The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იღუმენი ნინო

იღუმენი ნინო
ოფიციალური სახელი:ანა ამილახვარი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1816
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1904  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მცხეთა
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    იღუმენი ნინო (ერში თავადის ასული ანა ამილახვარი) დაიბადა 1816 წელს გორის მაზრის სოფელ საამილახვრო ჭალაში. მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა ითავა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო და ბუნებრივია ძმისწული  მონასტრული წესით აღზარდა. 1839 წელს მამიდა გარდაიცვალა, მაგრამ ახალგაზრდა მორჩილმა მონასტერი არ მიატოვა. იგი მონაზვნებს საკუთარი ხარჯით აცხოვრებდა და წმინდა წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა.

    1855 წელს საქართველოს ეგზარქოსის ისიდორეს ლოცვა–კურთხევით, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ტარასიმ, მცხეთის მონასტერში მორჩილი ანა ამილახვარი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ნინო უწოდა. 1863 წელს მონაზონ ნინოს წმინდა ნინოს მონასტრის გამგებლობა მიანდეს. იმ დროს მონასტერს ძალიან უჭირდა, ეკლესიას შეკეთება სჭირდებოდა. ნინომ მაშინვე ტაძრისა და მონასტრის რესტავრაციაზე დაიწყო ზრუნვა. ეგზარქოსის ნებართვით ნინომ მთელი თბილისი, მოზდოკი, პიატიგორსკი, ახალციხე და აბასთუმანი მოიარა და ქველმოქმედი ქრისტიანებისგან შემწეობა ითხოვა. შეგროვილი შემოწირულებით მან მონასტერი გაამშვენიერა, ტაძრისთვის კი საეკლესიო და სამღვდელმსახურო ნივთები შეიძინა.

    1865 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ მონაზონი ნინო ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა.

    1866 წელს მონასტერში იღუმენიას მეცადინეობით დაარსდა დედათა სასწავლებელი, რომლის მმართველი და "პირველი წევრი რჩევისა" თავად გახლდათ. 1879 წელს განაახლა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, 1883 წელს დედათა მონასტრის ტაძრის გუმბათი განაახლა და ეკლესია გადახურა, ხოლო მოგვიანებით მთავარი ტაძრის კედლებიც შეაკეთა.

    1880 წელს იღუმენია ნინოს მიერ დაარსებული სასწავლებელი "საეპარქიო სასწავლებლის" სახელწოდებით თბილისში გადაიტანეს. ნინომ გადაწყვიტა ხელმეორედ დაეარსებინა მონასტერთან დედათა სკოლა. 1888 წელს მოხუცებულმა იღუმენიამ მეტად შორი მოგზაურობა იტვირთა და რუსეთში გაემგზავრა, რათა იქ შეგროვილი შემოწირულებით ეკლესიაც შეეკეთებინა და განეხორციელებინა თავისი სანუკვარი ჩანაფიქრი – აღედგინა სკოლა მცხეთაში. მართლაც, 1889 წლის 1 ოქტომბერს ეგზარქოსმა პალადიმ მონასტერში ქალთა სასწავლებელი აკურთხა.

    1890 წლის 2 ოქტომბერს ქართველმა საზოგადოებამ იღუმენია ნინოს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც მცხეთის დედათა სავანეში გაიმართა. დღესასწაულს უამრავი ხალხი დაესწრო. წირვა აღასრულა ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა, არქიმანდრიტ კესარიოსისა და მღვდელ–მონაზონ ლეონიდე ოქროპირიძის თანამწირველობით. ცნობილია ამ დღეს მღვდელ–მონაზონ ლეონიდეს მიერ წარმოთქმული ქადაგება, რომელშიც ზუსტად იყო გადმოცემული იღუმენიას ღვაწლი.

    იღუმენია ნინო იყო არა მარტო სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი, არამედ ქართველ ქალთა არაერთი თაობის აღმზრდელი და მათთვის კეთილი მაგალითის მიმცემი.

    იღუმენია ნინო 1904 წლის 30 დეკემბერს 88 წლის ასაკში აღესრულა და დაიკრძალა წმინდა ნინოს მაყვლოვანთან თავისივე აგებულ ეკლესიაში. კომუნისტების დროს ეს ტაძარი დაინგრა და დღეს შემორჩენილია მხოლოდ ტაძრის იატაკი და საძირკველი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1883 - წითელი ჯვრის ორდენი, მეომრების დახმარებისთვის
  • 1880 - ძვირფასი თვლებით გამშვენებული ჯვარი, წმ. ნინოს ეკლესიის განახლება
  • 1865 - ოქროს ჯვარი, მცხეთის დედათა მონასტრის განახლება

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: