შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თავადი)![]()
ბიოგრაფიაგიორგი თუმანიშვილი დაიბადა 1854 წელს. იგი გახლდათ როსტომ მეფის მდივანმწიგნობარის ბირთველ თუმანიშვილის შთამომავალი. თუმანიშვილი აღიზარდა დავით ყიფიანის პანსიონში, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის გიმნაზიაში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ოდესაში გაემგზავრა. მისაღები გამოცდები ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და 1875 წელს სამართლის კანდიდატის წოდებით დაამთავრა. გიორგი თუმანიშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ფოთის სასამართლო უწყებაში გამომძიებლად მუშაობდა, ხოლო 1881 წელს თბილისში გადმოვიდა და საქმიანობა მეფისნაცვლის კანცელარიაში გააგრძელა საგლეხო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. გიორგი თუმანიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“ და სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში ქართულ და რუსულ ენებზე, მათ შორის „Тифлисский вестник“ და ჟურნალ „Фаланга“-ში. 1878-1879 წლებში გამოსცა ქართული „ალმანახი“, შექმნა საგამომცემლო ამხანაგობა, რომელმაც პირველად დაბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვა ქართველი პოეტების თხზულებანი. მას სხვადასხვა საკითხებზე მრავალი პუბლიცისტური ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის საცნობარო წიგნი და იმდროინდელ ლიტერატურულ და პოლიტიკურ მოღვაწეებზე „დახასიათებანი და მოგონებანი“. 1891 წელს გიორგი თუმანიშვილმა სამსახურს თავი დაანება და სამწერლო-პუბლიციტურ და საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდგა. თანამშრომლობდა იმდროინდელ პროგრესულ პრესაში და სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებსა და წერილებს. 1891 წელს ნიკო ნიკოლაძისგან პროგრესული გაზეთი „Новое обозрение“ შეიძინა, რომელსაც საკმაოდ მძიმე პირობებიში, 1903 წლამდე თავის ძმებთან - ვასოსთან და კონსტანტინესთან ერთად, თბილისში გამოსცემდა. ხშირად აჯარიმებდნენ და ბოლოს მთავრობამ დახურა კიდეც. იმ დროს კავკასიაში ეს იყო ერთადერთი პროგრესულ-ლიბერალური რუსულენოვანი გაზეთი, რომელშიც ბევრი იმდროინდელი პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება თანამშრომლობდა. თუმანიშვილი მონაწილეობდა საერობო დაწესებულებათა და თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსებაში, იყო კავკასიისმცოდნეობის კურსებისა და საზოგადოებრივი კლუბების ორგანიზატორი. იგი, აგრეთვე, აქტიურად მონაწილეობდა ქართული თეატრის საქმიანობაში და გახლდათ ქართული დრამატული ამხანაგობის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი. 1878 წელს აირჩიეს, სამუდამო თეატრის შესაქმნელად დროებით არჩეული, „დრამატული კომიტეტის“ წევრად. მისი თაოსნობით შეძენილი იქნა სცენისთვის საჭირო ტანსაცმელი. ქართული სცენის თითქმის ყველა საამაყო მსახიობმა თუმანიშვილის სათეატრო მოღვაწეობის დროს და მისი ხელშეწყობით დაიწყო სცენაზე მუშაობა. ქართული დრამატული საზოგადოების დაარსებიდან 9 წლის განმავლობაში იგი მისი უცვლელი თავმჯდომარე იყო. ჰყავდა მეუღლე - მარია მარკის ასული დოლუხანოვა. მაკო საფაროვა-აბაშიძის დახასიათებით „გ. თუმანიშვილის მედგარი და დაუღალავი შრომის წყალობით დაარსდა მუდმივი ქართული დასი“, აქვსენტი ცაგარელის სიტყვით თუმანიშვილი „ჭეშმარიტი მოღვაწე იყო ქართულის სამუდამო სცენის დაარსების საქმეში“. 1879 წლიდან გიორგი თუმანიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1880-1890-იან წლებში გიორგი თუმანიშვილი სათავადაზნაურო საქმეებში მონაწილეობდა. თითქმის 30 წლის მანძილზე იგი არჩეული იყო თბილისის ქალაქის ხმოსნად. 1907 წელს მისი თაოსნობით კავკასიისმცოდნეობის უმაღლესი კურსები მოეწყო, ხოლო 1908 წელს საზოგადოებრივი კლუბი. 1916 წელს მოსკოვში, ა. შანიავსკის სახელობის საქალაქო სახალხო უნივერსიტეტში კავკასიის თემაზე ლექციებს კითხულობდა. გიორგი თუმანიშვილი გარდაიცვალა 1920 წლის 26 იანვარს და დაკრძალულია თბილისში, ხოჯივანქის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |