The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია

გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:7 დეკემბერი, 1937  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   გიორგი ჟორდანია დაიბადა 1885 წელს თბილისში, ისტორიკოს თევდორე ჟორდანიას ოჯახში.

   1905 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. პროფესორმა ა. ვორსმა უნივერსიტეტში, საპროფესოროდ მოსამზადებლად დარჩენა შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა და სამშობლოში დაბრუნდა. მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ჟორდანია აქტიურად მონაწილეობდა ქართული სათვისტომოს კულტურულ ცხოვრებაში. 1907 წელს მან მოსკოვში დააარსა  „ქართველთა შორის კულტურის მოყვარულთა საზოგადოება“ და კითხულობდა საჯარო ლექციებს.

   1908 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი გიორგი ჟორდანია, მონაწილეობდა ალექსანდრე ხახანაშვილის ექსპედიციაში, რომლის მიზანი იყო საქართველოში ადათ-წესების შესწავლა. იგი დიდ ინტერესს იჩენდა ქართული კულტურის საკითხებისადმი.

   1912-1914 წლებში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ლათინურსა და სამართალმცოდნეობას ასწავლიდა. ეწეოდა იურიდიულ პრაქტიკას და მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში იურისკონსულტანტად, მათ შორის თბილისის ოპერის თეატრში და დამცველთა კოლეგიის წევრად.

   გიორგი ჟორდანია ხანგრძლივად მუშაობდა საავტორო უფლებების საკითხზე. თბილისის ოპერის თეატრში მოღვაწეობისას დიდი თეორიული ცოდნა და ფაქტობრივი მასალები დაუგროვდა, რის საფუძველზეც მეცნიერული გამოკვლევა „საავტორო უფლება“ დაწერა.

   1912 წელს ჟორდანიას ინიციატივით თბილისში დაარსდა „ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოება“, რომლის თავმჯდომარე თავად გახლდათ და რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ამ საზოგადოების მოღვაწეობით საფუძველი ჩაეყარა ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ახალ ეტაპს. 1918 წელს ეს საზოგადოება გადაკეთდა „კულტურისა და შრომის კავშირად“.

   1915 წლიდან გიორგი ჟორდანია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1917 წლიდან გიორგი ჟორდანია გახლდათ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ საზოგადოებას მოწოდებით მიმართა, სადაც წერდა: „როცა იწყება ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოეთხოვება უაღრესი თავგანწირვა, რაც შეიძლება მეტი საქმიანობა სახელმწიფოებრივი იდეის განსამტკიცებლად და გასამაგრებლად...  სიტყვების დრო წავიდა, დადგა დრო საქმისა, შემოქმედებითის შრომისა, ცხოვრების ახალ ფორმების აღმშენებლობისა...  საჭიროა საქმიანობა კულტურულ ნიადაგზე, ზრუნვა საქართველოში ნივთიერ-კულტურული აყვავებისათვის.“ („თეატრი და ცხოვრება“, 1918 წ. N9, გვ.16).

   გიორგი ჟორდანია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა დეპარტამენტის უფროსად და ერობათა კავშირის კომიტეტში.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. რამდენიმე თვე ცხოვრობდა და მუშაობდა სტამბოლში, მაგრამ მალევე დაბრუნდა საქართველოში, მუშაობა დაიწყო საარქივო სამმართველოში და იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი. ჟორდანია სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწსახკომში, შინსახკომში საორგანიზაციო განყოფილების გამგედ და პარალელურად ადვოკატურასაც მიჰყო ხელი. იგი ძირითადა სისხლის სამართლის პროცესებს განაგებდა.

   1935 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. იგი გახლდათ მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორის მოადგილე და ასევე მოსკოვის საავტორო უფლებათა დაცვის საზოგადოების თანამშრომელი. აღსანიშნავია მისი ღვაწლი მოსკოვის დიდი თეატრის რეპერტუარში ოპერა „აბესალომ და ეთერის“ შესატანად.

   1937 წელს, დიდი საბჭოთა ტერორის დროს, გიორგი ჟორდანია დააპატიმრეს და გადმოაგზავნეს თბილისში. 1937 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს სსრ შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა „საქართველოს ნაციონალისტური ცენტრის კონტრრევოლუციური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით. განაჩენი 7 დეკემბერს იქნა სისრულეში მოყვანილი. მასალები მისი რეაბილიტაციის შესახებ მის პირად არქივში ინახება.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)
  • „ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოება“, თავმჯდომარე (1912-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: