The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონდრატე დავითის ძე თათარაშვილი (უიარაღო)

კონდრატე დავითის ძე თათარაშვილი
Legal name:კონდრატე დავითის ძე თათარიშვილი
Date of birth:21 September, 1872
Date of death:9 May, 1929  (at 56 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Writer, Educator, Religious leader

Biography

    კონდრატე თათარაშვილი დაიბადა 1872 წლის 21 სექტემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ აბასთუმანში სასულიერო პირის ოჯახში და მისი ნათლია გახლდათ  სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი.

    1879 წელს კონდრატე სამეგრელოში სენაკის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მას ასწავლიდნენ ცნობილი მოღვაწეები – ვასილ ბარნოვი და სტეფანე ძიმისტარიშვილი. სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან წერაც. ქართველ საზოგადოებას   იგი განსაკუთრებით დაამახსოვრდა მოთხრობა "მამელუქით". მოგვიანებით მან სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1894 წელს დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში მან წერილი გამოუგზავნა მწერალ სოფრომ მგალობლიშვილს და აცნობა სურვილი – ემსახურა ხალხისთვის, როგორც მღვდელსა და პედაგოგს.

   1896 წელს, 24 წლის ასაკში ქორწინების შემდეგ, იგი მღვდლად აკურთხეს. თავდაპირველად მღვდელი კონდრატე ზუგდიდის მაზრის სოფელ კირცხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. ამ დროს ჩამოაყალიბა მან სამრევლო–საეკლესიო სკოლა. საზოგადოებრივ სარბიელზე კონდრატე თათარაშვილი გამოვიდა, როგორც მღვდელი, პედაგოგი და მწერალი. თანამედროვენი იხსენებენ, რომ იგი ღარიბ მოსწავლეებს თავად ურიგებდა უფასოდ წიგნებსა და რვეულებს.

    1902 წელს იგი თბილისში გადმოყავთ და იოანე ნათლისმცემელის რუსულ ეკლესიაში აგრძელებს მსახურებას. მან ამ ეკლესიასთან გახსნა ქალთა სკოლა, რომლის გამგეც თვითონ იყო და პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კუკიის სამისიონერო სკოლაში. იგი ილაშქრებდა სასულიერო სემინარიაში ქართველი სტუდენტების გარიცხვის წინააღმდეგ.

    1906 წლიდან კონდრატე თათარაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების ცხოვრებაში.

   1906 წელს მღვდელი კონდრატე დაესწრო თბილისის სამღვდელოების კრებას, რომელზეც ძირითადი მოთხოვნა იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამის გამო მას დევნა დაუწყეს. 1906 წლის ერთ–ერთ ნომერში გაზეთი "მეგობარი" წერდა: "...მღვდელ თათარაშვილს, რომელმაც მონანიების ქაღალდს ხელი არ მოაწერა, სასინოდო კანტორამ მღვდელმოქმედება აუკრძალა. ეხლა კანტორას დაუდგენია მღვდელ თათარაშვილს სრულიად ჩამოართვას მღვდლობა."

    სასულიერო ხარისხჩამორთმეული მოძღვარი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა ქვეყანა. იგი მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც 1912–1919 წლებში სწავლობს ბრიუსელის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი ხდება გეოლოგიის დოქტორი. მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები, სადაც ძირითადად კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთ ნაწილის ჰიდროგეოლოგიური საკითხებია შესწავლილი. გ. ქიქოძის თქმით, „მღვდელი კონდრატე თავისი ოპტიმიზმით და სიცოცხლის სიყვარულით საუკეთესო წარმოდგენას იძლეოდა ქართველი ხალხის ენერგიაზე“. იგი მოგვიანებით დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად სასულიერო მოღვაწეობა ვეღარ გააგრძელა.

    1921 წელს კონდრატემ მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრაზე ასისტენტად, ხოლო 1923 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში გააგრძელა მოღვაწეობა.

    კონდრატე თათარაშვილი, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა 1929 წელს. მისი ცხედარი გამოასვენეს მწერალთა სასახლიდან და დაკრძალეს ვერის ახალ სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-1911)

Bibliography


Share: