The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი

ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1914  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:მეცენატი, მეწარმე, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

    ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი დაიბადა 1851 წელს თბილისში. იზრდებოდა ქუთაისში, პაპის - თავად მიხეილ თუმანიშვილის ოჯახში. აქვე მიიღო პირველდაწყებითი განათლება, 1866-1870 წლებში სწავლობდა ოდესის ავგუსტ კნერის კერძო კლასიკურ გიმნაზიაში. უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა მოსკოვში.

     ლევანს ახალგაზრდობიდანვე ძალიან უყვარდა მოგზაურობა, დადიოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით ხშირად იყო მოსკოვსა და პეტერბურგში და ბოლოს ძირითად საცხოვრებლად მოსკოვი აირჩია.

    მსხვილი ნავთობმრეწველები ზუბალაშვილები ამ დროისთვის უკვე ცნობილები იყვნენ ამიერკავკასიასა და რუსეთში, კერძოდ მოსკოვში. მათ თავიანთი კომერციული საქმიანობით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ რუსეთის სამრეწველო-სავაჭრო კომპანიებში. მათ წარმოებას თავისი კანტორა ჰქონდა მოსკოვშიც, რომელსაც სწორედ ლევანი ხელმძღვანელობდა. ამავე დროს იგი იყო მოსკოვში სადაზღვევო საზოგადოების - „Якорь“-ის დირექტორი. ამ საქმიანობამ იგი მალე დააკავშირა მოსკოვის ცნობილ მრეწველ-კომერსანტებს და საბოლოოდ აქცია მოსკოვის ერთ-ერთ წარჩინებულ მოქალაქედ, უმდიდრეს მრეწველად, სახელგანთქმულ კოლექციონერად და გამორჩეულ ქველმოქმედად. ლევანი გახლდათ მოსკოვის საპატიო მოქალაქე.

    1881 წელს ლევან ზუბალაშვილმა ცოლად შეირთო იულია კატუარი, მოსკოვის ცნობილი მრეწველის ქალიშვილი. იულიას მამა და ძმები მოსკოვში ფლობდნენ სავაჭრო სახლს „Катуар и синовья“. წყვილს ორი შვილი შეეძინა: ალექსანდრე და მარია ელიზავეტა. ვაჟი მალევე გარდაცვლილა, ქალიშვილის ბედი კი უცნობია. იულიას გარდაცვალების შემდეგ, ლევანი დაქორწინდა ოლგა ივანეს ასულ ტრაპეზნიკოვაზე. მათ ეყოლათ ერთი ვაჟი - ლევან ლევანის ძე. ქორწინებიდან ექვსი წლის თავზე ლევან კონსტანტინეს ძე გარდაიცვალა. ოლგა პირველ ხანებში, ანდერძის თანახმად, აგრძელებდა მეუღლის საქველმოქმედო საქმეებს, მაგრამ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ზუბალაშვილებს მთელი ქონება ჩამოართვა და „ხალხის საკუთრებად“ გამოაცხადა.

   ლევანი ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო მხატვრობით და დიდი გატაცებით აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს. მისი უმდიდრესი კოლექცია თანამედროვეთა შეფასებით, 1900-იანი წლების დამდეგისათვის მეტოქეობას უწევდა მოროზოვების, შჩუკინებისა და სხვათა სახელგანთქმულ კოლექციებს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ლევანი ყოფილა არა მხოლოდ კოლექციონერ-შემგროვებელი, არამედ ხელოვნების მრავალფეროვანი დარგების კარგი მცოდნე და საუკეთესო შემფასებელიც. ამიტომაც მის კოლექციაში ინახებოდა პირველხარისხოვანი ღირებულების შედევრები: ფერწერული ტილოები, ხატები, ფაიფურის ნივთები, ჭურჭელი, რომლებიც ამშვენებდნენ მეპატრონის დიდებულ სასახლეებს.

   ლევან ზუბალაშვილს მოსკოვში, კრემლთან ახლოს, ჰქონდა დიდებული სასახლე,რომლის ვრცელ დარბაზებში მოთავსებული იყო ლევანის უძვირფასესი კოლექცია. სახლის იატაკი დაფარული იყო ძველი აღმოსავლური ნოხებითა და ფარდაგებით, კედლები კი - გობელენებით, რომელთა შორის ეკიდა XVIII სსაუკუნის იშვიათი ნივთები. გარდა ამისა, ლევანს მოსკოვთან ახლოს, სოფელ უსოვოში, ჰქონდა აგარაკი, საკმაოდ მოზრდილი ტერიტორიით და ააშენა ორი ერთნაირი სახლი:  ერთში თავად ცხოვრობდა, მეორე კი განკუთვნილი იყო სტუმრებისათვის. XVIII საუკუნის  ფრანგული სასახლეების სტილით ნაგები სააგარაკო სახლების კედლებიც დაფარული იყო გობელენებითა და ცნობილი მხატვრების სურათებით. სახლების წინ იდგა იტალიელი ოსტატების შექმნილი მარმარილოს ქანდაკებები. აგარაკს იმთავითვე ეწოდებოდა „ზუბალოვო“. მას ამშვენებდა დიდი პარკი, ორანჟერეა, სათამაშო მოედნები და სხვა.

   1919 წლიდან, რევოლუციის შემდეგ, აგარაკს გამოუჩნდნენ ახალი მფლობელები: ერთი სახლი დაიკავა სტალინის ოჯახმა, მეორე კი — მიქოიანმა. რუსული წყაროების მიხედვით, ლევან ზუბალაშვილმა თავისი უმდიდრესი ქონება მოსკოვის რუმიანცევის მუზეუმს უანდერძა, ოღონდ მთელი ეს ძვირფასეულობა უნდა მოეთავსებინათ ერთ ჭერქვეშ, მუზეუმის გვერდით მდებარე შენობაში. ამ სახლის შესაძენად ლევანს თავად გაუღია ნახევარი მილიონი მანეთი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომისა და შემდგომ ოქტომბრის რევოლუციის გამო ვერ მოხერხდა ამ შენობის ქცევა მუზეუმის ნაწილად. ამიტომ საბოლოოდ, როცა, ანდერძის თანახმად, ლევანის მეუღლემ 1917 წელს ოჯახის მთელი კოლექციები გადასცა რუმიანცევის მუზეუმს, ეს განძეულობა მოსკოვის სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდა.

    ლევან ზუბალაშვილი დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ინტელიგენციასა და სტუდენტობას. მისი ოჯახი წლების მანძილზე გულუხვად მასპინძლობდა  სწავლას მოწყურებულ ქართველ ახალგაზრდობას.

   მე-19 საუკუნის დასაწყისში ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის თაოსნობით გადაწყდა „მოსკოვის ქართველ საზოგადოების“ დაარსება, რომელიც 1907 წელს ჩამოყალიბდა კიდეც. ლევან ზუბალაშვილი სიხარულით შეხვდა ამ წამოწყებას და თავდაპირველად 40 000 მანეთი შესწირა საზოგადოებას. ეს საზოგადოება თავისი არსებობის ათი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ბევრ ეროვნულ საქმეს. პირველ რიგში ზუბალაშვილის შეწირული თანხით დაიქირავეს ბინა, მოაწყვეს სტუდენტური კლუბი, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი.ლევანი ამ საზოგდოების საპატიო წევრი გახლდათ,  მონაწილეობდა მის საქმიანობაში და სისტემატურად ურიცხავდა გარკვეულ თანხას.

    ლევან ზუბალაშვილი ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა საქართველოშიც. მართალია, იგი ფიზიკურად არ ცხოვრობდა თავის სამშობლოში, მაგრამ ყოველთვის მონაწილეობდა ძმები ზუბალაშვილების სახელით გაღებულ შეწირულობებში.

    ლევანი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საპატიო წევრი და ყოველწლიურად ურიცხავდა დიდ თანხას ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიისთვის.

    1913 წლიდან ლევან ზაუბალაშვილი დამსახურებულად ატარებდა „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას“.

    სამწუხაროდ არანაირი ცნობები არ არის შემორჩენილი მისი შთამომავლობის შესახებ. მათი კვალი მოსკოვში იკარგება.

   ლევან ზუბალაშვილი გარდაიცვალა 1914 წლის 6 დეკემბერს. დაკრძალეს მოსკოვში, სკორბიაშენსკის მონასტრის ეზოში. მისი საფლავი დაკარგულია, რადგანაც ამ ადგილზე საბჭოთა ხელისუფლებამ პარკი გააშენა და შესაბამისად საფლავებიც განადგურდა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1906-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1912 - თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: