The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სამსონ ბესარიონის ძე თოფურია

სამსონ ბესარიონის ძე თოფურია
Date of birth:12 June, 1854
Date of death:23 June, 1904  (at 50 years)
Burial location:ქუთაისი, მწვანეყვავილას პანთეონი
Category:Medical Doctor, Public Figure

Biography

    სამსონ თოფურია დაიბადა 1854 წლის 12 ივნისს აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. ადრეულ ასაკში დაობლებული ექვს წლამდე იზრდებოდა ახლო ნათესავ მელიტონ ნადარეიშვილთან, ხოლო შემდეგ აღსაზრდელად ქუთაისში წაიყვანეს ნათესავთან, ედუკი პეტრეს–ასულ თოფურია მაჭავარიანთან. მათ დიდი ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინეს ნიჭიერი ბავშვის მიმართ. სამსონი ჯერ სოხუმის დაწყებით სკოლაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ქალაქ ოდესაში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკუტეტზე ჩაირიცხა. ამის შემდეგ სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე გააგრძელა.

    სამსონ თოფურიას პიროვნებით დაინტერესდა ქ. ხერსონის გუბერნიაში მცხოვრები (იმხანად საქართველოდან გადასახლებული) თავადი დადეშქელიანი, რომელმაც ნიჭიერ სტუდენტს სწავლის დამთავრებამდე გადიდებული სტიპენდია დაუნიშნა.

    1885 წელს სამსონ თოფურიამ ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და მიენიჭა ექიმის წოდება. ცოდნის გაღრმავების მიზნით, გერმანიაში ცნობილ პროფესორ ვირხოვთან გაემგზავრა, რომლის კლინიკებშიც წელიწადზე მეტ ხანს დაჰყო. გერმანიიდან სამსონ თოფურია შვეიცარიაში გაემგზავრა, რათა გაცნობოდა კლინიკური მედიცინის უკანასკნელ მიღწევებს, ახალ მეთოდებს, რენტგენთა და ფიზიოთერაპევტული მეთოდებით მკურნალობის დარგში. ჟენევიდან წამოსვლისას, მან თან წამოიღო კლინიკის შენობის გეგმა, იგი ოცნებობდა რომ სამშობლოშიც ააგებდა ასეთ სამკურნალოს.
    1887 წელს სამსონ თოფურია ქუთაისში დაბრუნდა, სადაც მკურნალობის საქმე ორი–სამი კერძო პრაქტიკოსი ექიმისა და ექიმბაშების ხელში იყო.
    მკურნალმა ქუთაისში სტაციონალური სამკურნალოს გახსნა მოითხოვა, რასაც წინ სკეპტიკოსები და ექიმბაშები აღუდგნენ. მისი კატეგორიული მოთხოვნით  ქუთაისის თვითმმართველობამ გადაწყვიტა საავადმყოფოს აგება, მიწის ნაკვეთის შერჩევა კი თავად სამსონს მიანდო. მან გამოძებნა სახსრები, რათა რიონის პირას შეეძინა მიწის ნაკვეთი და თბილისიდან არქიტექტორი და მშენებელი ინჟინერი მოიწვია. 3 წლის შემდეგ 1890 წლის 1 მაისს სამოცდახუთმეტ საწოლიანი საავადმყოფო გაიხსნა, რომელსაც ,"სამსონ თოფურიას სამკურნალო" ეწოდა. ილია ჭავჭავაძემ ეს ფაქტი, "ივერიის" ფურცლებიდან მილოცვით ამცნო ქართველ ხალხს. სამსონ თოფურიამ საავადმყოფო გერმანიიდან და შვეიცარიიდან ჩამოტანილი სამედიცინო ინსტრუმენტებით აღჭურვა, საავადმყოფოს ჰქონდა საკუთარი წყალსადენი ბერკჰგოლის ფილტრით, ადგილობრივი ელექტროგანათება, ხოლო ქვემო სართულში სააბაზანო განყოფილება იყო მოწყობილიაღსანიშნავია, რომ სამსონ თოფურია პირადად აკონტროლებდა ყველაფერს, უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციებში. ყოველივე ამან აამაღლა საავადყოფოს ავტორიტეტი და ავადმყოფები  მოდიოდნენ არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ ოსმალეთიდან და შორეული ირანიდანაც კი.
    სამსონ თოფურიასა და დიმიტრი ნაზარიშვილის თაოსნობით საავადმყოფოს ბაზაზე 1892 წელს შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების საქმეში.
    1898 წელს აკაკი წერეთელი მძიმე ავადმყოფი (ორმხრივი ფილტვების ანთებით) მიუყვანიათ ამ საავადმყოფოში. სამსონ თოფურიას პირადად მზრუნველობისა და კარგი მკურნალობის შედეგად აკაკი გამოჯანმრთელდა და თავისი "გამზრდელიც" აქ დაუსრულებია.
    სამსონ თოფურია ოცნებობდა თავისი სამკურნალო სამეცნიერო–კვლევით კერად გადაექცია. დაუღალავმა მუშაობამ დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას და მძიმე ავადმყოფობის (ტუბერკულოზი, დიაბეტი) შედეგად 1904 წლის 23 ივლისს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ დატოვა ანდერძი, რომ სამკურნალო უსასყიდლოდ გადასულიყო ქალაქ ქუთაისის მფლობელოში. ეს სამკურნალო იმავე შენობაში დღესაც ფუნქციონირებს და ატარებს სამსონ თოფურიას სახელს.
     თავდაპირველად სამსონ თოფურია ქუთაისის ცენტრში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, მისი დანგრევის შემდეგ საფიჩხიის სასაფლაოზე იქნა გადასვენებული, ხოლო 2001 წელს ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით გადასვენებული იქნა "მწვანეყვავილას პანთეონში", სადაც მის საფლავს მოქანდაკის ი. ნიკოლაძის შესრულებული ბიუსტი ამშვენებს.

Member of Organizations

  • დასავლეთ საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება (1892-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი (1912-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: