The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ელისაბედ ირაკლის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი

ელისაბედ ირაკლის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი
ოფიციალური სახელი:ელისაბედ ირაკლის ასული ბაგრატიონ-გრუზინსკი
სხვა სახელი:საზანდარი (Sazan d’Ary)  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1870
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1942  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მცხეთა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

   ელისაბედ ორბელიანი დაიბადა 1870 წელს თბილისში, ირაკლი ბაგრატიონისა და თამარ ჭავჭავაძის ოჯახში. მამის ხაზით იგი კახეთის ბაგრატიონთა შტოს მიეკუთვნებოდა და გახლდათ ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ხოლო დედა ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი და დავით ჭავჭავაძის ქალიშვილი იყო. 

   ელისაბედმა ბავშვობა (12 წლის ასაკიდან) პარიზში გაატარა და განათლებაც პარიზის კათოლიკურ მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში მიიღო. სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ელისაბედმა სორბონის უნივერსიტეტის ფრანგული ენის ფაკულტეტზე ჩააბარა.

   1895 წელს ელისაბედი დედასთან და დასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 1898 წელს ელისაბედი დახვეწილ არისტოკრატსა და სტუმართმოყვარეობით განთქმულ მამუკა ორბელიანზე დაქორწინდა და გათხოვების შემდეგ მეუღლის გვარს ატარებდა. მათ შეეძინათ ორი ვაჟი - ერეკლე და თამაზ ორბელიანები.

   ცნობილია, რომ ელისაბედ ორბელიანის ლიტერატურულ სალონს სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე და მოგვიანებით შალვა დადიანი, კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, ნუცა ჩხეიძე.

   ელისაბედს დიდი დამსახურება მიუძღვის ფრანგულად ქართული პოეზიის ანთოლოგიის შედგენაში. მასში შევიდა ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭვაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველი პოეტების ლექსების თარგმანები. მან ფრანგულად თარგმნა ლერმონტოვის „დემონი" და ოპერა "აბესალო და ეთერი".

   1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, ელისაბედ ორბელიანი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ უნივერსიტეტში ფრანგული ენის მასწავლებლად მიიწვია და იგი გახლდათ ქართული უნივერსიტეტის პირველი ქალი პროფესორი. ცნობილია მის მიერ წარმოთქმული ამაღელვებელი სიტყვა უნივერსიტეტის გახსნაზე.

    1919-1920 წლებში ელისაბედ ორბელიანი რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს: „თავისუფალ საქართველოს“, „საქართველოს რესპუბლიკას“ (ორივე ფრანგულ ენაზე) და „საქართველოს მოამბეს“ (ინგლისურ ენაზე). იგი თავადაც წერდა ლექსებს „საზანდარის“ ფსევდონიმით.

   ლიტერატურის მუზეუმში დაცულია ელისაბედ ორბელიანის ალბომი, სადაც არის მარსელ პრევოს, სერგეი რახმანინოვის, ფიოდორ შალიაპინის, ასევე ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვათა ჩანაწერები.

   ელისაბედ ორბელიანის უდიდესი დამსახურებაა "ვეფხისტყაოსნის" თარგმნა ფრანგულად თეთრი ლექსით. მანამდე ფრანგულად არსებობდა მხოლოდ პროზაული თარგმანი.

   1938 წელს კი გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური თარგმანი, რომლის ავტორი გახლდათ მარჯორი უორდროპი, ხოლო  წინასიტყვაობის ავტორი ელისაბედ ორბელიანი, რომელმაც თარგმნა მარჯორის მიერ გამოტოვებული სტროფებიც.

   ელისაბედ ორბელიანი გარდაიცვალა 1942 წელს 72 წლის ასაკში და დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1910-1911)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: