The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არსენ სოფრომის ძე თოხაძე (დეკანოზი)

არსენ სოფრომის ძე თოხაძე
დაბადების თარიღი:1867
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1932  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   არსენ თოხაძე დაიბადა 1867 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელში დიაკვნის ოჯახში.

   1888 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1889 წელს დროებით ასწავლიდა მოსამზადებელი კლასების საშუალო განყოფილებებში სხვადასხვა საგნებს.

   1890-1892 წლებში არჩეული იყო სასწავლებლის სამმართველო საბჭოს წევრად. 1892-1893 წლებში აღნიშნულ სასწავლებელში მოსამზადებელ კლასების დაბალ განყოფილებაში რუსულ ენასა და საღვთო სჯულ ასწავლიდა.

   1893 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და სასულიერო სასწავლებლის კარის ეკლესიაში განამწესა. 

   1893-1894 წლებში ოზურგეთის სანიმუშო სამრევლო-საეკლესიო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს.

   1893 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1894 წელს ოზურგეთის განყოფილების საეპარქიო სასწავლო საბჭოს წევრად აირჩიეს და ამავე წელს ოზურგეთის ოლქის ეკლესიების მთავარხუცესად დაადგინეს.

   1894 წელს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

   1894-1896 წლებში ოზურგეთის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა.

   1895-1899 წლებში, ქუთაისის გუბერნიის სახალხო დირექტორიის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა. ამავე წლებში, ოზურგეთის შტატის კლასებში ქართულ ენას ასწავლიდა.

   1896 წელს სკუფია უბოძეს. 1896 წელს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით, ნაყოფიერი სამსახურისთვის, ფულადი ჯილდო გადაეცა და შტატის მასწავლებლად დაადგინე.

   1896 წელს, ქალაქ ფოთში საეპარქიო შეკრებაზე, დეპუტატად იმყოფებოდა და ამავე წელს ოზურგეთის განყოფილების საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა.

   1897 წელს იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი მიიღო და ოზურგეთის მაზრისა და ბათუმის ოლქისა კონტროლიორად დაინიშნა.

   1898 წელს შემოქმედის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების კომიტეტის წევრად აირჩიეს და მალევე მონასტერზე გაწეული მზრუნველობისთვის ეპისკოპოს ალექსანდრესგან (ოქროპირიძე) მადლობა გამოეცხადა.

   1899 წელს ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და დატოვა იქამდე დაკავებული ყველა საეკლესიო და პედაგოგიური თანამდებობა.

   1899 წელს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის წევრად დაინიშნა და იმავე წელს ამ ეპარქიის სანთლის ქარხნის მმართველად დაადგინეს.

   1899 წელს ფოთის ტაძრის კანდელაკად აირჩიეს.

   1900 წელს, ქუთაისის გუბერნიის სახალხო დირექტორიის გადაწყვეტილებით, საღვთო სჯულს ფოთის ქალთა წმინდა ოლღას სასწავლებელში ასწავლიდა.

   1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა.

   1900 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1901-1902 წლებში სამეგრელოს ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 

   1902 წლიდან მამა არსენი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1910 წლიდან ამ საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1902 წელს, დროებით, გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ღარიბ სამღვდელოთა სამზრუნველო კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს და მალევე ფოთის ქალთა გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს.   

   1902 წელს ფოთის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გრიგოლ მაჭარაშვილის მოულოდნელად გარდაცვალების გამო, დროებით ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1903 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1903-1904 წლებში, დროებით ფოთის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა.

   1905 წელს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს.

   1906 წელს ფოთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ, საეპარქიო სასწავლო კომიტეტის თავჯდომარედ და ფოთის ტაძრის წინამძღვრის შემსრულებლად დაინიშნა, სადაც იმავე წლის ივლისში დაამტკიცეს კიდეც დეკანოზის წოდების მინიჭებით.

   1907 წელს ნოსირის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება.

   1908 წელს, მთავარხუცესად 12 წლიანი სამსახურისთვის,  წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1908 წელს, სასწავლო დარგში 20 წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

   1916 წელს ბათუმის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს.

   1917, 1921 და 1927 წლებში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ, მესამე და მეოთხე საეკლესიო კრებებზე მონაწილეობდა.

     დეკანოზ არსენს ჰყავდა მეუღლე მარიამ დიმიტრის ასული და შვილები: პელაგია, ანასტასია, თამარი, ეკატერინე, ალექსანდრა, ნიკოლოზი, არჩილი და ნინო.

   დეკანოზი არსენი გარდაიცვალა 1932 წლის 20 ივლისს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1908 - ვერცხლის მედალი
    სასწავლო დარგში 20 წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის
  • 1908 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
    მთავარხუცესად 12 წლიანი მოღვაწეობისთვის
  • 1903 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1897 - ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი

გააზიარე: