შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნინო იოსების ასული ბოცვაძე![]()
ბიოგრაფიანინო ბაქრაძე-ბოცვაძისა დაიბადა ქ. თბილისში 1883 წლის 11 მაისს, ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის, იოსებ ბაქრაძის ოჯახში. მან სწავლა თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში დაიწყო და თავიდანვე გამოირჩეოდა ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. ჯერ კიდევ მერვე კლასის მოსწავლეს, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, მარიამ დემურიამ სთხოვა ნაძალადევის საკვირაო სკოლაში დაეწყო მუშაობა, სადაც მუშებისათვის წერა-კითხვა უნდა ესწავლებინა (ცხადია, უსასყიდლოდ). ნინო სიამოვნებით დათანხმდა. 1903 წელს მარიამ დემურიამ ნინოს საბავშვო ჟურნალის დაარსების შესახებ თავისი განზრახვა გაანდო და სთხოვა მოეფიქრებინა მისი შინაარსი. ნინოსთან ერთად იყვნენ მისი და, ეკატერინე ბაქრაძე-ბურჯანაძისა და ნიკო ლომოურის ქალიშვილები - თამარ და ნინო ლომოურები. გოგონები ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალ "ცდას". ასე გაჩნდა ჟურნალი "ნაკადული", რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვების მომზადებას ცხოვრებისათვის, დაკვირვებას საგნებზე, მოვლენებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ჟურნალში მოღვაწეობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, შიო მღვიმელი, ლუარსაბ ბოცვაძე, ნიკო ლომოური, იროდიონ ევდოშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, გიორგი ქუჩიშვილი, თედო რაზიკაშვილი, ნინო ნაკაშიძე და სხვები. ჟურნალის რედკოლეგიის წევრები იყვნენ ნინო და ეკატერინე ბაქრაძეები, ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლეები. 1904 წელს ნინომ საშუალო სკოლა წარმატებით დაამთავრა და სასწავლებლად ვენის უნივერსიტეტში გაემგზავრა. ნინო მალე მიხვდა,რომ მედიცინა მისთვის მორალურად მძიმე პროფესია იქნებოდა და შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. 1908 წელს ნინო სამშობლოში დაბრუნდა და ანასტასია თუმანიშვილის მიწვევით სკოლა "განათლებაში" დაიწყო მუშაობა. იგი ცოდნასთან ერთად დიდ ყურადღებას აქცევდა ბავშვებში დაკვირვებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას, ცდილობდა სწავლებაში დაენერგა უახლესი, ევროპული მეთოდიკა. პარალელურად ნინო ბაქრაძე მჭიდროდ თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალებთან - "ჯეჯილსა" და "ნაკადულთან", ნაყოფიერად მოღვაწეობდა პრესაში, აქვეყნებდა მოთხრობებს, თარგმანებს, პედაგოგიურ წერილებს, მუშაობდა მეთოდურ ლიტერატურასა და დამხმარე სახელმძღვანელოებზე პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის. მალე ნინო ბაქრაძე "ქართულ გიმნაზიაში" გადადის სამუშაოდ. სწორედ აქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ლუარსაბ ბოცვაძეს. მათ 1912 წელს იქორწინეს და ერთად განაგრძობდნენ რთულ და საპასუხისმგებლო სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. თუმცა მათი ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1919 წელს ლუარსაბ ბოცვაძე გარდაიცვალა და ნინო ორი მცირეწლოვანი შვილით მარტო დარჩა. ნინო ბაქრაძე 1913 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, ბიწმენდის რვაწლიანი სკოლის დირექტორად, თბილისის მეთოთხმეტე, ორმოცდამეთექვსმეტე და ორმოცდამეთოთხმეტე საშუალო სკოლებში. ნინო ყველგან გამოირჩეოდა პროგრესული შეხედულებებით, ღრმა ერუდიციითა და პროფესიონალიზმით. მასწავლებლობასთან ერთად ნინო ბაქრაძე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ატარებდა ლექცია-სემინარებს პედაგოგებისათვის, აქტიურად მონაწილეობდა საკვირაო სკოლების საქმიანობაში. ცდილობდა ბავშვებისათვის ჩაენერგა ჰუმანიზმი, შრომითი ჩვევები, შეეყვარებინა კითხვა, ბუნება, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, დიდ ყურადღებას აქცევდა ბავშვთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. წლების მანძილზე იგი იყო საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების მთავარი მეთოდისტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, განათლების სამინისტროს მთავარი კონსულტანტი. ნინო ბაქრაძეს მინიჭებული ჰქონდა სახალხო მასწავლებლის საპატიო წოდება. იყო სამი ლენინის, ორი შრომის წითელი დროშის ორდენის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ივ. ჯავახიშვილის მედლების კავალერი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნინომ გააგრძელა გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შედგენა-გამოცემა. იგი თავის დასთან, ეკატერინე ბაქრაძე-ბურჯანაძესთან ერთად ათწლეულების მანძილზე ეწეოდა ამ მეტად საპატიო საქმეს. მათ მიერ გოგებაშვილის პრინციპების მიხედვით შედგენილი დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. 1964 წელს ვენესუელაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა "დედა ენამ" და დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოებმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს. ნინო ბაქრაძე–ბოცვაძისა 1971 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის გვერდით. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |