The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვახტანგ ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი (თავადი)

ვახტანგ ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1812
გარდაცვ. თარიღი:29 სექტემბერი, 1890  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

    ქართველი რომანტიკოსი პოეტი ვახტანგ ორბელიანი დაიბადა 1812 წელს პოლკოვნიკ ვახტანგ ორბელიანისა და ერეკლე II ასულის თეკლე ბატონიშვილის ოჯახში. მამის გარდაცვალებიდან ერთ თვეში  ახალშობილ ვაჟს თეკლემ მამის სახელი დაარქვა. თეკლე ბატონიშვილის ქმარი, ვახტანგი სოფელ ჩუმლაყთან დაიღუპა, რუსებისა და აჯანყებული ქართველების შეტაკებისას. ობლად დარჩენილი ვახტანგი თავისი სახელოვანი დედის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა.

     ვახტანგ ორბელიანი სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, ხოლო 1825 წელს დედამ პეტერბურგის პაჟთა კორპუსში მიაბარა, რომელიც არ დაუმთავრებია და 1830 წელს სამოქალაქო ჩინით საქართველოში დაბრუნდა.

    ვახტანგ ორბელიანის დიდი ოჯახი თავის დროზე თბილისში განთქმული იყო თავისი კულტურით, 40–იან წლებში ეს ოჯახი წარმოადგენდა შესანიშნავ სალონს, სადაც თავს იყრიდა იმ პერიოდის მოწინავე ქართველი ახალგაზრდობა ქვეყნისთვის  საჭირო და აქტუალური საკითხების გადასაჭრელად. მათი შეყრისა და მსჯელობის უმთავრესი საგანი, ცხადია, სამშობლო და ქართული ლიტერატურა იყო.

    1832 წელს თეკლე ბატონიშვილი და მისი ვაჟები, ალექსანდრე, დიმიტრი და ვახტანგი, შეთქმულების მონაწილენი გახდნენ, რისთვისაც რუსულმა იმპერიალისტურმა რეჟიმმა ისინი საქართველოდან კალუგაში გადაასახლა.

   მოგვიანებით ვახტანგ ორბელიანი სამხედრო სამსახურში შევიდა. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში. 1855 წლიდან მეთაურობდა ქართველ გრენადერთა პოლკს, ხოლო 1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

    ვახტანგ ორბელიანი ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის პოეტურ შემოქმედებას სათავე დაუდო სამშობლოდან გადასახლებით გამოწვეულმა ღრმა განცდებმა. იგი ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა და მისი პოეზიის ძირითადი თემა იყო საქართველოს წარსული. დიდ ყურადღებას ამახვილებდა ქრისტიანობაზე, რამაც, მისი აზრით, საქართველო გადაარჩინა. საქართველოს აღდგენისა და გაძლიერების პერსპექტივას იგი ქრისტიანულ მოთმინებაში ეძიებდა, იმედი ჰქონდა წარსულის აღორძინებისა.

     უკვდავი სული, რაც ქვეყნისა და ხალხის გადარჩენის საწინდარია, სამშობლოს წარსული სიდიადე, მისი ულამაზესი ბუნება, ქართველი ხალხის შემოქმედების მაღალი ნიჭი გამოვლინდა ვახტანგ ორბელიანის ლექსებში "კახეთს", "სამშობლო ქვეყნის პასუხი", და სხვ.  მისი პოეტური მრწამსის გასათვალისწინებლად გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება პოეტის დაუმთავრებელ ლექსს "პოეტი", აშუღურ-ყარაჩოხულ პოეზიას - "მუხამბაზის კილო".

    ვახტანგ ორბელიანის ლექსთა ნაწილი გამოიცა 1879 და 1881 წლებში. პირველი მნიშვნელოვანი კრებული კი 1894 წელს.

     ვახტანგ ჯამბაკურ–ორბელიანი გარდაიცვალა 1890 წელს და დაკრძალულია სიონის ტაძარში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1891)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, სოლოლაკი

გააზიარე: