The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანტონ ივანეს ძე თვალჭრელიძე

ანტონ ივანეს ძე თვალჭრელიძე
Date of birth:10 January, 1854
Date of death:2 July, 1930  (at 76 years)
Burial location:აჭარა, ციხისძირი, საკუთარი სახლის ეზოში
Category:Agronomist, Geographer

Biography

      ანტონ თვალჭრელიძე დაიბადა 1854 წლის 10 იანვარს (ძვ. სტ.) ქუთაისის გუბერნიის სოფელ ცახში (დღევანდელი ამბროლაურის რაიონი).სასულიერო პირის ოჯახში. მამა, ივანე თვალჭრელიძე სოფელ ცახის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

     16 წლის ასაკში ანტონი სახლიდან გაიქცა და სახელმწიფო სტიპენდიით ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მოეწყო. შემდეგ თავისი ნიჭისა და სამაგალითო ყოფაქცევის წყალობით, იგი თბილისში, ალექსანდრეს პედაგოგიურ სასწავლებელში გააგზავნეს. სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი სტუდენტები იმ დროს ვალდებულნი იყვნენ ემუშავათ იქ, სადაც მათ გააგზავნიდნენ. ანტონ თვალჭრელიძე ჩრდილო კავკასიის დაბა ბათალფაშინსკაიაში მოხვდა. მოგვიანებით კი სტავროპოლის სახალხო სასწავლებლების ინსპექტორი გახდა. სახელმწიფო მრჩევლის წოდების მიღების შემდეგ ანტონი თანამდებობიდან გადადგა და მთელი დრო სამეურნეო მოღვაწეობასა და მამულების მოვლას დაუთმო. ანტონს ცოლად ჰყავდა პოლკოვნიკ ტიმოთეი ასტახოვის ერთადერთი ქალიშვილი პრასკოვია ასტახოვა. პოლკოვნიკი ასტახოვი რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილის ადიუტანტი იყო. რუსეთ-თურქეთის ომში ჩადენილი გმირობისთვის იმპერატორის ძმამ მას კავკასიის მთებში პატარა სოფელი გროზნო აჩუქა. მოგვიანებით გროზნოში ნავთობი აღმოაჩინეს და ასტახოვები  გამდიდრნენ. პოლკოვნიკი ქალიშვილის ქართველზე ქორწინებას იმ პირობით დათანხმდა, თუ ანტონი თავის მეორე ვაჟს ასტახოვის გვარს მისცემდა. ასეც მოხდა: ანტონისა და პრასკოვიას პირველი ვაჟი ალექსანდრე თვალჭრელიძე იყო, ხოლო მეორე ევგენი ასტახოვი, რომელსაც პოლკოვნიკმა მთელი თავისი ქონება უანდერძა. სამწუხაროდ ევგენი ასტახოვმა თავისი წილი ქონება ბირჟაზე წააგო და გააცამტვერა. უნდა აღინიშნოს, რომ ევგენის შთამომავლებმა მოგვიანებით გვარი თვალჭრელიძე უკან დაიბრუნეს.

     ანტონის ხელში ასტახოვების ქონება აყვავდა.  ანტონმა სოციალურ და ეკონომიკურ კვლევებს მიჰყო ხელი, რის შედეგადაც გამოუშვა 700 გვერდიანი წიგნი "სტავროპოლის გუბერნია – სტატისტიკური, გეოგრაფიული, ისტორიული და სამეურნეო კუთხით", რომელშიც 200-მდე სოფლის, დაბისა და ქალაქის აღწერაა მოცემული. ამ წიგნმა დროს გაუძლო და თითქმის 100 წლის შემდეგ, 1991 წელს, სტავროპოლის კულტურის ფონდმა მისი ფაქსიმილური გამოცემა ითავა.

      სტავროპოლის მხარეში კისლოვოდსკის მახლობლად, დაბა რებროვა ბალკაში ანტონმა საკუთარი სახლიც ააშენა, რომელიც დღესაც თვალჭრელიძეების სახლის სახელით არის ცნობილი და ამ მხარის კულტურულ ღირშესანიშნაობათა სიაშია შესული. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ წლების მანძილზე ამ შენობაში დასასვენებელი სახლი "შახტიორი" ფუნქციონირებდა, ხოლო 21-ე საუკუნის დასაწყისში შენობა რუსმა მილიონერმა ბრინცალოვმა შეიძინა.

     1910 წელს ანტონი საქართველოში დაბრუნდა, ბათუმის მახლობლად დაბა ციხისძირში მიწები იყიდა და 1911 წლისათვის სახლიც ააშენა. მის მეზობლად ცნობილი მეცნიერი კრასნოვი დასახლდა, რომელიც მალევე ბათუმის ბოტანიკური ბაღის შექმნას შეუდგა. ანტონ თვალჭრელიძე ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, როგორც მატერიალურად, ისე თავისი ცოდნით. ანტონმა ციხისძირის სახლის გარშემო ციტრუსების ყველა სახეობა მოიყვანა: ფეიხოა, ფორთოხალი, ლიმონი და ა.შ. მის ბაღში ერთმანეთის გვერდით იზრდებოდა კაუჩუკის ხე, რომელიც ანტონმა მოგვინებით ბოტანიკურ ბაღს აჩუქა, ბანანები, ვარდის უნიკალური ჯიშები, რომელთა გამოყვანისათვის მან პარიზის გამოფენაზე 1913 წელს ოქროს მედალი მიიღო, წყნარი ოკეანის სანაპიროდან ჩამოიტანილი ეგზოტიკური პალმები და პინიები. ამბობენ, ანტონმა, ერთ ბუჩქზე წითელი, თეთრი და ვარდისფერი ვარდი გაახარა. ანტონ თვალჭრელიძემ ჩაის ნერგების ჩამოსატანად ჩინეთში ექსპედიცია დააფინანსა და პირველი მოსავალი ციხისძირის სახლის ბაღში მოკრიფა. ანტონი ჩაის კულტურამ გაიტაცა და მეტად დიდ დროს უთმობდა  ახალი ჯიშების გამოყვანას. შემდგომ მისი გამოცდილება ქართული ჩაის კულტურის განვითარებაში იქნა გამოყენებული.

    1919 წელს, პეტრე მელიქიშვილის მოწვევით, საქართველოში დაბრუნდა ანტონის ვაჟი, ნოვოჩერკაცკის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული მინერალოგიური სკოლის შექმნასა და განვითარებას. თსუ-ის მინერალოგიური მუზეუმი და კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელს ატარებს.  უნივერსიტეტის რექტორის მიწვევით თსუ-ის პრორექტორი სამეურნეო დარგში გახდა ანტონ თვალჭრელიძე  და რამდენიმე წლით საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ანტონმა ფინანსური მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მშენებლობაში. მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა და გაშენდა უნივერსიტეტის ბაღი. პეტრე მელიქიშვილის რექტორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, თანამდებობა ანტონმაც დატოვა და ციხისძირს დაუბრუნდა. ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან მიმოწერა ადასტურებს, რომ ციხისძირის სახლის კარი მუდამ ღია იყო მეგობრებისა და კოლეგებისთვის.

    ანტომ თვალჭრელიძის შთამომავლობას, მის შვილებსა და შვილიშვილებს სერიოზული ღვაწლი მიუძღვის საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში. თვალჭრელიძეების საბუნებისმეტყველო დინასტიის საპატივცემულოდ, მსოფლიო გეოლოგიური საზოგადოების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ახლადაღმოჩენილ მინერალს თვალჭრელიძეიტი ეწოდა.

     ანტონ თვალჭრელიძე გარდაიცვალა 1930 წლის 2 ივლისს და მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ციხისძირში მის მიერ აშენებული სახლის ბაღში.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)

Share: