The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია

გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1868
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 1947  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი გეზათი
კატეგორია:პედაგოგი, მწერალი

ბიოგრაფია

   გიორგი ბოკერია დაიბადა 1868  წელს სოფელ გეზათში (აბაშის რაიონი). წერა–კითხვა დედამ შეასწავლა, რომელიც მწერალ გიორგი წერეთლის და გახლდათ. რვა წლის გიორგი მშობლებმა მოსამზადებლად შორეულ ნათესავს ს. იოსელიანს მიაბარეს, რომელიც მესხეთში, სოფელ საროში მასწავლებლობდა.

   1876 წელს გიორგი და მისი მასწავლებელი ქუთაისში გადმოვიდნენ და იგი ახალგაზრდა მასწავლებელს ალექსი ჭიჭინაძეს მიაბარეს, რომელსაც კერძო სკოლა ჰქონდა გახსნილი. 1879 წლის სექტემბერში გიორგი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეორე კლასში ჩარიცხეს, მაგრამ გიმნაზიაში გამეფებული აუტანელი რეჟიმის გამო მან სასწავლებლის სრული კურსი ვერ დაამთავრა და მეოთხე კლასიდან გამოვიდა.

   1884 წელს 16 წლის გიორგი ხონის საოსტატო სემინარიაში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ ჩოხატაურის სკოლაში დანიშნეს მასწავლებლად. ამ პერიოდში იგი მთელი თავისი ძალღონით ჩაება ხალხის განათლებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი დაუახლოვდა იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლიდან–სოფელში დადიოდნენ, ახერხებდნენ გაეხსნათ ახალი სკოლები და ბიბლიოთეკა–სამკითხველოები. ჩოხატაურის სკოლაში გიორგიმ უარყო სახალხო სკოლების დირექტორ ლევიტსკის "მუნჯურ" მეთოდზე აგებული რუსული ენის სახელმძღვანელო და მოსწავლეებს მხოლოდ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენით", "ბუნების კარით" და "რუსსკოე სლოვოთი" ასწავლიდა. ამის გამო განაწყენებულმა ლევიტსკიმ "დიდსულოვნება" გამოიჩინა და დასჯის მაგივრად გიორგი ბოკერია ჩოხატაურიდან სამუშაოდ თავის სოფელში გადაიყვანა.

   გიორგი ბოკერია სხვადასხვა დროს მუშაობდა სამიქაოს, ძველი სენაკის, აბაშის, ქუთაისისა და ხონის სკოლებში.

   1909 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხონის განყოფილების აქტიური წევრი.

   განათლების სფეროში ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლისთვის 1911 წელს ბოკერია გაძევებული იქნა სამშობლოდან და თვითმპყრობელობის დამხობამდე აზერბაიჯანში მუშაობდა. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ძველი სენაკის სკოლაში კვლავ პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო. 1919 წლიდან იგი ფოთის უმაღლეს–დაწყებითი სასწავლებლის გამგედ დაინიშნა.

   1934 წელს 45 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ მხცოვანი პედაგოგი, ავადმყოფობის გამო, იძულებული გახდა მუშაობისთვის თავი დაენებებინა.

    გიორგი ბოკერია, როგორც პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, დაახლოებული იყო ქართული მწერლობისა და აზროვნების კორიფეებთან: ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, იაკობ გოგებაშვილთან, ნიკო ნიკოლაძესთან და სხვა მოღვაწეებთან. იგი თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებთან და გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიული ხასიათის წერილები და პედაგოგიური სტატიები.

   გიორგი ბოკერია გარდაიცვალა 1947 წლის 24 მარტს მშობლიურ სოფელ გეზათში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების საბიბლიოთეკო სექციის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: