The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი

ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1834
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 1910  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ვახტანგ თულაშვილი დაიბადა 1834 წელს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ზირბითში.

    ოჯახის ხელმოკლეობის გამო, კავკასიის სამიჯნო სკოლის დამთავრების შემდეგ, მას სწავლა აღარ გაუგრძელებია. ეს სკოლა ამზადებდა გამმიჯვნელ–მიწისმზომელებსა და ტოპოგრაფებს. აღნიშნული სასწავლებელი თულაშვილმა წარჩინებით დაამთავრა და თავის სპეციალობას საუკეთესოდ დაეუფლა.  ხელმძღვანელობა დაინტერესდა  მისი ცოდნით და 1859 წლიდან მასწავლებლად მიიწვიეს. თავის მოვალეობას იგი სრულიად უსასყიდლოდ ასრულებდა. 

    ვახტანგ თულაშვილი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საზოგადოებრივ–სალიტერატურო ასპარეზზე მოღვაწეობდა...  იყო ჟურნალისტი, პედაგოგი, ქველმოქმედი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე. ილია ჭავჭავაძის "საქართველოს მოამბისა" და გაზეთ "დროების" დიდი მოამაგე, "მელიქიშვილისა და ამხანაგობის" სტამბის ერთ–ერთი დამაარსებელი.  მისი თაოსნობით ქართული სტამბის ახალი საბეჭდი ასო დამუშავდა და სხვებთან ერთად, მანვე ითავა ქართული სტამბის და გაზეთ „დროების“ დაარსება. თულაშვილი მონაწილეობდა "ვეფხისტყაოსნის" 1888 წლის ე.წ. ქართველიშვილისეული გამოცემის მომზადებაში, 1862 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანთან ერთად შეადგინა და ქართულ ენაზე გამოსცა არითმეტიკის სახელმძღვანელო, თვალსაჩინი ფიგურა იყო იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის მოძრაობაში, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენში პატრიოტული მიზანდასახულობის კულტურულ–საგანმანათლებლო პროცესების აღორძინებასა და განვითარებას (ჟურნალისტიკა, თეატრი, სასტამბო–საგამომცებლო საქმე და სხვა).

   1870 წელს, რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად, თითო მანეთობით შეკრებილი ფულით, სოფელ ხოვლეში (გორის მაზრა) დააარსა სკოლა, რომლის ხარჯსაც საამხანაგო სალაროდან ისტუმრებდნენ.

    ვახტანგ თულაშვილი, იმ პერიოდის სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, 1870–იანი წლებიდან ენერგიულად იღწვოდა ისეთი საზოგადოების დაარსება–ჩამოყალიბებისათვის, რომელსაც ქართველ ხალხში სწავლა–განათლება უნდა შეეტანა და სკოლები გაეხსნა. ამ ოცნებას ხორცი შეესხა 1879 წელს, როდესაც ოფიციალურად დაარსდა „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი“ საზოგადოება.  ვახტანგ თულაშვილი ამ საზოგადოების ერთ–ერთი დამფუძნებელი და 1904 წლიდან  ამ საზოგადოების წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის არჩეული იყო საზოგადოების საპატიო  წევრად. აღნიშნულმა საზოგადოებამ უაღრესად დიდი როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. მისი მთავარი მიზანი იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის, განათლების გავრცელება, სკოლების გახსნა, სახელმძღვანელო წიგნებისა და პედაგოგიური და სხვა ხასიათის ლიტერატურის გამოცემა. 

    უდიდეს გამარჯვებას წარმოადგენდა წესდების მე–3 მუხლით მოპოვებული უფლება, რომლის მიხედვითაც „საზოგადოების“ სკოლებში მთელი დაწყებითი განათლება დედაენაზე წარმოებდა და მისი შინაარსი ამართლებდა საზოგადოების შექმნასა და არსებობას. 

   დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ნიკო ცხვედაძე და ვახტანგ თულაშვილი იყვნენ ის პიროვნებები, რომელთაც ყველაზე მეტი ღვაწლი დასდეს ამ საზოგადოებას. 

    „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ მისი დაარსების ისტორიის, საქმიანობისა და გავლენის შესწავლა მრავალმხრივ საინტერესოა. ასევე საინტერესოა თავად ვახტანგ თულაშვილის მოგონებები, სადაც იგი მოკლედ გადმოგვცემს ქშწკგ საზოგადოების დაარსების ისტორიას. 

   ვახტანგ თულაშვილი იყო ქართული კულტურის თავდადებული მუშაკი, რომელიც თავისი სპეციალობის გამო, თუმცა სამიჯნო უწყებაში მუშაობდა (კოლეჟსკი ასსესორი), ყოველთვის საზოგადოებრივ საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას და სახალხო განათლების საქმეს შეძლებისდაგვარად ემსახურებოდა. 

    ვახტანგ თულაშვილის ნაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტსა და იაკობ გოგებაშვილის არქივში. 

   სამწუხაროდ, უფრო ვრცელი ბიოგრაფიული ცნობები თულაშვილის შესახებ არ მოგვეპოვება, არც მისი ღვაწლია სათანადოდ დაფასებული. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა კი მე–19 საუკუნის ბევრ საინტერესო საზოგადოებრივ საკითხს ჰფენს ნათელს. 

    ვახტანგ თულაშვილი გარდაიცვალა 1910 წლის 9 დეკემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1904-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, ოლქის სასამართლო

გააზიარე: