The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ გიორგის ძე ნათაძე (დეკანოზი)

ვასილ გიორგის ძე ნათაძე
ოფიციალური სახელი:ვასილ გიორგის ძე ნათიძე
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1864
გარდაცვ. თარიღი:1956  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     ვასილ ნათიძე დაიბადა 1864 წლის 12 იანვარს სიღნაღის მაზრის სოფელ ნუკრიანში მღვდლის ოჯახში.

     1881 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, რომელიც 1887 წელს დაამთავრა. იმავე წელს სოფელ მელაანში სკოლა გახსნა, სადაც 1888 წლამდე ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.

     1888 წლის 28 აგვისტოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) ვასილ ნათაძე დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ახაშენის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1889 წლიდან ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. ორჯერ იყო არჩეული თელავი-სიღნაღის სასწავლო კომიტეტის დეპუტატად. 1894 წელს საგვერდულით დააჯილდოვეს, ხოლო 1897 წლიდან სიღნაღის სანთლის ქარხნის რევიზორად დაინიშნა.

    1898 წლის 4 ოქტომბერს დიაკვანს სკუფია უბოძეს და იმავე წლის 24 ოქტომებრს რუსეთის იმპერიის სენატმა, მამის დამსახურების გამო, აზნაურობა უბოძა.

    1898 წლის 13 დეკემბერს სიღნაღის ლიანოზოვის დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და ამავე დროს მაზრის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა. 1900 და 1902 წლებში, სამრევლო-საეკლესიო სკოლებში ღირსეული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო, საქართველოს სასწავლო კომიტეტის მიერ ორჯერ გამოეცხადა მწყემსმთავრული მადლობა.

     1902 წლის 6 მაისს დიაკვან ვასილ ნათიძეს კამილავკა ეწყალობა და სიღნაღის წმინდა მარინეს სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1905 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. დაჯილდოებული იყო სამკერდე ოქროს ჯვრითა და წმინდა ანას III ხარისხის ორდენით.

     1916 წელს ვასილ ნათიძეს დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო 1922 წლის ივნისში ისევ ნუკრიანის ეკლესიაში განამწესეს წინამძღვრის თანამდებობაზე.     

     1926 წლის 24 დეკემბერს  ჩატარებულ ბოდბის ეპარქიის კრებამ ერთხმად დაადგინა დეკანოზ ვასილ ნათიძის მიტროპოლიტის ხარისხში აყვანა. 1927 წლის ბოლოს შედგენილ ბოდბის ეპარქიის სამღვდელოების სიაში მამა ვასილი სამი ტაძრის წინამძღვრად არის მოხსენიებული: მელაანის ყოვლადწმინდა სამების ეკლესია, ჩალაუბნის წმინდა გიორგის ეკლესია და ზიარის "უსანეთის" წმინდა გიორგის ეკლესია.

     1928 წელს დეკანოზი ვასილი ენქერით დაჯილდოვდა. 1943 წელს, ტაძრების ხელახალი ამოქმედების დროს,  კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით ნუკრიანსა და ჭოტოხში  საეკლესიო წესების შესრულება დაევალა, ხოლო წირვა-ლოცვის ჩასატარებლად პერიოდულად ჩადიოდა ახალსოფლის (გავაზის) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. ჰყავდა მეუღლე ნინო გრიგოლის ასული და შვილები: გრიგოლი, არჩილი და ირაკლი. 

    დეკანოზი ვასილ ნათიძე გარდაიცვალა 1956 წელს და დაკრძალულია სოფელ ნუკრიანის სასაფლაოზე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1913 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1908 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:სიღნაღი

გააზიარე: