The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი

იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ (ოსიკო) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1874
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1937  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

      იესე ბარათაშვილი დაიბადა 1874 წლის 4 ნოემბერს (ძვ. სტ.) თბილისის მაზრის სოფელ ბორბალოში, ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშლის ალექსანდრე ბარათაშვილის ოჯახში.

      1895 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის  და იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტებში. პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა 1899 წელს. 1905 წლიდან თბილისში ნაფიც ვექილად მუშაობდა და იცავდა პოლიტიკურ საქმეებზე ბრალდებულებს. გახლდათ ტფილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.

     იესე ბარათაშვილი მონაწილეობდა მელიტონ ბალანჩივაძის ქართული ეთნოგრაფიული გუნდის მუშაობაში და უკრავდა თარზე. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი.

     1902 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

     1906 წელს ტფილისის გუბერნიიდან რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს  საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით. სახელმწიფო სათათბიროში „ტრუდოვიკთა“ ჯგუფში მუშაობდა და საქართველოს ავტონომიის მოთხოვნით გამოდიოდასათათბიროს დათხოვის შემდეგ სოციალისტ დეპუტატებთან ერთად ხელი მოაწერა ვიბორგის მოწოდებას, რის გამოც პასუხისგებაში იყო მიცემული და 1907 წლის დეკემბერში 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე მწვავედ აკრიტიკებდა იმპერიის ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას.

    1906 წელს ტფილისში გენერალ გრიაზნოვის მკვლელს, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მებრძოლი რაზმის წევრს არსენა ჯორჯიაშვილს იცავდა. თავისი საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად ითვლებოდა სისხლის სამართლის სფეროში. გამოირჩეოდა დიდი ორატორული ნიჭით.

  1913 წლიდან იყო საქართველოს სასცენო მოღვაწეთა ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე.  

  1917 წელს იყო კავკასიის ვექილთა საბჭოს წევრი. იმავე წელს არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

იესე ბარათაშვილი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და  „საუნივერსიტეტო საზოგადოების“ წევრი.

   1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო.

    1919 წლის 12 მარტიდან ოსიკო ბარათაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით. იყო სარეგლამენტო კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო, სამანდატო, სარეკომენდაციო, საპენსიო და შრომის კომისიების წევრი.

    1919 წლიდან იყო ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანი.

    1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    1922 წლის 10 თებერვლის ღამეს პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს, საქართველოს ოკუპაციის წლისთავისათვის დაგეგმილი საპროტესტო მანიფესტაციების თავიდან არიდების მიზნით.  იზოლაციის წესით მოთავსებული იყო მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“. 1922 წლის 27 აპრილს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის ("ჩეკა") კოლეგიამ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1922 წლის 8 აგვისტოს.

    1923 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ბოლშევიკური რეჟიმის სპეცსამსახურების ზეწოლით განხორციელებულ საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის თვითლიკვიდაციაში. ოსიკო ბარათაშვილი დამფუძნებელი კრების დეპუტატებთან, სამსონ დადიანთან და კირილე ნინიძესთან ერთად 1924 წლის მარტში იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო პირთა ჯგუფს და კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის, რომელთაც საბჭოთა რეჟიმი ანტისაბჭოთა პროპაგანდასა და საეკლესიო განძეულობის გადამალვაში სდებდა ბრალს. შემდგომ პერიოდში აგრძელებდა საადვოკატო პრაქტიკას და იყო საქართველოს სსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი.

    1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს ოსიკო ბარათაშვილი პროცესზე „პროვოკაციული გამოსვლის“ გამო ადვოკატთა კოლეგიის შემადგენლობიდან გარიცხეს და მალევე, 1937 წლის 17 აგვისტოს, ფედერალისტთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს.

   1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ ოსიკო ბარათაშვილს დახვრეტა მიუსაჯა. 14 სექტემბრის ღამეს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის საბჭო, ხმოსანი (1919-)
  • კავკასიის ვექილთა საბჭო, წევრი (1917-)
  • რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი (1906-)
  • საუნივერსიტეტო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, წევრი
  • საქართველოს სსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხაზინადარი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

გააზიარე: