The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე

გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე
Legal name:გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათიძე
Other name:გან-ბარიძე  (Pseudonym)
Date of birth:16 January, 1878
Date of death:24 May, 1951  (at 73 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Founding member, Historian, Educator, Politician

Biography

 

     გრიგოლ (გიგო) ნათაძე დაიბადა 1878 წლის 16 იანვარს  გორის მაზრის სოფელ კასპში, ტფილისის მოქალაქის - „ხალხოსანი“ იასონ ივანეს ძე ნათაძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, საიდანაც 1892 წელს  ვაჟთა მეორე გიმნაზიაში გადავიდა.

    1898 წელს  კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ 1901-1902 წლებში სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან ორჯერ გარიცხეს.

    1902 წელს სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში, თუმცა ერთი კურსის დასრულების შემდეგ, უსახსრობის გამო, სწავლა მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. ატარებდა კერძო გაკვეთილებს, სხვადასხვა ფსევდონიმებით თანამშრომლობდა პრესაში.

    გრიგოლ ნათაძე გახლდათ  რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1905 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს, მაგრამ ამნისტიით ციხიდან მალევე გაათავისუფლეს.

    1907 წელს ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წლიდან თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში პედაგოგად მუშაობდა, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ, როგორც „პოლიტიკურად არასაიმედო“ პირს, თბილისში მასწავლებლობია უფლება არ მისცეს და  ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში გადავიდა. პარალელურად კითხულობდა ლექციებს „სახალხო უნივერსიტეტში“ და გახლდათ ქუთაისის დრამატული წრის გამგეობის წევრი.

    1912 წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც აგრძელებდა ლექციების კითხვას „სახალხო უნივერსიტეტში“ და მუშაობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“.

   1917 წლის ნოემბერში  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს და 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.

   1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროში უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ გამგედ მუშაობდა.

   1919 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის კურსს კითხულობდა. 

   1919 წლის 12 მარტს  საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს  სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით და იყო სარედაქციო კომისიის მდივანი, განათლების, სამანდატო, სარედაქციო და საფინანსო კომისიების წევრი. არჩეული იყო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ  საქართველოში დარჩა და  პოლიტიკურ საქმიანობასაც ჩამოშორდა.

   1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, ხოლო 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს და მსოფლიო ისტორიისა და პედაგოგიურ ფაკულტეტებზე კითხულობდა ლექციებს.

    გრიგოლ ნათაძე,  სხვადასხვა დროს,  მუშაობდა ამიერკავკასიისა  და საქართველოს კომუნისტურ უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ინსტიტუტში, ცენტრალურ არქივში და მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალში. იგი გახლდათ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

   1941 წელს  მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის სტატუსი მიენიჭა.

   1951 წლის 24 მაისს გრიგოლ ნათაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ თბილისში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

Awards and Honors

  • 1941 - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

Share: