The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი

ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1866
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1926  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის ძველი სასაფლაო
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     ტრიფონ თაბუკაშვილი დაიბადა 1866 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ფარცხნალში. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, ხოლო საშუალო პედაგოგიური განათლების მისაღებად ხონის საოსტატო სემინარიაში გააგრძელა სწავლა.

     1886 წელს ტრიფონ თაბუკაშვილმა დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია და სოფელ ძიმითის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ 1888 წელს იგი ხარაგოულის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს, სადაც რვა წელი იმუშავა და 1896 წელს ხონის საოსტატო სემინარიაში მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად და სემინარიელთა საცდელი გაკვეთილების ქართული ენის ხელმძღვანელად მიიწვიეს. 1904 წელს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, ტრიფონი დაითხოვეს ხონის სემინარიიდან და დასჯის მიზნით ახალქალაქში გადაიყვანეს მასწავლებლად, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ აღადგინეს. იგი ჩვეული ენერგიითა და კიდევ მეტი პრინციპულობით შეუდგა სემინარიის ახალგაზრდობაში პროგრესული იდეების გავრცელებასა და მათი სწავლა–აღზრდის ჯანსაღ პედაგოგიურ პრინციპებზე დამყარებისათვის ბრძოლას. თავისი შეუპოვარი ბრძოლით ტრიფონ თაბუკაშვილმა 1911 წელს ხელმეორედ მისცა საბაბი სასწავლო ოლქის ადმინისტრაციას და იგი კვლავ გაანთავისუფლეს. "თქვენი მუშაობა ქართველთა შორის წარმოუდგენელიაო" გამოუცხადეს და განჯაში გადაიყვანეს რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. განჯაში მუშაობის პერიოდში ტრიფონ თაბუკაშვილი საუკეთესო პედაგოგად იქნა აღიარებული აზერბაიჯანულ მოსახლეობასა და მოწინავე საზოგადოებაში.

    1917 წელს ტრიფონ თაბუკაშვილი დააბრუნეს საქართველოში და ხარაგოულის საზოგადოების მოთხოვნით ხარაგოულის სკოლის გამგედ იქნა დანიშნული. ამავე 1917 წლის 19 ივნისს მისი მოწვევით გაიმართა კრება "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხარაგაულის განყოფილების დაარსების გამო. თავჯდომარედ არჩეულ იქნა ტრიფონ თაბუკაშვილი. ამის შემდეგ იგი თბილისში გადმოვიდა სამუშაოდ და ბოლომდე თბილისის ცენტრალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა.

    გარდა პრაქტიკული პედაგოგიური მოღვაწეობისა, მის კალამს ეკუთვნოდა სასკოლო სახელმძღვანელოები და მეთოდური ნაშრომები. იგი იყო ავტორი ერთ დროს ჩვენს სკოლებში საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ქართული ენის სახელმძღვანელოებისა – "განთიადი" და " აისი", მეთოდური ნაშრომებისა – "მეთოდიკური შენიშვნები გრამატიკის სწავლების შესახებ" და "სასვენი ნიშნების ხმარება".

   ტრიფონ თაბუკაშვილი პრინციპული, მებრძოლი სახალხო მასწავლებელი იყო. იგი ათეული წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქართველ საზოგადოებას, ახალგაზრდობაში სწავლა–განათლების დანერგვა–გავრცელების საშვილიშვილო საქმეს. თავისი ენერგიული, გულთბილი და გულისხმიერი შემოქმედებითი პედაგოგიური მოღვაწეობით ტრიფონ თაბუკაშვილმა მოსწავლე თაობებსა და საზოგადოებაში საყვარელი აღმზრდელი პედაგოგის სახელი დაიმსახურა და ქართულ პედაგოგიურ–მეთოდიკურ აზროვნებაშიც თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა.

    ტრიფონ თაბუკაშვილი გარდაიცვალა 1926 წლის 11 იანვარს და დაიკრძალა ვერის სასაფლაოზე, მაგრამ 1930-იან წლებში სასაფლაოს გაუქმების შემდეგ საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

    

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების გამგეობის თავჯდომარე (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: