The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლეო იასონის ძე ნათაძე

ლეო იასონის ძე ნათაძე
ოფიციალური სახელი:ლევან იასონის ძე ნათაძე
სხვა სახელი:L  (ფსევდონიმი)
ბას  (ფსევდონიმი)
გეორგიელი ლეო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1880
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1922  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    ლევან (ლეო) ნათაძე დაიბადა 1880 წლის 16 ივნისს (ძვ. სტ.)  გორის მაზრის სოფელ კასპში  (სხვა ვერსიით - დუშეთის მაზრის სოფელ ალევში), ტფილისის მოქალაქის - „ხალხოსანი“ იასონ ივანეს ძე ნათაძის ოჯახში. მე-4 კლასამდე  თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლობდა, ხოლო შემდეგ მე-8 კლასამდე თბილისის მესამე გიმნაზიაში.

   ლევან ნათაძემ სწავლა  მოსკოვის უნივერსიტეტში გააგრძელა. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის რამდენჯერმე იყო  დაპატიმრებული  და ამავე მიზეზის გამო  უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს. მოგვიანებით  პეტროგრადის უნივერსიტეტის პედაგოგიური  ფაკულტეტი დაამთავრა.

    1902 წლიდან ლევან ნათაძე პარტიულ მუშაობაში ჩაერთო და გახლდათ  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. ავრცელებდა პროკლამაციებს, ორგანიზებას უწევდა გაფიცვებსა და მანიფესტაციებს, სხვადასხვა ფსევდონიმებით მარქსისტული პრესისათვის (თავდაპირველად ჟურნალ „კვალში“) პუბლიცისტურ, კრიტიკულ და სამეცნიერო-პოპულარულ წერილებს წერდა.

   1902 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ იყო პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებული და ორჯერ - თბილისიდან გასახლებული. პარალელურად მუშაობდა მასწავლებლად. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში.

ლევან ნათაძე 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის დროებითმა მთავრობამ  სამოსწავლო ოლქის კომისრად დანიშნა. ამავე პერიოდიდან  საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური ბეჭდვითი ორგანოების - გაზეთ „Борьба“-ს და „ერთობის“ რედაქტორი იყო.

    1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

    1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. ლევან ნათაძე გახლდათ განათლების კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო, სარეგლამენტო და ხელოვნების კომისიების წევრი.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ  ლეო ანთაძე საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო.

    1922 წლის 3 თებერვალს,  ლეო ნათაძე თბილისში ტიფით გარდაიცვალა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი დასაფლავება  დიდ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად იქცა. 1930-იან წლებში ქალაქის ხელისუფლებამ მის ოჯახს  ნეშტის პანთეონიდან გადასვენება მოსთხოვა . ოჯახმა საფლავის კვალი მოშალა და  ხელისუფლება დაარწმუნა, რომ მოთხოვნა შეასრულა.

ლეო ნათაძის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყდა, შთამომავლებმა მამის საფლავიც ხელახლა აღადგინეს.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1909-)

გააზიარე: