The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი

თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1869
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1922  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:აგრონომი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    თედო რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წლის  16 ნოემბერს (ძვ.სტ.) სოფელ ჩარგალში, ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლის პავლე რაზიკაშვილისა და გულქან ფხიკლეშვილის ოჯახში.   თედო ოჯახში მეხუთე ვაჟი იყო. მიუხედავად გაჭირვებისა და ხელმოკლეობისა, პავლე რაზიკაშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ შვილები სწორ გზაზე დაეყენებინა და მათთვის ჯეროვანი სასკოლო განათლება მიეცა. ქართულ ანბანსა და წერა–კითხვაში კარგად გაწაფული ექვსი წლის თედო მამამ ჩარგალის დაწყებითი სკოლის პირველ განყოფილებაში მიაბარა, სადაც მისი მასწავლებელი უფროსი ძმა ნიკო (ბაჩანა) იყო. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ თედო გორის სამასწავლებლო სემინარიის მოსამზადებელ განყოფილებაში მიაბარეს. სწორედ ამ პერიოდში ჩაება თედო საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში. ამ დროს გორი წარმოადგენდა ხალხოსნური მოძრაობის ცენტრს, ამასთან აქ გაშლილი იყო ლიტერატურულ-თეატრალური საქმიანობა. თედო დაუმეგობრდა შემდგომში გამოჩენილ საბავშვო პოეტ შიო მღვიმელსა და თავის საყვარელ მასწავლებელს, ცნობილ ხალხოსან მწერალს ნიკო ლომოურს. მათი გავლენით თედოც ამ მოძრაობის ერთ–ერთი აქტიური წარმომადგენელი გახდა. 1889 წელს მან აღნიშნული სემინარიის სრული კურსი დაამთავრა და სოფლის სახალხო მასწავლებლის წოდება მიიღო.

    1890 წელს პროგრესული იდეებით გატაცებულ ახალგაზრდა მასწავლებელი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ" სოფელ ხელთუბანში, ახლად გახსნილ დაწყებით სკოლაში, მასწავლებლად დანიშნა. თედოც დიდი მონდომებითა და საქმის სიყვარულით ჩაება პედაგოგიურ მუშაობაში.

      დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები დაიქსაქსნენ: გიორგი თიანეთში დასახლდა და იქ ვექილობდა, ბაჩანა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში მასწავლებლობდა, ალექსანდრე თბილისში მსახურობდა, ჩარგალში მარტო ვაჟა დარჩა. ვაჟამ მოინდომა სოფელ ჩარგალში მამის ადგილას თედოს მღვდლად დანიშვნა, მაგრამ თედო არ დათანხმდა,  1891 წელს საბოლოოდ დასახლდა სოფელ ხელთუბანში და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ამ სკოლას და ამ სოფელს არ მოსცილებია. თედო დაქორწინდა ღარიბი გლეხის, იშხანაშვილის ქალზე და  მასწავლებლობასთან ერთად საზოგადოებრივ საქმიანობასა და სოფლის მეურნეობასაც ეწეოდა. ხალხის სამსახური და 1905 წლის რევოლუციაში აქტიური ჩაბმა არც ისე იაფად დაუჯდა თედო რაზიკაშვილს. ბიუროკრატიულმა მთავრობამ 1905 წელს ხელთუბნის სკოლა დახურა და მის მასწავლებელს რევოლუციური მოღვაწეობისთვის რუსეთის შორეულ გუბერნიაში 13 წლით გადასახლება მიუსაჯა, მაგრამ 1906 წელს ცარიზმის გადასარჩენად გამოსულმა მანიფესტმა ციმბირისაკენ მიმავალი თედო გზიდან დააბრუნა. გარკვეული პერიოდი იგი ფშავში იმალებოდა, ხოლო პატიმრობიდან განთავისუფლებულმა კვლავ თავის სოფელსა და სკოლას მიაშურა. ანასტასია თუმანიშვილი–წერეთელის დახმარებით იგი კვლავ ხელთუბნის სკოლის მზრუნველი და მოამაგე ხდება.

     თედო რაზიკაშვილი სამწერლო ასპარეზზე ლექსებით გამოჩნდა. მისი პირველი ლექსი "გუთნისდედის სიმღერა" ჟურნალ "ჯეჯილში" დაიბეჭდა. ამას მოჰყვა მთელი ციკლი ლექსებისა და საბავშვო მოთხრობათა სერია. თედომ მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ნიკო ლომოური და აკაკი წერეთელი ყოველნაირად ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ თედო რაზიკაშვილს. მათი შთაგონებითა და მხარდაჭერით თედომ მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა საბავშვო მწერალმა. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრამული იდეები. რაზიკაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია: პატრიოტიზმი, ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება. მისი მხატვრულად გამართული შესანიშნავი მოთხრობები, ლექსები, ხალხური არაკები და ლეგენდები თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში იბეჭდებოდა. ყველაზე მეტი პოპულარობა და საყვარელი მწერლის სახელი თედოს საბავშვო მოთხრობებმა მოუტანა და იგი გახდა უახლოესი თანამშრომელი იმდროინდელი საბავშვო ჟურნალების "ჯეჯილისა" და "ნაკადულის". დიდი დამსახურება მიუძღვის თედო რაზიკაშვილს ქართული ფოლკლორისტიკის გამდიდრების საქმეში. მის მიერ შეკრებილია უამრავი ხალხური ლექსი, ზღაპარი, ანდაზა, გამოცანა, ლეგენდა და ისტორიული თხზულებანი. იგი ზედმიწევნით იცნობდა თავისი ხალხის ყოფა–ცხოვრებასა და ადათ–ჩვეულებებს.

      1910 წლის 31 იანვარს თედო რაზიკაშვილის მოწვევით მის სახლში გაიმართა წინასწარი კრება 30 კაცის მონაწილეობით, სადაც დაადგინეს, რომ გორში გახსნილიყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ადგილობრივი განყოფილება და თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილი.

     1922 წლის 19 იანვარს ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ 53 წლის თედო რაზიკაშვილს, დანით 56 ჭრილობა მიაყენეს და ვერაგულად მოკლეს. მართლმსაჯულებამ ყველა მკვლელი ამხილა და მათ კუთვნილი სასჯელიც მიუზღო.

      თედო რაზიკაშვილი სიკვდილიდან ერთი თვის თავზე გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-1913)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1915)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: