The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი მიხეილის ძე თაქთაქიშვილი (თავადი)

გიორგი მიხეილის ძე თაქთაქიშვილი
Date of birth:29 June, 1876
Date of death:5 February, 1965  (at 88 years)
Burial location:სოფელი რველი
Category:Agronomist

Biography

    გიორგი თაქთაქიშვილი დაიბადა 1876 წელს სოფელ ქვემო ხვითში(გორის რაიონი). თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ლექციებს ისმენდა ტიმირიაზევის სასოფლო–სამეურნეო აკადემიაში.

    გიორგი თაქთაქიშვილს ყრმობიდანვე იზიდავდა სოფელი და ბუნება: "თბილისის გიმნაზიაში ვსწავლობდი და ბოსტანზე და ხეხილზე ვფიქრობდი. გული ხალისობდა, როცა ზაფხულობით არდადეგებზე ჩემს სოფელში ჩამოვიდოდი... მოლი, ტყე, მდინარე, ნაკადულები ამღერებს გულს, სიცოცხლეს გმატებს... მიყვარდა და მაოცებდა ბუნება..."

   მამის გარდაცვალების შემდეგ გიორგის ქვემო ხვითში გული აღარ უდგება და ბორჯომის რაიონის ულამაზეს სოფელ რველში გადადის საცხოვრებლად. სოფელი რველი თაქთაქიშვილების მამული იყო სამცხე–საათაბაგოში თურქების  საბოლოო გაბატონებამდე, ქართველ თავადთა თურქეთის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხის წარუმატებლად დამთავრების შემდეგ ამ ამბოხის მთავარი მხარდამჭერის, ქართლის მეფე სიმონის მიერ თაქთაქიშვილებისათვის სამემკვიდრეო მამულად ქვემო ხვითი იქნა გადაცემული. რუსების მიერ ახალციხის აღების შემდეგ რველში და, საერთოდ, ბორჯომის ხეობაში, ცხოვრება უხიფათო გახდა და თაქთაქიშვილებმაც დაიბრუნეს ისტორიული მამულეთი. 

გიორგი თაქთაქიშვილმა ბორჯომის ხეობაში მეურნეობის განვითარება პერსპექტიულად მიიჩნია და მთლიანად აქ გადმოსახლდა, თუმცა ამას ბევრი მისი ნათესავი სკეპტიკურად უყურებდა.

   1899 წელს  გიორგი თაქთაქიშვილმა რველში ხეხილის ბაღის გაშენება დაიწყო. საკუთარ ეზოში გამოყო საცდელი ნაკვეთი ბოსტნისა და ხეხილისათვის. მოსკოვის, როსტოვისა და პარიზის მეთესლეობის სადგურებიდან იწერდა თესლებს. ამავე დროს გიორგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან, კერძოდ ჟურნალ "მოსავალთან" და მისი საშუალებით  მოსახლეობას უმარტავდა ხეხილის მოვლა–გაშენების წესებს, აძლევდა რჩევა–დარიგებებს და ასწავლიდა მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ წამლობის სხვადასხვა მეთოდებს.

    გიორგი თაქთაქიშვილმა მთელს ბორჯომის რაიონში პირველმა ჩაუყარა საფუძველი კულტურულ მეურნეობას. იგი თავის ვაჟიშვილ მიხეილთან ერთად ატარებდა ზონალურ ცდებსა და დაკვირვებებს. მისმა მუშაობამ არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო და რეგიონის მკაცრი ჰავისთვის შესაფერისი ჯიშები გამოიყვანა. მან პირველმა შექმნა კულტურული სახის კურკოვანი ჯიშები: შავი თათრული ბალი, დროგანა, ფრანგული ქლიავი და რენკლოდი. მის მეურნეობაში აკლიმატიზებული ატმები საუკეთესო გორული ჯიშის ატმებს უტოლდებოდა.

    გიორგი თაქთაქიშვილი საქართველოს გასაბჭოების  შემდეგ ჯერ გააკულაკეს, ხოლო შემდეგ კვლავ დაუბრუნეს მამული. იგი  თბილისის საგარეუბნო მეურნეობათა მრჩეველ–აგრონომად დაინიშნა. მან თავისი მდიდარი გამოცდილების საფუძველზე სამაგალითოდ მოაწყო სოღანლუღის, საგურამოსა და არტელ "მუზიანის" მეურნეობები. გიორგის მუშაობით დაინტერესებულმა გლეხობამ ხეხილის დარგვას ენერგიულად მოჰკიდა ხელი. გაზეთი "მუშა" წერდა: " გიორგი თაქთაქიშვილს ბორჯომის თემის გლეხობაში დიდი ნდობა და პატივისცემა აქვს დამსახურებული. ეს აიხსნება იმით, რომ იგი ჭირში და ლხინში გლეხებთანაა, მათთან ერთად მუშაობს სოფლის საკეთილდღეოდ."

    ბორჯომის რაიონში თაქთაქიშვილის წყალობით მეხილეობის განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ხეხილის სანერგეების მოწყობის საკითხი. საქართველოს სსრ მეხილეობა–მებოსტნეობის სამმართველომ სანამყენე მასალის მისაღებად სანერგეები თაქთაქიშვილის მეურნეობას მიამაგრა.

   გიორგი თაქთაქიშვილი თავის მეურნეობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ხეხილის ბაღების განოყიერებას აქცევდა, ატარებდა აგროღონისძიებებს. თაქთაქიშვილის მიერ ჩატარებული ხანგრძლივი სელექციის შედეგად მიღებული იყო ხახვის, კომბოსტოსა და პამიდორის ახალი ჯიშები. მის მიერ გამოყვანილ პამიდვრის ჯიშს "მუზარადს" ჭოპორტული პამიდვრის სახელით იცნობენ ჩვენთან. აღსანიშნავია ნესვისა და საზამთროს საუკეთესო ჯიშები, რომლებიც ადრე არასდროს არ ხარობდა ბორჯომის ხეობაში. ცნობილია მის მიერ გამოყვანილი გოგრა "თაქთაქიშვილი", რომელსაც ავტორის მოხდენილი ხუმრობით დედა ესპანელი ჰყავს, მამა ფრანგი და შვილი ქართველი. თაქთაქიშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა პროდუქციის ხარისხსა და გემოს, შაქრიანობასა და სიმჟავეს. ამ მიზნით იგი თბილისის სანიტარულ–ჰიგიენური ინსტიტუტის ლაბორატორიაში სისტემატურად აგზავნიდა ხილს ზუსტი ანალიზისთვის.

    გიორგი თაქთაქიშვილის მეურნეობის პროდუქცია წარდგენილი იყო სასოფლო–სამეურნეო გამოფენებზე გორში, ბორჯომსა და თბილისში. ამ გამოფენებზე თაქთაქიშვილის მიერ წარდგენილი ხილი და ბოსტნეული მაღალ შეფასებას იმსახურებდა. მამა–შვილ გიორგი და მიხეილ თაქთაქიშვილებს საქართველოს გარეთაც იცნობდნენ. საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე აღტაცებულნი იყვნენ თაქთაქიშვილის მიერ გამოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშებით. იგი უამრავ წერილს ღებულობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და პასუხად სოფელ რველიდან აგზავნიდა თესლებითა და სანამყენე მასალით ამანათებს.

    დიდია გიორგი თაქთაქიშვილის ღვაწლი საქართველოში მეხილეობისა და მებოსტნეობის განვითარების საქმეში. იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამუდმებით ეხმარებოდა კოლმეურნეობებსა და სასოფლო–სამეურნეო მეურნეობებს რჩევა–დარიგებებით, საკუთარი გამოყვანილი ნერგებითა და ბოსტნეულის თესლებით.

    გარდა პროფესიული საქმიანობისა გიორგი თაქთაქიშვილი მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1906 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1910–1917 წლებში საზოგადოების  ბორჯომის რაიონული განყოფილების წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მის საქმიანობაში.

   გიორგი თაქთაქიშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 5 თებერვალს და დაკრძალულია სოფელ რველში, საკუთარ ბაღში მეუღლესთან – ერმონია ბიძინას ასულ ყანჩაველთან და შვილებთან ერთად.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-1917)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:სოფელი რველი
  • Home
    Address:თბილისი, თუმანოვის შესახვევი N3 (ბოჭორიძის შეს. N3. საკუთარი სახლი)

Share: