The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანასტასია მიხეილის ასული წერეთელი (კნეინა)

ანასტასია მიხეილის ასული წერეთელი
ოფიციალური სახელი:ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1849
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1932  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ანასტასია თუმანიშვილი–წერეთლისა დაიბადა 1849 წლის 6 სექტემბერს (ძვ. სტ. 25 აგვისტო) თბილისში მიხეილ თუმანიშვილის ოჯახში. 

     1858 წელს პატარა ანასტასია მშობლებმა მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში მიაბარეს. ეს პანსიონი იმდროინდელ თბილისში ერთადერთი იყო, სადაც ქართულ ენას ასწავლიდნენ. პანსიონის დასრულების შემდეგ შემდეგ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ჩაირიცხა, რომლის სრული კურსი 1865 წელს დაასრულა.

    1876 წელს ანასტასია გაემგზავრა შცეიცარიაში. აქ იგი გაეცნო პესტალოცის მეთოდებზე დამყარებულ ბავშვთა აღზრდის საკითხებს, ახალ პედაგოგიურ იდეებს, სკოლების მუშაობას როგორც შვეიცარიაში, ისე საფრანგეთში. აითვისა ის, რაც იმ დროისათვის მოწინავე, ახალი და სასარგებლო იყო. მოინახულა პარიზი, ციურიხი, იქ მყოფი ქართველები და სამშობლოში დაბრუნდა.

    თბილისში დაბრუნებისთანავე ანასტასია მთელი თავისი შესაძლებლობით კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩაება. მისი პირველი თარგმანი, ალფონს დოდეს მოთხრობა "მარშლის გულმტკივნეულება" ჯერ კიდევ 1876 წელს დაიბეჭდა. 1879 წელს ქართველ ქალთა მიერ ქუთაისში გამოცემული იქნა ანასტასიას მიერ ფრანგულიდან თარგმნილი ვალტერ სკოტის "ჰირლანდელი ქვრივი", ხოლო პირველი ორიგინალური მოთხრობა "მამის მსხვერპლი" დაიბეჭდა 1880 წელს.

     ანასტასია თუმანიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ აქტიური წევრი, "მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოებისა" და ქალთა საზოგადოება "განათლების" დამმარსებელი. 

    ანასტასიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა "წერა–კითხვის საზოგადოების" მუშაობაში. ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია თუმანიშვილი ის ქართველი ქალები იყვნენ, რომელნიც დაარსებიდანვე ჩაებნენ ამ საზოგადოების საქმიანობაში. ანასტასია მრავალი წლის განმავლობაში იყო გამგეობის წევრი და ერთ–ერთი აქტიური მუშაკი. მან საკუთარი უნარითა და შრომით მოახერხა გორის მახლობლად თავის მშობლიურ სოფელ ხელთუბანში 1884 წელს დაეარსებინა დაწყებითი სკოლა "წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მფარველობაში. ვინ მოსთვლის რამდენი ბრძოლა დასჭირდა 32 წლის ახალგაზრდა ქალს, რომ ამ სკოლისთვის შესაფერი შენობა აეგო, რათა აქ ღარიბ ბავშვებს სწავლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლაში ანასტასიამ მასწავლებლად მოიწვია თედო რაზიკაშვილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ მოსცილებია ღირსეული ქართველი ქალის ამ ნაამაგარ საქმეს.   

    ანასტასია თუმანიშვილს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1883 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ „მნათობში“, გახლდათ ჟურნალ "კვალის" თანარედაქტორი. 

    1890 წელს ანასტასია თუმანიშვილმა დააარსა საყმაწვილო  ჟურნალი „ჯეჯილი“, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების საქმეში. იმ პერიოდში ახალი პერიოდული ორგნოს დაარსება და ისიც ქართულ ენაზე დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ქართული ინტელიგენციის მოწინავე ნაწილი აღფრთოვანებით შეხვდა ანასტასიას ამ წამოწყებას. ჟურნალის სახელწოდებასთან დაკავშირებით ანასტასიას კონსულტაციები ჰქონია გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იაკობ გოგებაშვილის წინადადებას , რათა მომავალ საყმაწვილო ჟურნალს "ჯეჯილი" დარქმეოდა. ჟურნალის ეპიგრაფად არჩეული იქნა გლეხი პოეტის ი დავითაშვილის სიტყვები: "იზარდე მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო."

    ანასტასია თუმანიშვილის კალამს ეკუთვნის ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული საბავშვო მოთხრობები - კრებული "მოლაღური",  "ხუთი ამბავი",  "კონა",  "ცხოვრების გამჭრიახობა",  "ყვავილი" და სხვა.

    ანასტასიას დიდი ამაგი მიუძღვის საბავშვო ბიბლიოთეკა–სამკითხველოებისადმი, რომელთა გავრცელება დაიწყო 1891 წლიდან თბილისის მუშათა უბნებში. ანასტასიას ენერგიული მოქმედებითა და მისი მეგობარი ქალების დახმარებით 1902 წელს თბილისში, ვერაზე ქალთა ახალი დაწყებითი სკოლა გაიხსნა.

        1908 წელს ანასტასია თუმანიშვილის ინიციატივით დაარსდა ქალთა ახალი საზოგადოება "განათლება", რომელმაც სახალხო განათლების საქმეში საგრძნობი წვლილი შეიტანა.

     ამგვარი საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი საქმიანობის პარალელურად უკვე მხცოვანი ქალბატონი ენერგიულად განაგრძობდა ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემას. 1923 წელს ანასტასია თუმანიშვილმა ითხოვა "ჯეჯილის" რედაქტორობიდან განთავისუფლება, რასაც მოჰყვა როგორც ჟურნალის, ასევე საზოგადოება "განათლების" ლიკვიდაცია. ვალმოხდილმა ქალბატონმა მაინც არ ისურვა დასვენება და უქმად ყოფნა. იგი განათლების სახალხო კომისარიატის მუშაობასა და საბავშვო წიგნების გამომცემლობაში ჩაება. 1925 წელს მისი ხელისშეწყობით ქალთა ალმანახის რამდენიმე ნომერი გამოიცა.

    ანასტასია თუმანიშვილი–წერეთლისა ეკუთვნის ქართველ მოღვაწე ქალთა იმ ჯგუფს, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ქალთა სასარგებლო შრომასა და მონაწილეობას კულტურულ–საგანმანათლებლო–სააღმზრდელო და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

    ანასტასია თუმანიშვილი გარდაიცვალა 1932 წლის 7 თებერვალს და დაკრძალულია მთაწმინდის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის I და II ბიბლიოთეკების გამგე (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ბარიატინსკის ქუჩა, საკუთარი სახლი

გააზიარე: