The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ გიორგის ძე ოქრომჭედლიშვილი (დეკანოზი)

ნიკოლოზ გიორგის ძე ოქრომჭედლიშვილი
სხვა სახელი:ჯადოღვდელი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:1937  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეპრესირებული, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი დაიბადა 1861 წელს თბილისის გუბერნიის სოფელ გიორგიწმინდაში გლეხის ოჯახში. მისი წინაპრები ოდითგან სამეფო ყმები იყვნენ. კაცებს საოჯახო პროფესია ჰქონდათ - ხატებს წერდნენ, ამიტომ მეზობლები მათ შთამომავლებს დღესაც მხატვრიაანთ ეძახიან. ნიკოლოზის პაპის მამა, გიორგი, მეფეების - თეიმურაზ II და ერეკლე II კარის ოქრომჭედელი იყო. მათ ოსტატობასა და ხელგარჯილობას მოწმობდა შვინდის ხის კოხტად გამოჩარხულ ჯოხზე თეიმურაზისა და ერეკლეს ბეჭდებით დამოწმებული 27 სიგელ-გუჯარი, რომელიც მამა ნიკოლოზის რეპრესირების შემდეგ ოჯახმა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ჩააბარა.

   ნიკოლოზი განათლების მისაღებად თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1875-1879 წლებში სწავლობდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კიევში საერო განათლების მისაღებად გაემგზავრა.

   1880-1883 წლებში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პატარძეულისა და გიორგიწმინდის სახალხო-სამინისტრო სკოლებში ასწავლიდა.

  1883 წელს ნიკოლოზი ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამავე წელს ყარსის ციხე-სიმაგრეში მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარში განამაწესეს, სადაც 1884 წლამდე იმსახურა.

   1886 წელს პანკისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს, სადაც 1887 წლამდე მსახურობდა და სადაც უსასყიდლოთ ასწავლიდა იქაურ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში.

   1890 წელს ნიკოლოზი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში დაინიშნა და ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს.

   1893 წელს თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და მედავითნედ შტატში დაადგინეს. 1897 წელს თელავის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში (ღვთაება) დაინიშნა. აქ მსახურების პერიოდში ნიკოლოზი საღვთო სჯულს ამავე ეკლესიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა.

   1899 წელს თბილისში, დიდუბის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში უშტატო დიაკვნად განამწესეს და 1901 წელს შტატში დაამტკიცეს. დიდუბის ეკლესიაში მსახურების დროს დიაკონი ნიკოლოზი 1900-1901 წლებში ადგილობრივ ერთკლასიან სამრევლო სკოლაში საეკლესიო გალობას ასწავლიდა.

   1902 წლიდან მამა ნიკოლოზი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   1902 წელს ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, საიდანაც 1904 წელს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შტატგარეშე მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1907 წელს შტატის დიაკვნად დაამტკიცეს. ქაშვეთის ეკლესიაში მოღვაწეობის პერიოდში მამა ნიკოლოზი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქაშვეთის ახალი ეკლესიის მშენებლობაში და ტაძრის მშენებლობის კომიტეტის შემადგენლობაშიც შედიოდა. 1911 წელს ტაძრის მშენებლობის დროს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

   1909-1910 წლებში მამა ნიკოლოზი თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს წევრ იყო. 

   1913 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და გიორგიწმინდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და პარალელურად გიორგიწმიდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

   1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   დეკანოზი ნიკოლოზი სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად წინაპართაგან გადმოცემული ხალხური მედიცინის ბრწყინვალე მცოდნე იყო. ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარს კალისტრატე ცინცაძეს მისთვის ზედმეტსახელად "ჯადოღვდელი" შეურქმევია და უთქვამს: "რას არ მოიგონებ, ნამდვილ ჯადო ხელი გაქვს; უბრალო სასმელი წყალი ”უკვდავების წყლად” აქციე, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებ". სხვადასხვა დაავადებისაგან განკურნების მეთოდი (ელექტროჰომეოპათია) პეტერბურგელი პროფესორის, სმირნოვისაგან შეუსწავლია, რომელსაც თავის მხრივ, ეს მეთოდი იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში იქაური ექიმ-ფარმაცევტის გრაფ მატეისაგან აუთვისებია. ”ჯადოღვდელი” ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი მკურნალობდა: ჭლექს, ათაშანგს, კანის დაავადებებს და ხშირადაც აღწევდა დადებით შედეგს. მამა ნიკოლოზი თვითონ დადიოდა ხოლმე ავადმყოფებთან და უფასოდ კურნავდა.  ახალმოვლენილ მკურნალს ხალხის მისაზიდად მაშინდელ თბილისურ პრესაში სტატიებიც გამოუქვეყნებია და წიგნიც დაუწერია - "ელექტროგომეოპატია", რომლის რამდენიმე ეგზემპლიარი ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ინახება.

   მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელისუფლებამ გიორგიწმინდის ტაძარი დახურა და მამა ნიკოლოზი პერიოდულად თბილისში, ნათვლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აღასრულებდა წირვა-ლოცვას.  

   მამა ნიკოლოზი სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დეკანოზის წოდებით მსახურობდა. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ფანოზიშვილი და ათი ქალ-ვაჟი. ქაშვეთის ეკლესიაში მსახურების პერიოდს მისი მეუღლე ასე იხსენებდა: "ეკლესიის ეზოში ცხოვრობდა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე). როცა მას რაიმე საბუთი ჰქონდა შესადგენი, მოვიდოდა და ჩემს მღვდელს ეტყოდა, ბიჭო ნიკავ, ერთი ქაღალდია შესადგენი, კალამი შენ უკეთ გიჭრის და მოდი დაწერეო." 

  1936 წელს დეკანოზი ნიკოლოზი დაიჭირეს და სასამართლომ გადასახლება მიუსაჯა. გადმოცემით მალევე გარდაცვლილა გემზე (სავარაუდოდ შუა აზიაში კასპიის ზღვით), რომლითაც პატიმრები გადაჰყავდათ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1911)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: