The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ევტიხი ელიზბარის ძე თალაკვაძე

ევტიხი ელიზბარის ძე თალაკვაძე
ოფიციალური სახელი:ევტროფი ელიზბარის ძე თალაკვაძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1881
გარდაცვ. თარიღი:14 ნოემბერი, 1964  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

    ევტიხი თალაკვაძე დაიბადა 1881 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ მთისპირში მრავალშვილიანი ღარიბი გლეხის ოჯახში. 1894 წელს სოფლის ორკლასიანი სკოლა დაამთავრა და იმავე წელს, ბათუმში, როტშილდის ქარხანაში, დაიწყო მუშაობა. იმ დროს ბათუმში თავმოყრილი იყო გურიის ახალგაზრდობა, რომელიც რევოლუციურ მოძრაობაში იყო ჩართული. აქვე მოქმედებდა დრამატული წრე, რომელსაც დავით კლდიაშვილი და ნესტორ კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ წრეში ჩაერთო ევტიხი და 1898 წელს კლდიაშვილის ხელმძღვანელობით პირველად გამოვიდა სცენაზე, სადაც შეასრულა ოტია ჯოლიას როლი ვალერიან გუნიას პიესაში "და-ძმა". ბათუმის დრამატულ წრეში თალაკვაძემ 13-მდე მთავარი და ეპიზოდური როლი შეასრულა და 1902 წელს სამუშაოდ ქუთაისში გადავიდა, სადაც 1905 წლამდე ნოქართა დრამატული წრის მსახიობი და ხელმძღვანელი იყო. იგი წარმოდგენებს მართავდა ღარიბი მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ბილეთებზე დაბალ ფასებს აწესებდა, რისთვისაც ქალაქის თვითმმართველობასთან, ხშირად აწყდებოდა წინააღმდეგობას, თუმცა, სპექტაკლების გამართვას მაინც ახერხებდა.

    ევტიხი თალაკვაძის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ლადო მესხიშვილის დასმა, რომელიც ამ დროს ქუთაისში მოღვაწეობდა. იგი მუდმივად ესწრებოდა მის სპექტაკლებსა და რეპეტიციებს. ქუთაისში, თალაკვაძემ დადგა რამდენიმე სპექტაკლი: "მეზობლები", "ოინბაზი", "ოთხი იმერელი" და სხვა.

   1905 წელს, ევტიხი თალაკვაძე, ძმის, გიორგის მიწვევით ბაქოში გადავიდა და მუშაობა დაიწყო რკინიგზის დეპოს თეატრში, სადაც "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებასთან" არსებული დრამწრე მართავდა სპექტაკლებს. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნდა.

   1907 წლიდან წლიდან ევტიხი თალაკვაძე ჭიათურის მუშათა თეატრში მუშაობდა, რომელსაც ვასო ურუშაძე ხელმძღვანელობდა და სადაც მან რამდენიმე მთავარი როლი შეასრულა. 1913 წელს, თეატრმა ცენზურის მიერ აკრძალული სპექტაკლი "წამხდარი სისხლი" დადგა, სადაც მთავარი როლი შეასრულა და დაპატიმრებას შალვა დადიანის წყალობით გადაურჩა, მაგრამ იძულებული გახდა ჭიათურა დაეტოვებინა და ისევ ბაქოში დაბრუნებულიყო.

   1913-1917 წლებში თალაკვაძე ბაქოს ქართულ დრამატულ წრეში მუშაობდა, სადაც მოღვაწეობდნენ: ძმები ახობაძეები, ძმები მატარაძეები და მიხეილ ქორელი. იგი პარალელურად ხელმძღვანელობდა მუშათა დრამატულ წრეებს ბალახანში და ბალაჯარაში.

   1918 წლიდან ევტიხი თალაკვაძე თბილისში, ზუბალაშვილის სახალხო თეატრში მუშაობდა, სადაც წარმოდგენებს დგამდნენ ნიკო გოცირიძე და ვანო ბარველი. თალაკვაძე ამ თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. იგი აგრეთვე, სპექტაკლებს მართავდა სამხედრო ნაწილებში.

   1922 წლიდან გარდაცვალებამდე, ევტიხი თალაკვაძე ოზურგეთის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი გახლდათ. ამ თეატრში მან შეასრულა შემდეგი როლები: მანუჩარი „კოლმეურნის ქორწინება“, შმაგა „უდანაშაულო დამნაშავენი“, ყვარყვარე „ყვარყვარე თუთაბერი“, გოჩა „ხევისბერ გოჩაში“ და სხვა.

   1955 წელს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს და ამავე წელს მახარაძის თეატრში მისი საიუბილეო საღამო გაიმართა. 1957 წელს, სცენაზე როლის შესრულებისას, დაავიწყდა ტექსტი, რის შემდეგაც საბოლოოდ დატოვა თეატრი.

    ევტიხი თალაკვაძეს თეატრში 300-მდე როლი აქვს შესრულებული, რომელთა შორის აღსანიშნავია: არსენა (ა. ყაზბეგის „არსენა“), ლევანი (ა. ცაგარელის „ლეკის ქალი გულჯავარი“), ტარიელ მკლავაძე (პ. ირეთელის „სოფლის გმირები“ ე. ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით), ფილიპე ბარბაქაძე (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“), პაპუნა (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ხევისბერი გოჩა (ს. შანშიაშვილის ამავე სახელწოდების პიესა), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), შმაგა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), პეპო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ასკარა (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ-ალან“), დიუმონი (დენერის „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“) და სხვა.

    ევტიხი თალაკვაძის მეუღლე გახლდათ ნინო გრეკოვა. მათ ჰყავდათ სამი შვილი: კლავდიუსი, ჯიბო და ოთარი. კლავდიუს თალაკვაძე მახარაძის დრამატულ თეატრში მსახიობობდა და 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯიბო თალაკვაძე თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი იყო, ხოლო ოთარი - მახარაძის დრამატული თეატრისა და საქართველოს ტელესტუდიის რეჟისორი.

    ევტიხი თალაკვაძე გარდაიცვალა 1964 წლის 14 ნოემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1950 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი

გააზიარე: