შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ეკატერინე (კატო) ვასილის ასული ბახტაძე![]()
ბიოგრაფიაეკატერინე ვარჟოვა დაიბადა 1876 წელს ქუთაისში, ბანკის თანამშრომლის ვასილ ვარჟოვის ოჯახში. წარმატებით დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია და იმავე წელს, 18 წლის ქალიშვილმა იოსებ ოცხელის მოწვევთ „წერა-კითხვის გამავრცელებელი“ საზოგადოების ქართულ კერძო სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც 1903 წლამე მუშაობდა. ამასთანავე, ეკატერინე 1901-1903 წლებში ქუთაისის საკვირაო სკოლის მასწალებელიც იყო, სადაც სახელოსნოების მუშებს, ნოქრებსა და დიასახლისებს უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1902 წელს ეკატერინე უპატრონო ბავშვთა ნებაყოფლობითი საზოგადოების მოღვაწეობაშიც ჩაერთო და მალე ამ საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს. 1903 წლიდან ეკატერინე საცხოვრებლად ხონში გადმოდის, სადაც დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით ჩაება საზოგადოებრივ-სასარგებლო მუშაობაში. 1903 წელს, ქალთა წრის საერთო კრებაზე ეკატერინე გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგად, 1907 წელს კი წრის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ საპატიო მოვალეობას იგი 1921 წლამდე ასრულებდა და ამ საქმეში მას მხარში ედგნენ ეფრო ჭიჭინაძე (ნიკო ნიკოლაძის და), მაშიკო და ლუცია ქუთათელაძეები, ლუბა სანოძე, ოლია ჩიჩუა, დარიკო წერეთელი, პელო იოსელიანი და სხვები. ქალთა წრის სამუშაო გეგმა შინაარსით და ღონისძიებებით მრავალფეროვანი იყო. იგი მიზნად ისახავდა ქალთა შორის განმათავისუფლებელი იდეების პროპაგანდას. წრე ყოველ შაბათს იკრიბებოდა, სადაც აღზრდის საკითხებზე ლექცია-საუბრებს ატარებდნენ ხონის ინტელიგენციის წარმომადგენლები: ალექსი ჭიჭინაძე, კ. ქაცარავა, პოლიევქტო კიკალიშვილი, პოლიკარპე ჩხიკვიშვილი, მათე ბახტაძე (მეუღლე) და ზოგჯერ ქუთაისიდან მოწვეული პირებიც. ზაფხულობით ქალთა წრის თაოსნობით, ხონის ბაღში ალეგრა-სეირნობა იმართებოდა მრავალგვარი გასართობით. ბილეთები ფასიანი იყო და ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ღარიბ სტუდენტებისა და მოსწავლეების დახმარებას. ეკატერინე ბახტაძის ქალთა წრე ყველა საზოგადოებრივი საქმის მონაწილე იყო. აკაკის იუბილეზე ისინი გვერდში ედგნენ ხონის დრამატულ საზოგადოებას. 1912 წელს ზეიმით აღნიშნეს ლადო მესხიშვილის იუბილე, მათივე ინიციატივით მოხდა ეკატერინე გაბაშვილის ხონში მიწვევა და მასთან შეხვედრა, რომელიც ქართული მწერლობის ჭეშმარიტ ზეიმად გადაიქცა. ამ თაოსნობის წამომწყები ეკატერინე ბახტაძე გახლდათ. 1910 წლიდან ეკატერინე ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო, 1914 წლიდან კი ამ საზოგადოების სექციის თავმჯდომარე და თეატრალური სეზონების ორგანიზატორი. 1914 წლიდან ეკატერინე ქალთა გიმნაზიის დამაასებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა და აქტიურად მუშაობდა ქალთა გიმნაზიის მშობელთა წრეში. ეკატერინე ბახტაძე ქალთა კერძო პროფესიული სკოლის მუდმივი მზრუნველი გახლდათ, 1916 წლიდან 1922 წლამდე კი ამ სკოლის გამგე. ეკატერინე ბახტაძე, მიუხედავად ასეთი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, გახლდათ დიდებული დიასახლისი, უერთგულესი მეუღლე, აღმზრდელი დედა და ოჯახის ბურჯი. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ხონის საზოგადოებაში და ყველასთვის მისაბაძი ქალბატონი ბრძანდებოდა.ეკატერინესა და მის ოჯახს ახლო მეგობრობა ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის დიდ მოღვაწეებთან: აკაკი წერეთელთან, დავით კლდიაშვილთან და ქართული თეატრის საუკეთესო წარმომადგენლებთან, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ხონში ბახტაძეების ოჯახს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი დღიდანვე ეკატერინე მეუღლესთან, ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწესთან მათე ბახტაძესთან ერთად, მთელი არსებით ჩადგა ქართველი ხალხის სამსახურში, როგორც სახალხო მასწავლებელი. 1923-1925 წლებში ეკატერინე სახალხო სახლის მშენებლობის კომიტეტის კულტურული სექციის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1929-1934 წლებში მე-2 საფაბრიკო-საქარხნო სკოლის დამხმარე საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. ეკატერინე ბახტაძე გარდაიცვალა 1946 წელს და დაკრძალულია ხონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მეუღლის გვერდით. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |