The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი

პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1862  (162 წლის)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ზუბალაშვილების საგვარეულო სასაფლაო სოლოლაკში
კატეგორია:მეცენატი, მეწარმე, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

     პეტრე ზუბალაშვილი დაიბადა 1862 წელს თბილისში. ოჯახის ტრადიციის მიხედვით პირველდაწყებითი განათლება შინ დედის ხელმძღვანელობით მიიღო. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში, სადაც ინჟინრის ხარისხი მიანიჭეს.

           პეტრე ძირითადად თბილისში ცხოვრობდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ  ევროპაში შვილებთან გაემგზავრა, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ჟენევაში, მაგრამ როცა შვილები საბოლოოდ დამკვიდრდნენ უცხოეთში და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს იგი საქართველოში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ ქალაქში გაატარა. პეტრე გახლდათ ქართველთა საზოგადოებრივი ცხოვრების ჭეშმარიტი გულშემატკივარი, ძმებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო ღონისძიებებში, დამოუკიდებლადაც ხშირად გასცემდა უხვ მოწყალებას. ამიტომაც პეტრეს თბილისში კარგად იცნობდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც განათლებულსა და ღირსეულ მამულიშვილს.

    პეტრესა და მისი ძმების ქველმოქმედებაში განსაკუთრებით ფასეული იყო ქართველ სტუდენტთათვის ყოველწლიურად გაღებული სასტიპენდიო თანხა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1908 წლიდან დააარსა ძმ. ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია. ამ საქმიანობისთვის ძმები საზოგადოების გამგეობას ყოველწლიურად ურიცხავდნენ სოლიდურ თანხებს, რომელსაც საზოგადოება ანაწილებდა თავისი შეხედულებისამებრ. აღსანიშნავია, რომ გარდა ძმების სასტიპენდიო თანხისა, პეტრე ფინანსურად ეხმარებოდა უმაღლესი განათლების მიღების მსურველ სხვა ახალგაზრდებსაც.

   პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი სასტუმრო „ლონდონი“ სამხედრო ლაზარეთისთვის და 20 ათასი მანეთიც (ოქროთი) გაიღო მის მოსაწყობად.

   საგულისხმოა, რომ პეტრე და მისი ძმები სახელოვნად აგრძელებდნენ მამის მიერ დაწყებულ ცხოვრებისეულ  გზას, კომერციულ საქმიანობასა თუ ქველმოქმედებას. ერთნაირად ზრუნავდნენ ეროვნულ-საზოგადოებრივ წამოწყებებზე, საქველმოქმედო შემოწირულობებსაც თანაბრად გასცემდნენდა სწორედ ამის გამო იყო, რომ ძმებს თანამედროვენი მოიხსენიებდნენ „ძმები ზუბალაშვილების“ სახელით, მიუხედავდ იმისა, რომ მათ ცხოვრება უხდებოდათ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა დროს.

   1910-იანი წლებიდან საქართველოში ცხოვრობდა მხოლოდ პეტრე. ლევანი მოსკოვში, ხოლო იაკობი - საფრანგეთში, მაგრამ ქველმოქმედება და ყველანაირი საზოგადოებრივი სასიკეთო საქმე კეთდებოდა ძმები ზუბალაშვილების სახელით.

    პეტრე ზუბალაშვილი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, ქშწკგ საზოგადოებისა და ქართული დრამატული საზოგადოების საპატიო წევრი. იგი ჭეშმარიტად ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. დაკრძალული იყო სოლოლაკში, საგვარეულო სასაფლაოზე მშობლებისა და ძმის - სტეფანეს გვერდით.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1906-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართული დრამატული საზოგადოების წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1912 - თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: