The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ევსევი ბარნაბას ძე ნიკოლაძე

ევსევი ბარნაბას ძე ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 1972  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ევსევი ნიკოლაძე დაიბადა 1885 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ნახშირღელეში.

   1893 წელს ქუთაისში ჩამოიყვანეს და სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ, 1900 წლიდან ქუთაისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა, მაგრამ 1904 წელს, მოსწავლეთა გაფიცვის გამო სემინარია დაიხურა და იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში გადავიდა, რომელიც 1908 წელს დაამთავრა.

   ევსევი უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც მისაღები გამოცდები ჩააბარა სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1912 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც იმერეთის საეპარქიო გაბრიელის სახელობის ქალთა სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   ქუთაისში დაბრუნებულმა ევსევმა პედაგოგი ტრიფონ ჯაფარიძე გაიცნო, რომელიც ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და მუზეუმის პირველი დირექტორი იყო. ტრიფონ ჯაფარიძეს მოეწონა განსწავლული ახალგაზრდა, რომელიც კარგად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ბერძნულსა ლათინურ ენებს. სთხოვა მონაწილეობა მიეღო საზოგადოების მუშაობაში და მისი მთავარი დამხმარე ყოფილიყო. ევსევი თხოვნას დათანხმდა და 1912 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ქუთაისის მუზეუმში მუშაობდა.

   1913-1916 წლებში ევსევი ნიკოლაძემ ტრიფონ ჯაფარიძესთან ერთად მთელი იმერეთი მოიარა. ისინი არქეოლოგიურ ექსპედიციებს აწყობდნენ. აღრიცხეს რამდენიმე ისტორიული ძეგლი და მუზეუმს ბევრი სამუზეუმო ექსპონატი შემატეს.

   1915 წლიდან ევსევი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1918 წელს ევსევი ნიკოლაძემ გამოსცა „საქართველოს ეკლესიის ისტორია“, რომელიც თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

   1919 წელს დაიბეჭდა მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო - „სართველოს ისტორია“, რომელიც გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი და რომელსაც დიდი მოწონებით შეხვდა ქართული ინტელიგენცია, როგორც მოსწავლეტათვის საქართველოს ისტორიის პირველ სახელმძღვანელოს.

   დიდია ევსევი ნიკოლაძის ღვაწლი ქუთაისის მუზეუმში დაცული ხელნაწერების შესწავლისა და აღწერის საქმეში. მან მეცნიერულად შეისწავლა ხელნაწერი წიგნები და 2 ტომად დაბეჭდა. კორნელი კეკელიძე „ხელნაწერთა აღწერილობის“ გაცნობის შემდეგ წერდა: „ეს ნაშრომი მეცნიერული კეთილსინდისიერებითაა შედგენილი და მასში უხვადაა წარმოდგენილი ისეთი ხელნაწერები, რომელნიც შეიცავენ მდიდარ და ხშირად უცნობ მასალას.“

   ევსევი ნიკოლაძის „ხელნაწერთა აღწერილობანში“ აღწერილი წიგნები მიეკუთვნება XI-XIX საუკუნეებს. ისინი ქუთაისის მუზეუმში უმთავრესად, იმერეთ- რაჭა-ლეჩხუმის ეკლესია მონასტრებიდან იყო შემოსული, განსაკუთრებით კი გელათიდან. გარდა ხელნაწერი წიგნებისა, ევსევი ნიკოლაძემ გელათის მონასტრისა და იმერეთის ეპარქიის მონასტრების არქივებსაც ჩაუტარა აღწერილობა.

   1959 წელს ევსევიმ ცალკე წიგნად გამოსცა „ეფრემ მცირე - მხატვრულ ნაწარმოებთა ბერძნულ ენაზე მთარგმნელი“, რომელიც შემდგომ მისი სადისერტაციო ნაშრომი გახდა.

   ევსევი ნიკოლაძის პირად არქივში დაცულია მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე, ზაქარია ჭიჭინაძეზე, მიხეილ ჯავახიშვილზე და სხვებზე, რაც ნათლად მეტყველებს მის შემოქმედებით ურთიერთობაზე ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან.

   ევსევი ნიკოლაძე გარდაიცვალა 1972 წლის 1 აპრილს და დაკრძალულია ქუთაისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქუთისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადობა, წევრი

გააზიარე: