The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეკატერინე (კატო) იაკობის ასული ნიკოლაძე

ეკატერინე (კატო) იაკობის ასული ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1855
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 1931  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ეკატერინე ნიკოლაძე დაიბადა 1855 წლის 24 ნოემბერს  ქუთაისში, იმ დროში ცნობილი მეწარმის იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. იაკობს ქუთაისში არაერთი წარმოება ჰქონდა და ფოთის პორტით ხშირად შემოჰქონდა სხვადასხვა დანადგარები უცხოეთიდან. მე-19 საუკუნემდე საქართველოში ვაჭრობა ფრიად სათაკილო საქმედ ითვლებოდა. ქართველები თაკილობდნენ და ამ საქმით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული. ეკატერინეს ძმა, ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: “მამაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომელსაც ეს საქმიანობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული… ".

   ეკატერინემ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი დაამთავრა. 1873 წელს ძმამ ნიკომ, ეკატერინე, ოლიმპიადა (მესამე და) და ოლღა გურამიშვილი (შემდეგში ნიკო ნიკოლაძის მეუღლე), საზღვარგარეთ, კერძოდ ციურიხში წაიყვანა სასწავლებლად, იქიდან კი ჟენევის უნივერსიტეტში.

   1873-1874 წლებში ეკატერინე ემიგრანტ-რევოლუციონერთა წრეებში ტრიალებდა და სამეცნიერო საგნების გარდა, სოციალისტურ-რევოლუციურ იდეებსაც ეცნობოდა. ეკატერინე სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, შვეიცარიაში აქტიურად იყო ჩართული ქართველი ახალგაზრდობის მიერ დაარსებული საზოგადოება „უღელის“ საქმიანობაში, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ, სერგეი მესხმა და გიორგი წერეთელმა დააარსეს. საზოგადოების მიზანს წარმოადგენდა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანება, ევროპის სოციალისტური მოძრაობის, საზოგადოებრივი აზრისა და ლიტერატურის შესწავლა და პოპულარიზაცია საქართველოში და საერთოდ კავკასიაში. „უღელის“ ყველა წევრის ოცნება იყო სამშობლოს გათავისუფლება, რის გამოც ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას სხვა ქვეყნების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებთან.

   1874 წელს, ეკატერინე ქართველ ემიგრანტთა კოლონიის თაოსნობით  მოწვეულ კავკასიელთა კონგრესს დაესწრო. ევროპიდან, განათლების მიღების შემდეგ, ქუთაისში დაბრუნდა, სადაც პედაგოგიურ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

    1883 წელს ეკატერინემ დასთან, ანასტასიასთან ერთად ქუთაისში დააარსა მხატვრული ჟურნალი „ქართული ბიბლიოთეკა, რომლის რედაქტორი გახლდათ ეკატერინე ჭყონია-ლორთქიფანიძისა, რადგან მთავრობა ნიკოლაძის ქალებს, როგორც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფთ, არ ენდობოდა. ჟურნალში თანამშრომლობდნენ ოლგა და მარიამ ხელთუფლიშვილები, ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძისა (დავით ყიფიანის ქალიშვილი), ანა სიმონის ასული მესხი-პეტრიაშვილისა და სხვა მოწინავე აზროვნების ქალბატონები. ჟურნალის მთავარი ხელმძღვანელნი და რედაქტორ-კორექტორები უმთავრესად ეკატერინე და ანასტასია ნიკოლაძეები იყვნენ. ჟურნალი 1883-1884 წლებში გამოდიოდა, იმავე ხანებში ღარიბ ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ.

   1884-1885 წლებში ეკატერინემ თავის დებთან, ანასტასიასთან და ეფროსინესთან ერთად, რომელიც ალექსი ჭიჭინაძის მეუღლე გახლდათ, ქუთაისში კერძო სკოლა დააარსეს.

   1890 წელს ეკატერინემ და ანასტასიამ ქუთაისში, თავიანთ სახლში კერძო პანსიონი გახსნეს, რომელშიც საუკეთესოდ წარმოებული სწავლება საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა. ვინც თავისი ხარჯით ვერ ახერხებდა, მათ უფასოდაც ასწავლიდნენ. ეს კერძო პანსიონი 1918 წლამდე არსებობდა.

   1890-იან წლებში, ეკატერინესთან ერთად, დანარჩენი დებიც - ოლიმპიადა, ანასტასია და ეფროსინე მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის საზოგადოებრივ-სამწიგნობრო საქმიანობაში. ეკატერინე 1917 წლის რევოლუციამდე ჩაბმული იყო ყოველგვარ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში, როგორც მეთაური და ერთ-ერთი აქტიური მუშაკი: 1877 წლიდან სცენისმოყვართა წრეში, როგორც მთარგმნელი და მსახიობი, ღარიბ მოსწავლეთა შემწე საზოგადოება, სააზნაურო სკოლის კომიტეტი, საკვირაო სკოლა, სახალხო უნივერსიტეტი, საღამოს კურსები, ქუთათურ ქალთა საქმიანობის მესვეური და კრების თავმჯდომარე. მან საფუძველი ჩაუყარა ქუთაისის სახალხო თეატრს და სცენისმოყვარეთა დახმარებით წარმოდგენებს მართავდა ქუთაისში, ჭიათურასა და სხვა ქალაქებში.

   ეკატერინე ნიკოლაძე არცერთ საზოგადო საქმეს არ აკლდებოდა. იგი ყველგან ერთ-ერთი ინიციატორი, სული და გული ყოფილა: ქართული თეატრი, თარგმანები და გამომცემლობა, სახალხო იაფფასიანი წარმოდგენების მოწყობა, სახალხო უნივერსიტეტის დაარსება და სტიპენდიები, საიმედო ახალგაზრდების და დევნილების დახმარება. სად არ შეხვდებოდით მას 40-50 წლის მანძილზე, მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან 1920 წლამდე.

   ეკატერინე თავის დებთან ერთად იმდროინდელი ქუთაისის საზოგადოების ნამდვილი კოლორიტი იყო. ისინი ეწეოდნენ ლიტერატურულ საქმიანობას, ძირითადად, თარგმნიდნენ. ატარებდნენ ლიტერატურულ საღამოებს. როცა აკაკი წერეთელი ქუთაისში ჩადიოდა, თითქმის ყოველთვის სწორედ ნიკოლაძეებში იდებდა ბინას.

   ეკატერინე ნიკოლაძე გარდაიცვალა 1931 წლის 22 მაისს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: