The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნინო სიმონის ასული ორბელიანი (კნეინა)

ნინო სიმონის ასული ორბელიანი
ოფიციალური სახელი:ნინო სიმონის ასული აბაშიძე
დაბადების თარიღი:1838
გარდაცვ. თარიღი:1919  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მსახიობი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

   ნინო აბაშიძე დაიბადა 1838 წელს სვიმონ აბაშიძისა და  მაკრინე თარხნიშვილის ოჯახში. ხუთი წლის გოგონა დედის ძმამ, იასონმა, სოფელ დილიკაურში წაიყვანა, სადაც ბიცოლა, მაიკო ამირეჯიბი  წერა-კითხვასა და ხელსაქმეს ასწავლიდა. ორ წელიწადში კი გარიყულაში, იმ დროისათვის სახელგანთქმულ მწიგნობარს, თამარ თარხნიშვილს მიაბარეს. ყოველ დილით ყმა, პეტრუა კაპრაშიძე, ზურგზე შეისვამდა და სასწავლებელში მიაქანებდა. „ვეფხისტყაოსანი“, „დავითნი“, სახარება, „ჟამნობა“ და „დაუჯდომელი“ -  ეს ყველაფერი 2 წელიწადში შისწავლა და თვალი და გონება სულ წიგნისკენ  გაურბოდა.

   12 წლის ნინო ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს გამომძიებელს, ევგენი მაისურაძეს ცოლად შერთეს და სამ წელიწადში ვაჟიშვილიც გაუჩნდა. ქმარს ავი სენი მოერია და 1856 წელს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი მამისეულ სახლში დაბრუნდა, იქ კი პატარა ძმა, ვლადიმერი დააახვედრეს და ორივე პატარაზე ზრუნვა დაევალა.

   ერთ წელიწადში დაუდეგარი ბუნების ნინო ქუთაისის სალონურ საზოგადოებას დაუკავშირდა, სადაც იგი დიდი სიყვარულით და აღტაცებით მიიღეს. გიორგი აგიაშვილი, აკაკი წერეთელი, გიორგი თუმანიშვილი, კესარია იურკევიჩი,  მამია გურიელი და სხვები მალე მისი განუყრელი მეგობრები გახდნენ.

   1860-იანი წლებიდან ნინოს ლექსები ბევრგან გამოჩნდა. იგი იბეჭდებოდა „ცისკარში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“, „თეატრი და ცხოვრებაში“,  „სახალხო გაზეთში“, „ცნობის ფურცელში“, „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“.  გაზეთ „ჩანგში“ ცალკე გვერდს „ჭორის ბოღჩას“ ამზადებდა. 1861 წელს გიორგი ერისთავის „გაყრაში“ მაკრინეს როლი ითამაშა, ხოლო მერე - „მზის დაბნელებაში“. ახალგაზრდა ქვრივს მთხოვნელები არ ელეოდა და საბოლოოდ კი შტაბს-კაპიტანმა, გიგო კონსტანტინეს ძე ორბელიანმა 25 წლის ქალი, შვილთან ერთად, დაღესტანში გაიტაცა. ცოტა ხანში სამხედრო სამსახურს თავი გაანება და წყვილი სოფელ ტანძიაში დასახლდა. იქაურ ქალებს ისე დაუახლოვდა, რომ მათი მკერავი, საქმეთა მომრიგე და ექიმი სულ ნინო იყო. რამდენიმე წელიწადში ქალაქური აურზაური მოენატრათ და წყვილი თბილისში ჩამოვიდა.

   1879 წლიდან ნინო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და დამზოგავ-გამსესხებელ ამხანაგობის ხელმძღვანელი იყო. ნინოს თაოსნობით გაიხსნა ქოხ-სამკითხველოები და სულ მალე თბილისში, დაბებსა და სოფლებში წიგნისა და განათლების პატარ-პატარა კერები გამართეს.

   1880 წელს ნინო აბაშიძე ისევ თეატრში მიიწვიეს. ითამაშა სპექტაკლებში “დარია”, “ვეფხისტყაოსნის სურათები”, “მეფე ლირი”. გაზეთმა “KABKAЗ”-მა ხოტბა შეასხა. კოსტიუმების შეკერვასა და ხალხის მოპატიჟებას ძლივს აუდიოდა. ცნობილი მსახიობი ნატო გაბუნია მასთან ერთად ცხოვრობდა და გადიოდა რეპეტიციებს.

   1887 წელს გიგო ორბელიანი გარდაიცვალა, ნათესავებმა დარჩენილი მამულები მიისაკუთრეს და არსებობისთვის ყოველი სახსარი მოუსპეს. დაიწყო კარდაკარ სიარულის ეპოქა. ჯერ ნაბერეჟნის ქუჩაზე, როტინოვის სახლში ცხოვრობდა, შემდეგ სოფრომ სხირტლაძის სასტუმროში, ბოლოს კი პუშკინის ქუჩაზე გიორგი კილიტაძესთან დასახლდა. როცა აქედანაც გაასახლეს, თავის გაზრდილ ბიჭს, გიორგი თურქაძეს მიეკედლა. ერთ წელიწადში ნათესავმა მთაწმინდაზე ოთახი უქირავა და იქ გადავიდა. არტემ ახნაზაროვის გამოგზავნილი გაზეთი “ივერია” გახდა ნინოს ქვეყნიერებასთან დაკავშირების ერთადერთი საშუალება.

   75 წლის ნინო ყველასგან მიტოვებული ქუჩაში აღმოჩნდა. 1913 წელს „Тифлисский журнал“-ის კორესპონდენტი წერდა: მოხუცი მწერალი ქალი კნ. . ორბელიანისა ცხოვრობს განმარტოებით, მივიწყებული ყველასაგან. იგი ცხოვრობს იმ პირობებში და გარემოცვაში, რომელიც სრულიად არ შეეფერება არც მის დამსახურებას ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის წინაშე, არც მის წლოვანებას და არც მის სუსტ ჯანმრთელობას. მიუხედავად ცხოვრების მძიმე პრობებისა, მატერიალური გაჭირვებისა, რამდენია ამ ადამიანში სიმხნევე, რწმენა და ჰიუმორი. “  

   1917  წელს ნინოს სიბერის ნუგეშისმცემელი ვაჟი რუსეთში გარდაეცვალა. ვეღარც დაიტირა და ვეღარც დაასაფლავა, იგი მეგობრებმა მიაბარეს მიწას.
   ნინო აბაშიძე-ორბელიანისა გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. დარია ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოსთქვა: "საკვირველად არის მაინც მოწყობილი ჩვენი ცხოვრება: ცხოვრობდე კაცი ისეთ დროს, როცა შენთან ერთად ცხოვრობენ დიდ დროთა შემსწრე და დიდ ადამიანთა თანამედროვე მოღვაწე ადამიანები და შენ კი არ იცნობდე მათ, არ გქონდეს მათთან ურთიერთობა. ნინო ორბელიანი გარდაიცვალა გამოუთქმელ გაჭირვებაში. სად ვიყავით, გვეძინა? და მით უმეტეს, მწერალ ქალებს. დიახ, რომ გვეძინა ჩვენებურის გულგრილობით და დაუდევრობით... "

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ელისაბედი ქუჩა N 85

გააზიარე: