The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია

ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია
სხვა სახელი:Ami  (ფსევდონიმი)
Кавказец  (ფსევდონიმი)
Костров  (ფსევდონიმი)
ანდრეი  (ფსევდონიმი)
გ. მარმალაძე  (ფსევდონიმი)
პატრიარქი  (ფსევდონიმი)
ჟორჟი  (ფსევდონიმი)
ძველი მოკამათე  (ფსევდონიმი)
წითელფერაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1868
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1953  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    ნოე ჟორდანია დაიბადა 1868 წლის 2 იანვარს (ძვ.სტ.) ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში,  აზნაურ ნიკოლოზ ჟორდანიასა და ქრისტინე ჩიქოვანის ოჯახში. დაამთავრა ლანჩხუთის სოფლის ორკლასიანი სკოლა და 1879 წელს სწავლა განაგრძო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომლის  დასრულების შემდეგ 1884 წელს სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიელი ჟორდანია უკვე მესამე კლასიდან ოცნებობდა ევროპაში მოხვედრაზე. ამ მიზნის მისაღწევად იგი ლადო აღნიაშვილის ანსამბლშიც ჩაეწერა  და მონაწილეობა მიიღო 1887 წელს თბილისის სახაზინო თეატრში გამართულ კონცერტში. ჟორდანიას იმდენად ჰქონდა მიზნის მიღწევის იმედი, რომ ფრანგული ენის შესწავლაც დაიწყო, მაგრამ ანსამბლი ევროპაში ვერ წავიდა. მეგობარ სემინარისტებთან ერთად  არალეგალური თვითგანვითარების წრის მუშაობაში მონაწილეობდა და გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალებს - „სინათლე“ და „ყვავილი“.

   1889 წელს სემინარიაში ყოფით ნიადაგზე დაიწყო სტუდენტების გაფიცვა. ნოე ჟორდანიამ თედო კიკვაძესა და ფილიპე მახარაძესთან ერთად  სტუდენტები დაარწმუნა საგაფიცვო მოთხოვნებისთვის  ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სწავლების საკითხები დაემატებინათ. გაფიცვა ნაწილობრივ წარმატებით დასრულდა, მაგრამ ბევრი მოთავე ადმინისტრაციამ სემინარიიდან გარიცხა.

   1890 წელს ნოე ჟორდანიამ წარჩინებით დაამთავრა სემინარია და სწავლა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში გააგრძელა. ინსტიტუტში სწავლისას გაეცნო მარქსიზმის საფუძვლებს, რამაც მის „ხალხოსნურ“ შეხედულებებს ბოლო მოუღო და ევროპული სოციალიზმის მიმდევრად აქცია.

   1892 წელს ნოე ჟორდანია ავადმყოფობის გამო საქართველოში დაბრუნდა. იმავე წელს ჩამოყალიბდა სტუდენტთა არალეგალური კავშირი „საქართველოს თავისუფლების ლიგა“, რომლის  საქმეზე დაწყებული დაპატიმრებების გამო ნოე ჟორდანიამ  საქართველო დატოვა და ჟენევაში გაემგზავრა.

   1895 წელს პარიზში გაემგზავრა, სადაც  ისმენდა ლექციებს სორბონის უნივერსიტეტში. გაეცნო ფრანგ სოციალისტთა ლიდერებს - ჟიულ გედს, პოლ ლაფარგს და სხვებს. რამდენიმე თვის შემდეგ ნოე ჟორდანია  გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ანალოგიურად განაგრძო კვლევითი მუშაობა და ქვეყნის ყოფა-ცხოვრებაზე დაკვირვება. შტუტგარდტში გაეცნო კარლ კაუცკის. ისმენდა ლექციებს მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში.

   1897 წლის მარტიდან ნოე ჟორდანია ლონდონში ცხოვრობდა, სადაც განაგრძობდა საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ეკონომიკური ცხოვრების შესახებ კორესპონდენციების მომზადებას. მუშაობდა ბრიტანეთის მუზეუმში საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული წყაროების შესწავლაზე. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში. ლანჩხუთში გამართულ არალეგალურ შეკრებაზე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებს გააცნო ევროპული სოციალიზმის ტენდენციები და თავისი მოსაზრებები საქართველოში პარტიული მუშაობის განვითარების შესახებ. ტფილისში გამართულ შეკრებაზე  პარტიული პროპაგანდისთვის ლეგალური პრესის გამოყენება გადაწყდა და პარტიის ლიდერები  ანასტასია და გიორგი წერეთლებს მოელაპარაკნენ და ჟურნალი „კვალი“ გადაიბარეს, რომლის რედაქტორადაც ნოე ჟორდანია აირჩიეს. ამ დროიდან „კვალი“ იქცა მწყობრი სოციალისტური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ჟურნალად. ჟურნალ „კვალის“ გადაბარების სამზადისისას გაზეთ „ივერიის“ გამომცემელმა ილია ჭავჭავაძემ ნოე ჟორდანიას საკუთარი გაზეთის რედაქტორობა შესთავაზა, რაზეც ნოემ უარით უპასუხა.

  1905 წლის რევოლუციური მოძრაობისას ნოე ჟორდანია თბილისში  სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და საგაფიცვო და შეიარაღებული აქციების მთავარი ორგანიზატორი იყო, ხელმძღვანელობდა პროპაგანდისტთა მოქმედებას და იყო „სამხედრო საბჭოს“ წევრი.

   1908 წლის 11 სექტემბრს ნოე ჟორდანია ტფილისში დააპატიმრეს და ჟანდარმერიამ იგი სანქტ-პეტერბურგის საოლქო სასამართლოს გამომძიებლის განკარგულებაში გადაგზავნა, რადგან მასზე პეტერბურგში უკვე იყო საქმე აღძრული. პეტერბურგის სასამართლო პალატამ ნოე ჟორდანიას პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ წინასწარი პატიმრობის ვადა ჩაუთვალა და 1909 წელს გაათავისუფლა, რის შემდეგაც იგი ბაქოში დაბრუნდა.

   1909 წელს ნოე ჟორდანია  იტალიაში გაემგზავრა, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა დავით სარაჯიშვილისა და ლევან ზუბალაშვილის მიერ დანიშნული სტიპენდიით, რომელიც ფორმალურად მას საქართველოს ისტორიის შესახებ ნაშრომის მოსამზადებლად დაენიშნა, რეალურად კი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ირიბი დაფინანსება იყო.

   1910 წელს ნოე ჟორდანია ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და განაგრძო პარტიული ორგანიზაციების განახლება და სხვადასხვა მხარეში პროპაგანდა. ამავე წელს ნოე ჟანდარმერიამ ლანჩხუთში საკუთარ სახლში დააპატიმრა და  3 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯა, მაგრამ  რომანოვების სამეფო გვარის 300 წლის იუბილეს გამო გამოცხადებულმა ამნისტიამ მოუსწრო და სასჯელისგან გათავისუფლდა.

   1918 წლის 26 მაისს ნოე ჟორდანიამ, როგორც საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია.  ივნისში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახდა. 1919 წლის 12 მარტიდან  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და დამფუძნებელმა კრებამ იგი კვლავ მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია.

    1921 წლის თებერვალში, საქართველოს რესპუბლიკის  რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ, საქართველოს დამფუძნებელი კრების 16 მარტის გადაწყვეტილების თანახმად მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მთავრობის სხვა წევრებთან და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრების ნაწილთან ერთად, ემიგრაციაში გაემგზავრა.  ნოე ჟორდანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სტატუსით პარიზში მუშაობდა და ცხოვრობდა.

   ნოე ჟორდანია 1953 წლის 11 იანვარს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა პარიზში და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, თავმჯდომარე (1917-)
  • რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, წევრი (1906-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1898-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მთავრობის თავმჯდომარე (1918-1921)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი (1918-)
  • საქართველოს დროებითი მთავრობა, თავმჯდომარე (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, თავმჯდომარე
  • საქართველოს სოციალისტური პარტია "მესამე დასი", დამაარსებელი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-1900)

გააზიარე: