The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლადო ბზვანელი

ლადო ბზვანელი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ქრისტეფორეს ძე ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1871
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1953  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ლადო ბზვანელი დაიბადა 1871 წლის 24 აპრილს (ძვ. სტ. 12 აპრილი) ქუთაისის მაზრის სოფელ ბზვანში სახალხო მასწავლებლის, ქრისტეფორე ნაცვლიშვილის ოჯახში.

   პირველდაწყებითი სწავლა–განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო. 1880 წელს შეიყვანეს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის უმცროს მოსამზადებელ კლასში, მაგრამ ოჯახური ხელმოკლეობის გამო გიმნაზიის კურსი ვერ დაასრულა. 1888 წელს მან გამოცდები ჩააბარა ექვსი კლასის დამთავრების მოწმობის მისაღებად და ხელი მიჰყო თვითგანვითარების გზით ცოდნის შეძენას. ორი წლის საგანგებო მეცადინეობის შემდეგ ქუთაისის  კლასიკური გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სპეციალურ კომისიას გამოცდები ჩააბარა და საქალაქო სკოლის მასწავლებლის წოდება მიიღო.

   1890 წლიდან მოყოლებული ლადო ბზვანელი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფ. მერევის, ნიკორწმინდის, ეწერის სასწავლებლებში, ხოლო 1897 წელს დაინიშნა სოფელ ტობანიერის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველად, სადაც ათი წელი იმსახურა.

     ლადო ბზვანელი 1894 წლიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და მოურიდებლად ამხელდა საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერ მხარეებს, განსაკუთრებით ააშკარავებდა მთავრობის ყველა ცდას, რომელიც მიმართული იყო სკოლებიდან ქართული ენის განდევნისაკენ. იგი იმ დროსაც ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას, როდესაც ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლებს ცნობილი რუსიფიკატორი ლევიტსკი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ლადო ბზვანელი არამცთუ ემხრობოდა მის „მუნჯურ მეთოდს“, არამედ რამდენადაც შეეძლო, ებრძოდა კიდეც. ლადო ბზვანელი მოხდენილად იყენებდა კავკასიის სასწავლო ოლქის დებულებებსა და ინსტრუქციებს და თავის საყურადღებო წერილში „მწარე ფიქრები“ ულმობლად ამათრახებდა იმ პედაგოგებს, რომელთაც არავინ აძალებდა „მუნჯური მეთოდით“ მუშაობას, მაგრამ მაინც ნერგავდნენ მას. ასეთი პედაგოგების შესახებ იგი წერდა; „საკვირველია, მასწავლებლები ნეტავ რად იწუხებენ თავს და ძველებურის „მუნუჯური მეთოდით“ კიდევ რად აწვალებენ ბავშვებს?“

   1907 წელს, ოჯახური მდგომარეობის გამო, ლადო ქუთაისში გადავიდა და საქალაქო სასწავლებელში შეუდგა მუშაობას. იგი მკაცრად იცავდა სკოლებში დედა ენაზე სწავლების უფლებას და მოურიდებლად ებრძოდა მეფის მთავრობის მიერ დანიშნულ განათლების მესვეურთ.  იგი წინ აღუდგა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ კრუპსკისა და მისი ინსპექტორის გროზდოვის ცდას, რომელნიც არ იცნობდნენ მეფის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ხელახლა აღდგენილ 1881 წლის სასწავლო გეგმას, რომლითაც რუსული ენის სწავლება მხოლოდ სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან იწყებოდა. 1912 წელს მათ მოთხოვეს ქუთაისის ოთხივე პირველდაწყებითი სკოლის გამგეს ქართული ენის გაკვეთილების შევიწროების ხარჯზე ჩაესვათ რუსულის გაკვეთილები და წარედგინათ მათთვის ცხრილი. 6-7 დეკემბერს გამართული გაერთიანებული კრების მონაწილეებმა (ქალაქის მოურავი, სკოლების გამგე კომისია, სასწავლებელთა გამგეები და მასწავლებლები) გადაწყვიტეს, დასახმარებლად დეპეშით მიემართათ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ რუდოლფისთვის, ხოლო გამგეებს დალოდება ურჩიეს. მიუხედავად ერთსულოვანი შეთანხმებისა სამმა გამგემ სულმოკლეობა გამოიჩინა და ახალი ცხრილები წარუდგინა გროზდოვს. ლადო ბზვანელმა პრესაში საჯაროდ ამხილა როგორც დირექციის მოქმედება, ისე ქუთაისის სახალხო სკოლათა გამგეებიც, რომლებიც მასწავლებელთა დასტურის გარეშე დაეთანხმნენ ამ ანტიპედაგოგიურ განკარგულებას. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის რუდოლფის განკარგულებით ლადო ბზვანელი 1913 წლის 15 თებერვალს დაითხოვეს სამსახურიდან. მასთან ერთად ასევე გაანთავისუფლეს ერთ-ერთი სკოლის გამგე ანტონ ოდიშარიაც, რომელმაც ცხრილი არ წარადგინა.

     ლადო ბზვანელმა ახლა კიდევ უფრო ფართოდ გამოააშკარავა ქართული ენის მოძულე მტრების ფარული ზრახვები თავის სტატიაში „რა დავაშავე?“, რომელიც პირველად გამოქვეყნდა „სახალხო გაზეთში“ და უცვლელად გადმობეჭდა გაზეთმა „თემმა“. სახალხო მასწავლებლის ასე აბუჩად აგდებას მკაცრად გამოეხმაურა ჟურნალი „განათლება“, რომელმაც „შინაური მიმოხილვა“ მთლიანად მიუძღვნა „მასწავლებლების ვლ. ნაცვლიშვილისა და ა. ოდიშარიას თავგადასავალს“. სახალხო მასწავლებლებს რუსეთის პროგრესული პრესაც გამოეხმაურა. პეტერბურგის პედაგოგიურმა ჟურნალმა „Школа и Жизнь“ აღნიშნა ქართველ სახალხო მასწავლებელთა გააფთრებული ბრძოლა თავიანთი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქმეში ჩაერია ქუთაისის ქალაქის გამგეობა, რომელსაც სკოლა ეკუთვნოდა, ქალაქის თავი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და რვა თვის ბრძოლის შემდეგ სახალხო მასწავლებლები ისევ აღდგენილ იქნნენ თავიანთ უფლებებში.

     1914 წლის 1 ივლისის კანონით ქართულ ენას მეტი უფლება მიეცა ჩვენს სკოლებში, მაგრამ ლადო ბზვანელი ამითაც არ კმაყოფილდებოდა. მას სწავლა-განათლების მშობლიურ ენაზე განხორციელება სწადდა. თავის წერილში „ქართული ენის პროგრამა და საყმაწვილო ბიბლიოთეკები“ იგი წერდა, რომ „ქართული ენის სწავლების საქმე ჩვენში ჯერჯერობთ მეტად ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მთავრობისა და უფლებიან კერძო სასწავლებლებში. ამ საგანს დათმობილი აქვს თითოეულ კლასში კვირა ორჯერ მეხუთე და მეექვსე 40-წუთიანი გაკვეთილები, როდესაც მოსწავლეები ფიზიკურად დაქანცულნი არიან და სახლში გაქცევა ეჩქარებათ... სწავლების ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა გონებრივი განვითარების ნორმალურად წარმართვას და საფუძვლიანი ცოდნის მიღებას სხვა საგნებშიაც, რადგან გამოცდილ და მეცნიერ პედაგოგთა აზრით, ბავშვის გონება თავისუფლად მაშინ განვითარდება, როდესაც ის სამშობლო ენას კარგად შეისწავლის, მაშინ დედაენის საშუალებით უცხო საგნებსაც უფრო კარგად ითვისებს“.  სამშობლოს ენის უფლების დასაცავად იგი მხურვალე მონაწილეობას იღებდა „დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა დამხმარე საზოგადოების“ დაარსებაში, რაც განხორციელებულ იქნა 1915 წელს. ამავე მიზნით ჩაუდგა  სათავეში ამ საზოგადოების ორგანოს ჟურნალ „სკოლა და ოჯახს“, რომელიც მისი რედაქტორობით 1916 წელს გამოვიდა (სულ ექვსი ნომერი).

     1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ მოხდა სკოლების ნაციონალიზაცია და ლადო ბზვანელი კი ჯერ პირველი საქალაქო სასწავლებლის ეროვნული საგნების მასწავლებლად, მალე კი გამგედ დანიშნეს. 1921 წლიდან საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ იგი მუშაობდა ქუთაისის მესამე შვიდწლიანი სკოლის გამგედ, საიდანაც მალე გადაიყვანეს მეოთხე სკოლის გამგედ,1925-1936 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საშუალო სკოლების მასწავლებლად, 1936 წლიდან სერგო ორჯონიკიძის სახელობის 25-ე საშუალო სკოლის მასწავლებლად.

   ლადო ბზვანელი არა მარტო პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, არამედ მწერალიც იყო. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პროზაული ესკიზი, ლექსი და სტატიები სახალხო განათლების თემაზე. მანვე "სახალხო გაზეთის" რედაქციის დავალებით აღწერა "აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში", რომელიც შემდეგ ცალკე წიგნადაც დაიბეჭდა. 1894 წლიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებთან.

      სახალხო განათლების დარგში 50 წლის ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით ლადო ბზვანელს  დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭა და დაენიშნა პერსონალური პენსია.

   ლადო ბზვანელი 1940 წლიდან საცხოვრებლად ვაჟიშვილთან,  უკვე ცნობილ მხატვარ-სატირიკოს დონი ნაცვლიშვილთან, თბილისში გადავიდა. მას თბილისში გადასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

    ლადო ბზვანელი გარდაიცვალა 1953 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: