The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძე (პროტოპრესვიტერი)

ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძე
დაბადების თარიღი:1865
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1938  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძრის გალავანი, სამხრეთ კედელთან
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ანტონ თოთიბაძე დაიბადა 1865 წელს ოზურგეთის მაზრაში მღვდლის ოჯახში. მისი წინაპარი გახლდათ მე-19 საუკუნის I ნახევარში შემოქმედის მონასტერში მოღვაწე ცნობილი მგალობელი და სასულიერო მოღვაწე, მღვდელი გიორგი დუმბაძე, რომელიც მას პაპად, დედის ბიძად ერგებოდა.

   1881წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1887 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

   1887 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში აღმზრდელად დაინიშნა.

   1888 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დანიშნეს.

   1889 წელს საგვერდულით დააჯილდოვეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1890 წელს ქაშვეთის ეკლესიასთან სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა, სადაც საღვთო სჯულის სწავლება მამა ანტონს დაევალა.

   1891 წელს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე დეკანოზმა ანტონმა 1918 წლამდე იმსახურა.

   მამა ანტონი 1892 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1913 წლიდან ამ საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   1892 წელს სკუფია უბოძეს, ხოლო 1895 წელს კამილავკით დაჯილდოვდა.

   1900 წელს, დედაეკლესიაში ნაყოფიერი და ერთგული სამსახურისათვის, დეკანოზი ანტონი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

   1903 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1910 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა.

   1914 წელს ენქერით დაჯილდოვდა.

   1918 წელს დეკანოზი ანტონი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის წინამძღვრად და ქართული ლაშქრის უფროს მღვდლად დაინიშნა.

   1921 წელს კომუნისტების შემოსვლის შემდეგ, სამხედრო ტაძარი დაიხურა და ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს მიეწერა, ხოლო მამა ანტონი მის წინამძღვრად გადაიყვანეს. დეკანოზი ანტონი მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-3 და მე-4 საეკლესიო კრებებზე. 

   საქართველოში საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ გართულდა ურთიერთობა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის. კომუნისტებმა სამღვდელოებას პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს, რასაც მოჰყვა საშინელი ტერორი და რეპრესიები. 1923 წელს დააპატიმრეს თითქმის მთელი საკათოლიკოსო საბჭო, მათ შორის მამა ანტონიც. სასამართლო პროცესი დაიწყო ნაძალადევის მუშათა თეატრში და სამღვდელოებას სხვადასხვა ბრლადებები წაუყენეს: მოწოდების შედგენა გენუის კონფერეციისადმი, რომ ეს მოწოდება შეიცავდა ცრუ ცნობებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. მათ იცოდნენ მენშევიკური მთავრობის გაქცევის დროს გატაცებული საეკლესიო განძეულობის დამალვის შესახებ და არ აუწყეს ეს მთავრობას. აგრეთვე არ დამორჩილება მთავრობის დადგენილებებისა და ის, რომ საკათოლიკოსო საბჭომ არ გაგზავნა თავისი წარმომადგენელი საუწყებათაშორისო კომისიაში საეკლესიო განძეულობის ჩასაბარებლად. 1924 წელს გაზეთი "კომუნისტი" ფართოდ აშუქებდა სასამართლო პროცესს, სადაც მოყვანილი იყო მამა ანტონის ჩვენებაც.

   1924 წელს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და საკათალიკოსი საბჭოს ნაწილი დააპატიმრა. დანარჩენი ბრალდებულები, მათ შორის მამა ანტონი გაათავისუფლეს სისხლის სამართლის კოდექსის 131 მუხლის დაუმტკიცებლობის გამო. საპატიმროდან გამოსული მამა ანტონი კვლავ განაგრძობდა მღდელმსახურებას.

  1929 წელს მიტრით დაჯილდოვდა.

  1933 წელს ხელისუფლებამ ვერის ეკლესია დაანგრია და მის ადგილას ბაღი გააშენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზი ანტონი სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიყვანა.

   1934 წელს მამა ნატონს პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა. წლების მანძილზე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ასწავლიდა საღმრთო სჯულს თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში, ქართული გიმნაზიის დაბალ კლასებსა და ქალთა მეხუთე გიმნაზიაში, სადაც 1918-1921 წლებში ქართულ ენასაც ასწავლიდა. იგი გახლდათ ქალთა საეპარქიო სასწავლებლის ჯერ წევრი, ხოლო შემდეგ თავმჯდომარედ.

  1935 წელს სიონის ტაძრის წინ ყინულზე ფეხი დაუცურდა, წაიქცა და თეძოს ძვალი გაუტყდა. დიდხანს იავადმყოდა, რადგან მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და 1937 წელს სამსახურს თავი დაანება.

   პროტოპრესვიტერი ანტონი 1938 წლის 8 მარტს გარდაიცვალა და დაკრძალულია სიონის ტაძრის გალავანში, სამხრეთ კედელთან.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1911)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1910 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1900 - სამკერდე ოქროს ჯვარი
    დედაეკლესიაში ნაყოფიერი და ერთგული სამსახურისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: