The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნინო იოსების ასული ნაკაშიძე

ნინო იოსების ასული ნაკაშიძე
ოფიციალური სახელი:ნინო ანთაძე
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1872
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1963  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     ნინო იოსების ასული ანთაძე დაიბადა სოფელ ბახვში (ოზურგეთის რაიონი). პირველდაწყებითი განათლება ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1892 წელს სწავლა გააგრძელა  თბილისის საბებიო ინსტიტუტში.

    1894 წელს ნინო ცოლად გაჰყვა ილია ნაკაშიძეს, გადავიდა მეუღლის გვარზე და გარკვეული პერიოდის მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა. 

    1902 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა, მისი დებიუტი შედგა ჟურნალ „კვალში“, სადაც დაიბეჭდა ლექსი – „იმედი“.

     ნინო ნაკაშიძე აქტიურად იღწვოდა საზოგადოებრივ სარბიელზე. იგი მონაწილეობდა 1905–1907 წლების რევოლუციაში. 1906 წელს ნინო ზედმეტი აქტიურობისთვის რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ხოლო 1908 წელს ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს.

   1909 წლიდან ნინო ნაკაშიძე იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. სწორედ ქშწკგ საზოგადოებამ  1914 წელს საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბაში დაბეჭდა მისი „ზარაბიბილის ხელმწიფის ქალი“. მან დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო მწერლობისა და ჟურნალისტიკის განვითარებას, დააარსა საბავშვო ჟურნალი „ნაკადული“ და 18 წლის განმავლობაში, 1910–1928 წლებში რედაქტორობდა ამ ჟურნალს.

    ნინო ნაკაშიძე პირადად იცნობდა ლევ ტოლსტოის და იზიარებდა მის პედაგოგიურ შეხედულებებს. ახალგაზრდა თაობის აღზრდის მახინჯ სისტემას თავის შემოქმედებაში ის წინ აღუდგა მოთხრობით „საწყალი ლევანი“.

    ღვაწლმოსილი ქალბატონი აგრეთვე იყო ქართული საბავშვო თეატრის ერთ–ერთი დამაარსებელი, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას და დიდხანს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციას.

    1946 წელს დაიბეჭდა ნინო ნაკაშიძის მოგონებები: „ლევ ტოლსტოის ახლოს“, „ილია ჭავჭავაძის გარშემო“ და „ჟურნალ ნალადულის ირგვლივ“. იგი იყო მრავალი პიესის ავტორი.

    იგი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და სხვადასხა მედლებით.

    ნინო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963 წელს თბილისში და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • "საპატიო ნიშნის" ორდენი

გააზიარე: