The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე

ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1873
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1941  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

    ვარლამ ბურჯანაძე დაიბადა 1873 წლის 23 იანვარს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში. ადრიანად დაობლებული ვარლამი ბიძამ ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში მიაბარა, რის შემდეგაც მან სწავლა გორის საოსტატო სემინარიაში გააგრძელა, რომელიც 1896 წელს პირველი ხარისხით დაასრულა. სემინარიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ვარლამი პატრიკეთის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა, შემდეგ გადავიდა ქუთაისის დაწყებით სკოლაში, სადაც 1909 წლამდე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ამ ხნის განმავლობაში ქუთაისში არ ყოფილა არცერთი კულტურული წამოწყება, რომლის ერთ–ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი ვარლამ ბურჯანაძე არ ყოფილიყო: სახალხო მასწავლებელთა კავშირი, დრამატული საზოგადოება, საკვირაო სკოლა, ბავშთათვის მზრუნველი საზოგადოება და ა.შ. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის მასწავლებელთა კრებებზე უარყოფილი იქნა სახალხო სკოლების დირექციის მიერ შემუშავებული გამარუსებელი პოლიტიკის გამტარებელი პროგრამები, რისთვისაც ვარლამ ბურჯანაძე ქუთაისიდან გაასახლეს.

    1911 წელს "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობამ ვარლამი კავკავის ქართული სკოლის გამგედ აირჩია, რომელიც საზოგადოებამ 1888 წელს, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ ყიფიანის მეცადინეობით გახსნა. ვარლამ ბურჯანაძე თავდაუზოგავად მუშაობდა პედაგოგიურ–საზოგადოებრივ ასპარეზზე. იგი კავკავის ქართველობას აყვარებდა ქართველი ერის წარსულსა და აწმყოს. გარკვეული დროის მანძილზე ბაქოს მრეწველთა სკოლის გამგის მოვალეობასაც ასრულებდა.

    1914 წელს "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მთავარმა გამგეობამ ვარლამ ბურჯანაძე თბილისში გადმოიყვანა ამ საზოგადოების მდივნად, ხოლო 1918 წელს საზოგადოების რწმუნებულთა კრებამ  საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრად აირჩია. მთავარი გამგეობის მინდობილობით იგი დროგამოშვებით თელავის, სამტრედიის, კავკავის, ზესტაფონის განყოფილებათა საქმეების შემოწმებას აწარმოებდა. საზოგადოებაში მუშაობის პერიოდში ვარლამ ბურჯანაძე მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ბევრ საინტერესო მოხსენებას კითხულობდა.

    1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ლუარსაბ ბოცვაძესთან  ერთად "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დავალებით გადაამუშავა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" პირველი და მეორე ნაწილი.

    1919–1921 წლებში ვარლამ ბურჯანაძე რედაქტორობდა ჟურნალ „განათლებას“. მის კალამს ეკუთვნის 150-ზე მეტი მეთოდური ხასიათის წერილი და ნარკვევი. მანვე შექმნა „ქართული ენის ქრესტომათია ეროვნებათა უმცირესობის სკოლებისათვის“, ხოლო შიო არაგვისპირელთან და ივანე გომართელთან ერთად რუსულად შეადგინა ქართული ენის პრაქტიკული თვითმასწავლებელი.

    1920 წლის იანვარში ვარლამ ბურჯანაძის ინიციატივით დაარსდა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა კავშირი, რომლის მიზანი იყო სახალხო განათლების საქმის რეორგანიზაცია, მასწავლებელთა მდგომარეობის გაუმჯობესება და ეროვნული სკოლების დაარსება–განმტკიცება, იგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბუნებისმეტყველებასა და ისტორიაში ლექციების წასაკითხად იწვევდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს. მისი თავმჯდომარეობის დროს დაარსდა მასწავლებელთა კოოპერატივი "უნივერსალი", შემუშავებული იქნა მასწავლებელთა საპენსიო სალაროს წესდება, გახსნილი იქნა წიგნის მაღაზია, მოეწყო საზაფხულო აგარაკი მანგლისში და სხვა.

   1925 წელს ვარლამ ბურჟანაძემ ივანე გომელაურთან და დიმიტრი დუმბაძესთან ერთად შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელოს ქრესტომათია არაქართველთათვის, მე–7,8,9 ჯგუფებისა და ტექნიკუმებისთვის.

   1927 წელს "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ლიკვიდაციის შემდეგ ვარლამ ბურჯანაძე საქართველოს სსრ განათლების კომისარიატში გადაიყვანეს. 1930 წელს იგი დააპატიმრეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მაგრამ სამი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა.

   ვარლამ ბურჯანაძე აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთების რედაქციებთან. მისი წერილები, გამოკვლევები და სტატიები სხვადასხვა ფსევდონიმებით იბეჭდებოდა "ივერიაში", "განათლებაში", "კვალში", "ალიონში", "ფონში", "ჩვენს ცხოვრებაში" და " თემში". საინტერესოა მისი წერილები: "დედის გავლენა შვილზე", "ბიუროკრატია და პედაგოგიკა", "სახალხო სკოლა დასავლეთ ევროპაში", "ტოლსტოი და სახალხო სკოლა", "მასწავლებელთა ურთიერთდამხმარე საზოგადოებანი რუსეთში", "ჩვენი ავ–კარგი", "ბაქოს მრეწველთა სკოლები", "ალაგირელ ქართველთა კულტურული ნაბიჯი", "იაკობ გოგებაშვილი" და სხვა.

    ღვაწლმოსილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა 1941 წელს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლესთან, ეკატერინე იოსების ასულ ბაქრაძესთან ერთად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მასწავლებელთა კავშირი, კავშირის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი მუდმივი წევრი (1916-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის მდივანი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის მდივანი (1914-1927)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: