The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი

ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი
Legal name:ვასილ ზაქარიას ძე ბარნაველი
Date of birth:3 June, 1856
Date of death:4 November, 1934  (at 78 years)
Burial location:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პათეონი
Category:Writer, Educator

Biography

    ვასილ ბარნოვი დაიბადა 1856 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. დედა თავის დროისათვის საკმაოდ განსწავლული ქიზიყელი იაშვილის ქალი ყოფილა, რომლისგანაც ისწავლა პატარა ვასომ ქართული წერა–კითხვა.

    მწერლის წინაპრები მესხეთიდან, სოფელ ბარნავიდან გადმოსახლებულან. მათი ნამდვილი გვარი "ბარნაველი" რუსეთის ცარიზმის დამყარების შემდეგ ბარნოვად გადაკეთებულა: –ამგვარად, ფორმით გარუსებული გვარი მეც ბოლომდე შემრჩაო – იგონებს მწერალი თავის ერთ–ერთ მოგონებაში.

     8 წლის ვასილ ბარნოვი განათლების მისაღებად თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1877 წელს, სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი აკადემიაში უნდა მიევლინებინათ, მაგრამ ქართველობის გამო მისი კანდიდატურა მოხსნილი იქნა. 21 წლისა თბილისის სასულიერო სემინარიის ზედამხედველი იყო და ერთი წლის განმავლობაში იქვე მასწავლებლობდა. 1878 წელს ბარნოვი გაემგზავრა მოსკოვში და სასულიერო აკადემიაში ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1882 წელს დაამთავრა და კვლავ თავის საყვარელ საქმეს, პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. სამი წელი სენაკის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი გადაყავთ თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ. 1885 წელს სემინარიის შავრაზმელი რექტორის მკვლელობასთან დაკავშირებით ვასილ ბარნოვი მასწავლებლად თელავში გადაიყვანეს, სადაც 25 წელი მუშაობდა.

    1885 წელს არჩეულ იქნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში.

    1911 წელს ვასილ ბარნოვი ბრუნდება თბილისში და სასულიერო სემინარიაში ქართული ლიტერატურის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. პარალელურად თანამშრომლობდა დიმიტრი ბაქრაძის "ისტორიულ–არქეოლოგიურ კაბინეტში" და გაზეთ "ივერიაში". 1918-1924 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ "შალვა ნუცუბიძის კურსებზე" ქართულ სიტყვიერებას ასწავლიდა. გარდა ამისა, 1918-1921 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1921-1930 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში.

     ვასილ ბაენოვი 1917 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი იყო (კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი).

      ვასილ ბარნოვი ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. მისთვის ისტორიული მოვლენების ასახვა თვითმიზანი არ არის, მწერლის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ზოგადსაკაცობრიო პრობლემები იყო. ბარნოვის ფილოსოფიური შეხედულებები ეფუძნება, ერთი მხრივ ქართულ მითოლოგიას, მეორე მხრივ იდეალისტურ აღქმას. ბარნოვისთვის ღმერთი – კეთილი და ნათელი აბსოლუტი – არის სამყაროს პირველმიზეზიცა და განვითარების საბოლოო მიზანიც. ამ ქვეყანას ღმერთი სიყვარულისა და მშვენიერების სახით ევლინება. სიყვარული ღვთაებრივია და ამდენად უკვდავი. მის შემოქმედებაში სიყვარულის დათრგუნვის ცდა მარცხით მთავრდება. მშვენიერება მატერიალურია, მაგრამ ისწრაფვის ღვთაებრივისაკენ და საბოლოოდ ღმერთს უერთდება. ბარნოვის მიზანია კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლის წარმოჩენა. მისი აზრით, სამყაროს თუმცა კი ღვთის ნება განაგებს, მაგრამ "განგების რჩეულს", "რაინდს კეთილისა", ე.ი. დიდ ისტორიულ პიროვნებას, ძალუძს წარმართოს ქვეყნის შინაგანი ძალები კეთილის გამარჯვებისათვის. ბარნოვი თითქმის ზუსტად იცავს ისტორიის სინამდვილეს, მაგრამ ფაქტების საკუთარი ინტერპრეტაციის მისაღწევად მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც. მწერლის იდეური ჩანაფიქრი მის რომანებში დიდ ისტორიულ ძვრებს ან შემთხვევით ისტორიულ ცნობებს ემყარება. ზოგჯერ სიუჟეტი მთლიანად გამოგონილია, მხოლოდ ფონია ისტორიული.

     ბარნოვის პირველი კორესპონდენცია "რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან" გამოქვეყნდა 1878 წელს, პირველი ლექსი "ქართველი ქალი" – 1879 წელს, პირველი ორიგინალური მოთხრობა "პატარა ლევანი" – 1893 წელს, ხოლო პირველი რომანი “ისნის ცისკარი” 1901 წელს.

    ბარნოვი ავტორია მრავალი მოთხრობისა, რომლებიც მიძღვნილია ფილოსოფიური, სოციალური, პედაგოგიკური და სხვა პრობლემებისადმი. ბარნოვის პროზის რიტმულობა, რამდენადმე ხელოვნური სინტაქსური წყობა, ძველი ქართული მწელობისა და ხალხური მეტყველების მარაგით გამდიდრებული ლექსიკა განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს მის სამწერლო სტილს. მას დარჩა 96 სახელწოდების ნოველა, ისტორიული რომანები, მონოგრაფიები, ქართული ლიტერატურის გაკვეთილები ორ ნაწილად, საქართველოს შესახებ ევროპელ მოგზაურთა (შარდენი, დიუბუა, გამბა) ნაწერების თარგმანები და სხვა.

     ვასილ ბარნოვმა დიდი ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას. თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ქართული ხალხური სიტყვიერების კურსს კითხულობდა. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. საინტერესოა მისი დაკვირვებანი "ამირანიანზე", "როსტომიანზე", "ტარიელიანზე", "არსენას ლექსზე". მანვე შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე.

     აღსანიშნავია, რომ მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში 1880-იან წლებში, თუმცა არ იყო არც ერთი პარტიის წევრი. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს.

    ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წლის 4 ნოემბერს თბილისში და დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-1915)

Bibliography


Share: