The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე (თავადი)

ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1867
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1937  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო
კატეგორია:აგრონომი

ბიოგრაფია

    ერმილე ნაკაშიძე დაიბადა 1859 წელს სოფელ მაკვანეთში, წარჩინებული თავადის კაცია ნაკაშიძისა და რაჭის ერისთავის, გრიგოლის ქალიშვილის, მაკა ერისთავის ოჯახში. მამა 2 წლის ასაკში გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე. დაწყებითი განათლება ლიხაურის დაწყებით სკოლაში მიიღო და შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში გადავიდა. 1879 წელს ერმილემ  ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში IV კლასში გააგრძელა სწავლა, რომელიც 1883 წელს დაამთავრა, მაგრამ უსახსრობის გამო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. მოგვიანებით, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკმა სტიპენდია გამოუყო იმ პირობით, რომ უმაღლეს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში გააგრძელებდა სწავლას და მართლაც, ერმილემ პოლონეთში, ნოვოალექსანდრიის სასოფლო-სამეურნეო და სატყეო ინსტიტუტში ჩააბარა. იგი ამიერკავკასიიდან ერთადერთი სტუდენტი იყო.

   1886 წელს ერმილემ სწავლა დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და საზოგადოებრივ-სამეურნეო ცხოვრებაში აქტიურად ჩაება. 1887 წელს იგი ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაფუძნებული ქართული სამეურნეო სასწავლებლის მმართველად, ხოლო 1892 წელს „ფილოქსერასთან მებრძოლ კავკასიის კომიტეტში“ აგრონომ-ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. კომიტეტი სახელმწიფოს მიერ იყო დაარსებული და მიზნად ისახავდა მევენახეობის გადარჩენას. ერმილემ საქართველოს მევენახეობის თითქმის ყველა რეგიონი მოიარა, რათა ადგილზე  შეესწავლა დაზიანებული ვენახების მდგომარეობა და  მოსახლეობისთვის დახმარება გაეწია. ნაკაშიძის ძალისხმევამ, გადაერჩინა დაღუპვის პირას მისული კახეთის მევენახეობა, შედეგი გამოიღო და არსებული ვითარება თანდათან გაუმჯობესდა. გარდა მევენახეობისა, ამ წლებში ერმილე ნაკაშიძე გურია-სამეგრელოსა და აფხაზეთში თამბაქოს, ჩაისა და თხილის კულტურების ფართოდ გავრცელებასაც უწყობდა ხელს. 1905-1911 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ოზურგეთის ჩაის საცდელ პლანტაციას. მაკვანეთში, თავის  მამულში, ჩაის პლანტაცია გააშენა, სადაც კუსტარული წესით ამუშავებდა ჩაის ფოთოლს და პროდუქციას უშვებდა. ამ პროდუქციას საკუთარი და მეუღლის სახელების მიხედვით „ერმილიტა“ დაარქვა.

   ერმილე ნაკაშიძის მეუღლე გახლდათ პედაგოგი და პუბლიცისტი ივლიტა (იტა) ასათიანი, რომელმაც მაუღლესთან ერთად საკუთარ მამულში ოთხკლასიანი სკოლა დააარსა, სადაც ცოლ-ქმარი ერთად ასწავლიდნენ. ერმილემ სოფლის სკოლას, საცდელი ნაკვეთების მოსაწყობად, მიწაც აჩუქა, ლიტერატურა გადასცა და პრესაც გამოიწერა. მისი მეუღლის ხელმძღვანელობით სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის სპეციალური კურსები ტარდებოდა. ნაკაშიძეებმა პირველებმა აღძრეს ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის გახსნის საკითხი და ამისთვის პროექტი და სასწავლო პროგრამაც შეიმუშავეს. მათი პროექტის მიხედვით სასწავლებელში მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მებაღეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მესაქონლეობა და მემინდვრეობა უნდა ესწავლებინათ. ნაკაშიძეების  ოჯახი გურიაში განათლების ერთ-ერთი სერიოზული კერა იყო.

   1911 წელს ერმილე ნაკაშიძემ „გურიის მებაღეთა საკრედიტო ამხანაგობა“ დააარსა, რომლის მიზანი სამეურნეო დარგების წახალისება და ტექნოლოგიური განათლების გავრცელება იყო. 1914  წელს სოფელ ზვანში, თამბაქოს საცდელ პლანტაციაში, გურიაში პირველი და სრულყოფილი ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა აშენდა. 1918 წელს ოსმალეთის იმპერიის ჯარების მიერ ბათუმის ოლქისა და ოზურგეთის მაზრის დაკავების შემდეგ ნაკაშიძის სანიმუშო მეურნეობა მძიმედ დაზარალდა. მართალია, ქართულმა ჯარებმა ოსმალეთის ჯარები შეაჩერეს, თუმცა ოსმალებმა ქალაქ ოზურგეთისა და მიმდებარე სოფლების რამდენიმე თვით დაკავება მოახერხეს, რასაც ნაკაშიძის სახლი და მეურნეობა შეეწირა. ერმილემ  მეურნეობის აღდგენა ვეღარ შეძლო და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

    ერმილე ნაკაშიძე, პირველი რესპუბლიკის პერიოდში, მიწათმოქმედების სამინისტროს სპეციალისტად მიიწვიეს. იგი საქართველოში სუბტროპიკულ და სამკურნალო მცენარეთა კულტურების მიმართულებას განაგებდა და ამავე დროს აღნიშნული დარგების სანერგეებსაც ხელმძღვანელობდა.

   1921 წლიდან, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ერმილე მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში მუშაობდა და კვლავ ცდილობდა ჩაისა და ციტრუსების გაშენების კამპანიის გაგრძელებას. მისი ძალისხმევით გაიხსნა რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და ზედამხედველობას უწევდა სახალხო სუბტროპიკულ მეურნეობებს

   1925 წელს ერმილე ნაკაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე ლექტორად მიიწვიეს, მაგრამ ასაკში შესულმა საუნივერსიტეტო საქმიანობა ვეღარ შეძლო. პენსიაში გასვლის შემდეგ იგი აქტიურად აგრძელებდა საგამომცემლო მიმართულებით მუშაობას და  აქვეყნებდა წერილებს სოფლის მეურნეობის აქტუალურ საკითხებზე, გამოცემული აქვს წიგნები და ბროშურები: „პამიდორის შენახვა საზამთროდ“, „ნიადაგი შემოდგომაზე უნდა დაიბაროს”, „ჩაის ბუჩქი, მისი გაშენება და ჩაის დამუშავება“,  „მევენახეობა–მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“, „ზეთისხილის ხე, მისი გაშენება და მოვლა“,  ორტომიანი სახელმძღვანელო – „ტექნიკური კულტურები”, „ნარინჯოვნები“ და სხვა.

   1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს მისი ვაჟი ლევან ნაკაშიძე, რომელსაც ფიზიკოსის განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული.  შვილის ტრაგედია ნაკაშიძემ ვერ გადაიტანა და იმავე წელს გარდაიცვალა.

   ერმილე ნაკაშიძე დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1895)

გააზიარე: