The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი (თავადი)

ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი
Legal name:ალექსანდრე ივანეს ძე ორბელიანი
Other name:საშიკო  (Changed name)
Date of birth:7 July, 1847
Date of death:2 April, 1919  (at 71 years)
Burial location:თბილისი, სიონის ტაძარი
Category:Public Figure, Military Person, Philanthropist

Biography

    ალექსანდრე ორბელიანი დაიბადა 1847 წელს ლამისყანაში, ივანე ჯამბაკურ-ორბელიანისა და ნინო ერისთავის ოჯახში. მაღალი არისტოკრატიული წრის შესაფერი აღზრდა-განათლება ალექსანდრემ  ოჯახშივე მიიღო. მშობლებთან ერთად, ბავშვზე დიდ გავლენას ახდენდა პაპა თორნიკე ერისთავი, რომელიც შვილიშვილს სამშობლოს თავისუფლებისა და ქრისტიანული სარწმუნეობისათვის თავდადებული გმირი წინაპრების მაგალითებზე ზრდიდა.

    ალექსანდრეს სამხედრო მოსამსახურედ ამზადებდნენ და  იგი სასწავლებლად პეტერბურგის პაჟთა კორპუსში შეიყვანეს, რომელიც 1867 წელს კორნეტის ჩინით დაამთავრა. საბოლოოდ იგი გახლდათ შტაბს-კაპიტანი და მიღებული ჰქონდა გენერალ-მაიორის ჩინი.

   1872 წელს ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანმა ცოლად შეირთო მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი. მარიამი ერეკლე მეფის გამორჩეულად საყვარელი შვილის - თეკლა ბატონიშვილის შვილიშვილი იყო.

     1876-1877 წლებში ალექსანდრემ დროებით მიატოვა სამხედრო სამსახური და მიუხედავად იმისა, რომ მას სამეურნეო ცოდნა არ ჰქონდა, შეძლო სოფლის მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლა. ლამისყანელებს ციება მუსრს ავლებდა. მდინარე ქსნიდან გამოყვანილი წყალი სასმელად უვარგისი იყო. მან  საკუთარი ხარჯით წყალი გამოიყვანა ტოღანაურის წყაროდან. სოფელში ავადმყოფობამ იკლო. მარიამმა სოფლის ბავშვებისათვის მოაწყო დაწყებითი სკოლა, რომლის ერთადერთი მასწავლებელი თვითონ იყო. ჯამბაკურ-ორბელიანებმა საფუძველი ჩაუყარეს სამედიცინო მომსახურებას. ავადმყოფი ლამისყანელებისთვის მათ თვითონ მიჰყავდათ ექიმი გორიდან ან თბილისიდან და თავადაც მკურნალობდნენ ექიმ გეგე მაღალაშვილის ხელმძღვანელობით. გაჭირვებულებს ყოველთვის ეხმარებოდნენ. სოფელი დიდად ემადლიერებოდა ჯამბაკურ-ორბელიანთა ოჯახს. „ის სულგანათლებული ორბელიანები ბატონები კი არა, სოფლის პატრონები იყვნენო“ - ასე ახასიათებდნენ მხცოვანი ლამისყანელები.

    ალექსანდრე ორბელიანი ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი, მისი მიმდევარი და აქტიური მხარდამჭერი იყო. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებისთანავე, ალექსანდრე საზოგადოების დამფუძნებელი, ხოლო მარიამი ნამდვილი წევრი გახდა. მათი უშუალო მხარდაჭერითა და დახმარებით საზოგადოებამ სკოლები გახსნა ატენსა და ლამისყანაში.

   1906 წელს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის დაუღალავი მცდელობით, მის მიერვე შეკრებილი ფულით გაიხსნა პირველი ქართული ქალთა სკოლა. 1917 წლამდე ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანებს არაერთი სტიპენდიანტი ყავდათ ქართულ ვაჟთა სკოლაში, რუსეთის და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და მათი ქველმოქმედება სრულიად საქართველოს მოიცავდა. 1908 წლის 3 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილს "საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისთვის" 13 ნივთი გადასცეს, ხოლო 1913 წელს ვახტანგ ჯამბაკურ-ორბელიანის სურათი და თეკლა ბატონიშვილის სურათი და ქირმანის შალის სარტყელი. ამავე საზოგადოებას გადასცეს ატენის ტაძარი.

    1913 წელს ორბელიანებმა დახურვის საშიშროებისაგან იხსნეს ატენის სკოლა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ალექსანდრე და მარიამ ორბელიანის ფონდში 40 ერთეული მასალა დევს ქსნის ხეობასა და სხვადასხვა ადგილებში ლითოგრაფიული ქვის (ცემენტის), ნავთის საბადოების, რკინიგზის და სხვათა შესახებ.

   1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა თავისი ცხენების დიდი ნაწილი ფრონტზე გააგზავნა.

   1917-1918 წლებში ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანები მონაწილეობას იღებდნენ და ივანე ჯავახიშვილს მხარში ედგნენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. ალექსანდრეს და მარიამს შვილები არ ჰყავდათ და თავად უშვილოებმა მშობლიური ამაგი დასდეს მარიამის ძმიშვილებს. ივანე ჯავახიშვილი და კიტა აბაშიძე მისი სიძეები იყვნენ.

   ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალულია მამა-პაპის გვერდით თბილისში,  სიონის ტაძრში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1919)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ნიკოლოზის ქუჩა, საკუთარი სახლი

Share: