოლიკეთა გვერდით სხვა აღმსარებლობის ბავშვებიც სწავლობდნენ. შემდეგ მან  სწავლა გააგრძელა თბილისის გიმნაზიაში (ყოფილ კეთილშობილთა სასწავლებელში), სადაც კარგად შეისწავლა ქართული მწიგნობრობა და ისტორია. იმ დროს, როცა საქართველოში რუსეთის პოლიტიკის გამო ქართული ენა შევიწროებული და დამცირებული იყო, ზუბალაშვილების ოჯახში ქართული მწიგნობრობა უაღრესად პატივსაცემ და მოწიწების საგნად ითვლებოდა.

   1844 წელს 16 წლის კონსტანტინე „ქართულ მილიციაში“ ჩაირიცხა თავისუფალ მსახურად. იგი მონაწილეობდა 1844-1856  წლების დაღესტნის ბრძოლებში. სანაქებო სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო ჯერ პორუჩიკის ჩინით, 1850 წელს კი შტაბს კაპიტნის ხარისხით. მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა  იმ პოლკში, რომელშიც კავკასიაში გადაასახლეს მ.ი.ლერმონტოვი. 1856 წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და დაუბრუნდა საერო ცხოვრებას.

   1870-იან წლებში კონსტანტინე ხდება ნავთობის ცნობილი დიდმრეწველი. 1864 წელს მან ინგლისელი მრეწველის - როტშილდისგან იყიდა მიწა, სადაც ნავთობის  საბადოები იყო განთავსებული.  ზუბალაშვილების ნავთობის საბადო მეტად მდიდარი გამოდგა.

   კონსტანტინემ ნავთობის შემოსავალი თანაბრად გაუნაწილა შვილებს და სარეწების მართვაც მათ გადასცა. კონსტანტინე ზუბალაშვილი ახლოს იცნობდა XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებს. 1860-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩაბმული საქათველოს კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წლების მანძილზე თითქმის არ ყოფილა საერთო სახალხო საქმეში რაიმე მნიშვნელოვანი წამოწყება, კონსტანტინეს რომ არ მიეღო მონაწილეობა. იგი სიხარულით შეხვდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ შექმნას, მის წევრად ჩაეწერა და ფინანსურადაც ყოველთვის ეხმარებოდა საზოგადოების გამგეობას. კონსტანტინემ მხარი დაუჭირა საზოგადოების გადაწყვეტილებას დახმარებოდნენ  უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად წასულ ქართველ ახალგაზრდებს და მათთვის სტიპენდიები დაენიშნათ.

   ზუბალაშვილების ოჯახს დადებით მოვლენად მიაჩნდა 1874 წელს თბილისში თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დაარსება და ფინანსურადაც მხარს უჭერდნენ.

   კონსტანტინეს თანაგრძნობა და მზრუნველობა არ მოუკლია თბილისის თავადაზნაურთა სკოლის „ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების“ გამგეობისთვის. იგი, როგორც გულუხვი მეცენატი, არჩეული იყო ამ საზოგადოების საპატიო წევრად. კონსტანტინე ყველანაირად ხელს უწყობდა ივ. კერესელიძეს ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემაში. იგი იყო ქართულ ენაზე გამოცემული ყველა ჟურნალ-გაზეთის აქტიური ქველმოქმედი ხელმომწერი. გარდა ამისა, ფინანსურად ეხმარებოდა ღარიბი ოჯახების ნიჭიერ და სწავლის მსურველ ახალგაზრდებს. კონსტანტინე თვლიდა, რომ საქართველოს მხოლოდ განათლებული და საქმიანი ახალგაზრდობა გადაარჩენდა.

   კონსტანტინე იყო თბილისის კათოლიკე მრევლის მამასახლისი. სათავეში ედგა წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძრის მშენებლობას თბილისში.

   კონსტანტინეს თხოვნითა და თანადგომით დაიწერა მიხეილ თამარაშვილის წიგნი „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“.  სწორედ ზუბალაშვილების ოჯახის ქველმოქმედებით შესძლო  თამარაშვილმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ემუშავა ვატიკანისა და ევროპის სხვა დიდი ქალაქების ბიბლიოთეკებსა და არქივებში და დაეწერა საქართველოს ისტორიისთვის მეტად მნიშვნელოვანი წიგნები.

   კონსტანტინე ზუბალაშვილი გარდაიცვალა 1901 წლის 24 მარტს თბილისში. ეს იყო დიდი დანაკლისი ქართველი საზოგადოებისთვის და კერძოდ ღარიბი მოსახლეობისთვის. 

   დაკრძალეს  სოლოლაკში, საგვარეულო სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1900)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ჭავჭავაძის ქუჩა, საკუთარი სახლი

გააზიარე: