The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე (ბლაღოჩინი)

იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1862
გარდაცვ. თარიღი:1933  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი დისევი, საგვარეულო სასაფლაო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    იროდიონ ოქროპირიძე დაიბადა 1862 წლის 8 აპრილს გორის მაზრის სოფელ დისევში მღვდლის ოჯახში. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ოქროპირიძეთა გვარის ბევრი ცნობილი სასულიერო მოღვაწეა ცნობილი. იროდიონმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, რის შემდეგ პატარა იროდიონი გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1879 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1885 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა.

      1885 წელს იროდიონი დაქორწინდა ნინო გიორგის ასულ ბოჭორაძეზე და ჰყავდათ რვა შვილი: ბესარიონი (ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროფესორი, ტროპიკულ სნეულებათა ექიმი), გიორგი (ჰიდროინჟინერი), ზინაიდა (საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძის მეუღლე), ანდრია (ეკონომისტი), ელენე (მიხეილ აბულაძის მეუღლე), თამარი (ექიმი-ფტიზიატრი), ქეთევანი (ცნობილი ლოტბარის ავქსენტი მეგრელიძის მეუღლე) და ეკატერინე.

    1885 წლის 4 აგვისტოს იროდიონ ოქროპირიძე დიაკვნად აკურთხეს, ამავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ერევნის გუბერნიაში, დიდი არარატის მთის ძირში განლაგებულ სამხედრო ნაწილში, დაბა იგდირის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

     1889 წელს  საგვერდულით დაჯილდოვდა.  1891 წელს, მამა იროდიონი თავისი ნათესავის, საინგილოს მისიონერი მღვდელ-მონაზვნის ლეონიდე ოქროპირიძის თხოვნით, კახის წმინდა  გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.

    1891 წელს მამა იროდიონი კახის ორკლასიანი ნორმალური სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა, ხოლო მოგვიანებით კახის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულისა და გალობის პედაგოგად. ეს სკოლა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას ეკუთვნოდა.

    1897 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს და 1902 წლიდან ზაქათალის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ მუშაობდა. მამა იროდიონის თავდაუზოგავი მოღვაწოების შედეგად მრავალი ინგილო დაუბრუნდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. გარდა ქადაგებისა და ხალხის რწმენაში განმტკიცებისა, მას ეკლესიების მშენებლობის მეთვალყურეობაც ჰქონდა დაკისრებული. იმ პერიოდში აშენდა ქურმუხისა და თასლამოს ეკლესიები. ყოველივე ამან სიტუაცია ფრიად დაძაბა მეზობელ ლეკებთან. ოსმალეთიდან მოსული ემისრები დაძრწოდნენ სოფელ-სოფელ და ხალხს ქრისტიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდნენ. ინგილოებში გავრცელდა ხმები, რომ ლეკებს განზრახული ჰქონდათ მათი დარბევა და სახლ-კარის აწიოკება. მამა იროდიონამდეც მივიდა ასეთი ხმები. შემდგომში იგი თავის ჩანაწერებში იხსენებდა: „შეშინებულმა მეორე დილითვე გადავწყვიტე ჩავმჯდარიყავი ტროიკაში და ცოლ-შვილი გორში წამეყვანა. სიღნაღამდე გავყვებოდი, მარტო რომ ვიქნებოდი და ცოლ-შვილზე ზრუნვა აღარ დამჭირდებოდა, მრევლს უფრო კარგ პატრონობას გავუწევდი. ცხენოსანი რაზმის შედგენას ვაპირებდი, მაგრამ მეორე დილას, სანამ წასასვლელადს მოვემზადებოდი, ჩემთან მოვიდნენ მასწავლებლები ბათო ხუციშვილი და თომა პაპიაშვილი. გასაქცევად მზადება შეგვატყვეს და გვითხრეს, თქვენი გაქცევით ხალხი უფრო შეშინდება, სასოწარკვეთაში ჩავარდება და უფრო უარესია; სულ დაიღუპებიანო. მათ ჩემი განზრახვა ავუხსენი, მაგრამ ამით რას დავაჯერებდი? მაშინ მოვიფიქრეთ, დეპეშა გაგვეგზავნა მეფისნაცვალთან. საჩქაროდ შევატყობინოთ აქაური მდგომარეობა-თქვა. ამ დეპეშას სამივემ მოვაწერეთ ხელი. იმ ჟამად მეფისნაცვლის მოვალეობას გენერალი ივანე ამილახვარი ასრულებდა. მან მაშინვე გააგზავნა ბრძანება დედოფლისწყაროში და ნიჟეგოროდის ცხენოსან პოლკს უბრძანა, სასწრაფოდ წასულიყვნენ ზაქათალის ოლქში. სამი დღის შემდეგ კახში შემოვიდა გრენადერთა ცხენოსანი პოლკი. პოლკის უფროსი პოლკოვნიკი არჯევანიძე და შტაბის სამი ოფიცერი ეკლესიის ეზოში შემოვიდნენ და მომიკითხეს, ბლაღოჩინო ოქროპირიძევ, ეს რა დეპეშა გაგიგზავნიათ მეფისნაცვლისათვის, რაშია საქმეო? მდგომარეობა ავუხსენი. მათ დამამშვიდეს, რაკი ჩვენ აქ დაგვინახეს, მუსულმანები ვეღარაფერს გაბედავენო. მეორე დილით ათ ოფიცერს სადილი გაუმართეთ ეკლესიის ეზოში, როცა პოლკის მეომრები სადილობდნენ სასულე ორკესტრი უკრავდა. გარშემო ხალხი მოგროვდა. განსაკუთრებით ლეკები მოგროვდნენ და ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, ჩვენ ამათთან რას გავხდებით, ცხენებით გაგვსრესენო. პოლკმა სამ დღეს შემოიარა თათრებისა და ინგილოების სოფლები. ამით ლეკებს გულში ჩაუკლეს განზრახვა, რამაც ქრისტიანები გაამხნევა. მეც დავმშვიდდი და ჩემი მრევლიც დავამშვიდე. ამჯერად ასე ავიცილე თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი“.

    1904 წელს მამა იროდიონი ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს და გორის მაზრის მე-3 ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. მასვე დაევალა ცხინვალის ორკლასიანი ნორმალური სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება და გორის მაზრის მე-2 რაიონის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურობა, ხოლო მომდევნო წელს მთელი გორის მაზრის სკოლები ჩააბარეს.

    1907 წელს მამა იროდიონი ხელახლა აირჩიეს ცხინვალის ოლქის მთავარხუცესად. იგი ქალაქის ცენტრში მდებარე ეკლესიის გვერდით, ორსართულიან სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. იმჟამინდელი დაბა ცხინვალი წმინდა ქართულ დასახლებას წარმოადგენდა. მისი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქართველები იყვნენ. ერთ უბანში ცხოვრობდნენ გაქართველებული სომხები და ე. წ. ქართველი ებრაელები. ოსების მხოლოდ 3-4 ოჯახი თუ ცხოვრობდა და ისინიც ქართველ ქალებზე იყვნენ დაოჯახებული. იმჟამინდელ ცხინვალს გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავდა. ოქროპირიძეების სტუმართმოყვარე ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ სოფრომ მგალობლიშვილი, ანტონ ფურცელაძე, დავით კასრაძე, ნიკო ლომოური და სხვები. იმ დროს ცხინვალში  სასტუმრო არ იყო და იქ ჩასული ყველა გამორჩეული პიროვნება, ეგზარქოსი იქნებოდა იგი, გუბერნატორი თუ სკოლების ინსპექტორი, ყოველთვის მის ოჯახში ჩერდებოდნენ.

   1904 წელს მამა იროდიონს კამილავკა ეწყალობა. ეგზარქოსმა ალექსიმ ინგილოების გაქრისტიანებისა და ამ ოლქში ნაყოფიერი სამსახურისათვის მადლობა გამოუცხადა და ოქროს ჯვარი უბოძა. ამავე წელს იგი გორის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა.

    1905 წელს წმიმდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს, ხოლო 1908 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1910 წლის 12 აპრილს სამრევლო-საეკლესიო სკოლების გახსნის 25-წლის იუბილესთან დაკავშირებით წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ორმაგი ვერცხლის მედალი უბოძეს. ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი. 1915 წელს სიონის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ეგზარქოსმა პიტიმირმა (ოკნოვი) მამა იროდიონს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა.

    რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში საყოველთაო არეულობა დაიწყო. 1917 წლის გაზაფხულზე ცხინვალში ძალიან ბევრი წითელარმიელი მოგროვდა (მეტი წილი ოსები), რომლებიც მეფის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და გადაწყვეტილი ჰქონდათ ქალაქის გადაწვა. ცხინვალის მოსახლეობას ყაზახებთან მოსალაპარაკებლად დელეგატად დეკანოზი იროდიონი აურჩევიათ, რომელიც რუსულად საუკეთესოდ მეტყველებდა. დეკანოზს დაურწმუნებია რუსი ჯარისკაცები უკან დაბრუნებაზე. ამით ისარგებლეს წითელარმიელებმა და ადგილობრივ თავად-აზნაურობას დაერივნენ. მაჩაბლები, ფალავანდიშვილები, ფავლენიშვილები, ციციშვილები და სხვები დაიჭირეს და ლენინის სახელით დახვრიტეს.

    1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში ძალადობრივად დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება. ქვეყანაში მთლიანად შეიცვალა ვითარება. დაიწყო ეკლესიებისა და სამღვდელოების განუკითხავი ტერორი. არაერთი სასულიერო პირი ფიზიკურად გაანადგურეს, მრავალმა მათგანმა თავისა და ოჯახის გადარჩენის მიზნით მიატოვა სასულიერო წოდება და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. მიუხედავად მრავალი ზეწოლისა, მამა იროდიონს არ მიუტოვებია ეკლესია და ღვთისმსახურება. მართალია, იგი აიძულეს ცხინვალი დაეტოვებინა, მაგრამ დიაკვანი თავის მშობლიურ სოფელში, დისევში დასახლდა და იქ განაგრძო მღვდელმსახურება.

    მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს დეკანოზი იროდიონი ხელისუფლებამ ფრიად შეავიწროვა, არაერთხელ დააპატიმრეს. გაკულაკების დროს დაწყებულ რეპრესიებს ვერც ოქროპირიძეების სასულიერო ოჯახი გადაურჩა. 1933 წლის თებერვალში მამა იროდიონი ოჯახიდან გამოასახლეს და დადამბლავებულ მოხუცს სახლი დაულუქეს, ხოლო ყველა ხატი, საეკლესიო საბუთები და სამღვდელოების სურათები მის თვალწინ დაწვეს. ამდენ ტანჯვასა და დამცირებას ვეღარ გაუძლო ღირსებააყრილმა მოძღვარმა და 1933 წელს აღესრულა. ხალხმა იგი დიდი პატივით მშობლიურ სოფელში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1910 - წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ორმაგი ვერცხლის მედალი
  • 1908 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1905 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი

გააზიარე: