The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით ეფრემის ძე ონიაშვილი

დავით ეფრემის ძე ონიაშვილი
სხვა სახელი:დ-ლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1937  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    დავით ონიაშვილი დაიბადა 1883 წლის 22 დეკემბერს (ძვ. სტ.)  გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში გლეხის ოჯახში. საშუალო განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

   1904 წელს ტფილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით  დაამთავრა და სწავლა განაგრძო იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ბოლო ორი კურსის განმავლობაში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში.

   1904 წლიდან ონიაშვილი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში მუშაობდა. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში და მეფის რეჟიმის დროს პოლიტიკური საბაბით რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული.

   დავით ონიაშვილი მომდევნო წლებში  ადვოკატად მუშაობდა და პარალელურად თარგმნიდა დასავლეთევროპულ ლიტერატურას. 1913 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ბაირონიზმი და მსოფლიო მწუხარება“.

   1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

    1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ამავე წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

   1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს და  იყო იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, საბიუჯეტო-საფინანსო და თვითმმართველობის კომისიების წევრი.

   1919 წელს თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად აირჩიეს, გახლდათ სამაზრო ერობის თავმჯდომარე.

   1920 წელს დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო ჩართული. ცხოვრობდა არალეგალურად.

    1924 წლისათვის, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარე, მონაწილეობას იღებდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მუშაობაში, ჩართული იყო ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში, რომლის დროსაც საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა.  16 სექტემბერს  პრესაში დაიბეჭდა მისი განცხადება, სადაც გმობდა აჯანყებას და მას შეცდომად მიიჩნევდა. მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ხელწერილით მისცეს თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსების უფლება დაცვის თანხლებით, საიდანაც გაქცევა მოახერხა. ცოტა ხნის შემდეგ ხელმეორედ დააპატიმრეს ბათუმში საზღვრის არალეგალურად - ყალბი პასპორტით გადაკვეთის მცდელობისას.

   1925 წელს დავით ონიაშვილი სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ ე.წ. „პარიტეტული კომიტეტის პროცესზე“ - 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით გაასამართლა და  დამნაშავედ მიიჩნია, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

   დავით ონიაშვილი მომდევნო წლებში დაკავებული იყო ლიტერატურულ საქმიანობით, გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, იყო  ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში იურისკონსულტად.

   1920-იანი წლების ბოლოდან დავით ონიაშვილი მალაქია ტოროშელიძესთან ერთად  მარქსის „კაპიტალის“ პირველი ტომის ქართულ თარგმანზე  მუშაობდა. მან  გერმანულიდან პირველმა თარგმნა გოეთეს ფაუსტი. კითხულობდა ევროპული ენების კურსს თბილისის თეატრალური კურსების სტუდენტებისათვის.

   1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს, საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით ზეწოლის გზით მოახერხა მიეღო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის და სხვა მოწინააღმდეგე პარტიების ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან აღიარებითი ჩვენებები, რომელთა თანახმადაც საქართველოში ნამდვილად არსებობდა კონტრრევოლუციური პარტიული „ცენტრები“, რომლებიც კვლავ გაერთიანდნენ „პარიტეტულ კომიტეტში“ და მიზნად დაისახეს შეიარაღებული გადატრიალების და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა.

   1937 წლის 14 აპრილს დავით ონიაშვილი „მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და  ძიებამ მისგან სასურველი ჩვენების გამოძალვა მოახერხა.  13 ივლისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა და  14 ივლისის ღამეს სასჯელი სისრულეში იქნა მოყვანილი.

   1959 წლის 3 მარტს  სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ იქნა რეაბილიტირებული.

   1962 წელს დავით ონიაშვილის  მიერ ქართულად თარგმნილი „ფაუსტი“ დაიბეჭდა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარე (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1913-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)

გააზიარე: