The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე

ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1871  (152 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ნიკოლოზ თავდგირიძე დაიბადა 1871 წელს გურიის მაზრის სოფელ აკეთში, იმერეთში ცნობილი სახალხო მოლექსის, ყარამან თავდგირიძის ოჯახში.

   ნიკოლოზმა პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1889 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თხზულებისთვის „ბიზანტიის უფლების გავლენა რუსის კანონმდებლობაზე“, ე.წ. ალექსის დებულებაზე ქართული მასალების და განსაკუთრებით, ვახტანგ VI კანონების შინაარსის სარგებლობით.

   უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წელს არჩეული იქნა ოზურგეთის მაზრის მოურავად, სადაც გატაცებით შეუდგა საზოგადოებრივ სამსახურს. მისი მეცადინეობით აღიძრა შუამდგომლობა, რომ დაეარსებინათ პროგიმნაზია, გაეყვანათ რკინიგზა შეკვეთილიდან ნატანებ-ოზურგეთამდე, დააარსა სამკურნალო-ამბულატორია,  საჯარო სამკითხველო და სკოლები. რასაკვირველია, მთავრობას არ მოეწონა მისი ასეთი აქტიურობა და მეორე ვადით აღარ აირჩიეს, რის გამოც, ოზურგეთის ხმოსანთა შემადგენლობამ ერთხმად უარი განაცხადა ხმოსნობაზე.

   1901 წელს, არჩილ ჯორჯაძესთან და ვლადიმერ (ვახუშტი) ლორთქიფანიძესთან ერთად, ნიკო თავდგირიძემ  ლორთქიფანიძის ბინაზე ჰექტოგრაფით დაბეჭდა პირველი სარევოლუციო ფურცელი, საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის დღესასწაულის საწინააღმდეგოდ და ხალხს დაურიგა. ისინი გმობდნენ ამ დღესასწაულს და ხალხს ურჩობისკენ მოუწოდებდნენ.

   1904 წელს, როცა საქართველოში აგრარული მოძრაობა დაიწყო, ქუთაისში შეკრებილმა აღელვებულმა აზნაურობამ მოისურვა სოციალისტების წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიღება, მაგრამ ამ დროს, ჩოხაში გამოწყობილმა ნიკო თავდგირიძემ სიტყვის უფლება მოიპოვა და ბრალი თვით აზნაურებს დასდო. გლეხების დახმარების მაგიერ ჩვენი აზნაურები მთავრობის აგენტები ხდებიან და გლეხობას ავიწროვებენო. ამის შემდეგ, თავდგირიძის წინადადებით, რათა წოდებათა შორის წესიერი ურთიერთობა დამყარებულიყო, კრებამ დაადგინა საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა, რაც იმ დროს მთავრობის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლის პირველი ნაბიჯი იყო.

   1905 წელს, ნიკო თავდგირიძემ მოსკოვში გამართულ ერთობათა და ქალაქთა წარმომადგენლების კრებაზე ვრცელი დასაბუთებული მოხსენება წარადგინა საქართველოსთვის ავტონომიის შემოღების შესახებ. 1905 წლამდე მთავრობა წინააღმდეგი იყო თავდგირიძის თანამდებობაზე დანიშვნისა, თუმცა ქუთაისის გუბერნიის მარშლად მაინც იქნა არჩეული.

   1905 წელს მოპოვებულ უფლებათა მეოხებით, თავდგირიძე სოხუმის მოურავად დაამტკიცეს, სადაც იგივე ძალისხმევით დაიწყო საზოგადოებრივი საქმიანობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დააარსა ქართული სკოლა. რეაქციის დაწყების დროს, მთავრობამ ისევ დაუწყო დევნა, რადგანაც გავლენიანი ქართველის თანამდებობაზე ყოფნა ხელს უშლიდა ცარიზმის გეგმებს.  ბრალად დასდეს თვითმმართველობის სამსახურში ავტონომისტ თედო სახოკიას მიღება. ოლქის სასამართლოში საქმის გარჩევის დროს, თავდგირიძემ მთავრობის მოხელეთა უსამართლობასა და საზოგადო მოღვაწეთა დევნაზე მიუთითა, რის შემდეგ სენატმა იგი გაამართლა და ხელმეორედ იქნა მოურავად არჩეული.

   რაც შეეხება ნიკო თავდგირიძეს, როგორც მწერალსა და პუბლიცისტს, მან წერა 1895 წელს დაიწყო. „კვალში“ გამოაქვეყნა „შთაბეჭდილებანი პარიზიდან“, „ივერიაში“ მოათავსა წერილები ანარქისტ სებასტიანე ფორის თხზულების „მსოფლიო მწუხარების მიზეზების“ შესახებ, ხოლო 1901 წელს, იგივე „ივერიაში“ სტატია გუსტავ ლებიონის სოციალისტური აზრების შესახებ.

   „ცნობის ფურცელის“ განახლების შემდეგ, ნიკო თავდგირიძე მისი მუდმივი თანამშრომელი გახდა და რაღაც პერიოდი რედაქციაშიც მუშაობდა. თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში ჰქონდა გამოქვეყნებული წერილები ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების შესახებ. ხშირად წერდა რუსულ პერიოდიკაშიც.

    ნიკოლოზ თავდგირიძე, პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, არაერთხელ იყო დასჯილი. 1906 წელს რუსის მთავრობისაგან დევნილ მეამბოხე კირიონ ეპისკოპოსის და ლეონიდე ეპისკოპოსის გამოსარჩლებისათვის დააპატიმრეს კიტა აბაშიძესა და დავით მიქელაძესთან ერთად. მეორედ აფხაზეთის კომისრებმა, მათი მოქმედების გაზეთ „საქართველოში“ გაკრიტიკებისათვის გადასახლება მიუსაჯეს, რის გამოც, საზოგადოებამ დიდი უკმაყოფილება გამოაცხადა და მთავრობა იძულებული გახდა სასჯელი გაეუქმებინა, რის შემდეგაც ნიკო თავდგირიძე აფხაზეთის მომრიგებელ-მსაჯულთა კრებულის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

   სიცოცხლის ბოლო წლებში საბანკო-საფინანსო ასპარეზზე დაიწყო მუშაობა. შეაკავშირა ყველა ეროვნების ვაჭარ-მრეწველთა წარმომადგენელნი და მათი შეთანხმებული მონაწილეობით დააარსა დიდი კომერციული ბანკი „ერკურბანკი“.

   1924 წლის მარტში, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან და საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად სასამართლო პროცესზე დამნაშავედ სცნეს გენუის კონფერენციისადმი მიმართვის გამო და მიუსაჯეს 3 წლით და ცხრა თვით პატიმრობა, ქონების კონფისკაციით.

   ნიკოლოზ თავდგირიძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1909-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: