The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული

გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1865
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 1951  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   გიორგი ჟურული დაიბადა 1865 წლის 23 აპრილს ბორჩალოს მაზრის სოფელ ჯელალ–ოღლუში ქეთევან ნამორაძისა და დურმიშხან ჟურულის ოჯახში. ბავშვობა სოფელ არბოში გაატარა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა, რადგან გიორგის მამა, დურმიშხან ჟურული, ქალაქის პოლიციის უფროსად დაინიშნა. დურმიშხანი განათლებული და თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი იყო. დედაქალაქში ჩამოსული ხშირად სტუმრობდა ქშწკგ საზოგადოებას, ესწრებოდა სასკოლო საზოგადოებების კრებებს და გიორგიც თან დაჰყავდა. დურმიშხანის მეუღლე ქეთევან ნამორაძეც ძალიან განათლებული, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართული, ქართული სკოლისა თუ თეატრის დიდი გულშემატკივარი და მოამაგე გახლდათ.

    1877–1878 წლებში გიორგი ჟურული თბილისის სამხედრო გიმნაზიაში სწავლობდა.  1886 წელს კადეტთა კორპუსი დაამთავრა, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა სამხედრო კარიერაზე. მშობლებმაც ხელი შეუწყვეს და პარიზში გაამგზავრეს სამთო ან უმაღლეს აგრონომიულ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად. მისაღები გამოცდებისთვის მთელი წელი ემზადებოდა, პარალელურად კი სიღრმისეულად სწავლობდა ქართულ ისტორიასა და ლიტერატურას. სწორედ ამ დროს გაეცნო ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას, რამაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

    პარიზიდან გიორგი ჟურული ერთ წელიწადში წამოვიდა და სწავლა მოსკოვის აგრონომიულ აკადემიაში განაგრძო, რომელიც 1893 წელს დაამთავრა. თბილისში დაბრუნებისთანავე იგი აირჩიეს სხვადასხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების, კერძოდ, ქართული სასკოლო, ბანკის ზედამხედველი კომიტეტებისა და  დრამატიული საზოგადოების გამგეობის წევრად. ეს იყო დრო, როდესაც ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს ახალგაზრდების აქტიურად ჩაბმა საზოგადოებრივ საქმიანობაში მომავალი კადრების მოსამზადებლად. გიორგი ჟურული ახალი თაობისადმი ილიას დამოკიდებულებას ასე აღწერს:  „ორიგინალური იყო ილიას მოქცევა ჩვენი ახალგაზრდების მიმართ. ძალიან უხაროდა ახლების საქმეში ჩაბმა, მაგრამ არაფრით არ გვაჩვენებდა, რომ ჩვენ იმისი ხელმძღვანელობა გვესაჭირეობოდა. პირიქით, ისე გვექცეოდა და ისეთ მოთხოვნილებებს გვიყენებდა, როგორც საქმეში დიდი ხნობით ჩახედულ ხალხსა... საზოგადოთ წინააღმდეგი იყო პროტექციებით ვისიმე წინ წაწევისა. საინტერესო და საქმისათვის სასარგებლოდ მხოლოდ იმათ სთვლიდა, ვინც საკუთარი ღონით, ცოდნით და გამრჯელობით დაიმსახურებდა საზოგადოების ყურადღებას. ასე ექცეოდა გარეშეთაც და შინაურებსაც.“  

    ბანკში მუშაობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართვის მიუხედავად, გიორგი ჟურულს დიდი სურვილი ჰქონდა მუშაობა სპეციალობით გაეგრძელებინა და აგრონომიულ დარგში ეშოვა რაიმე სამსახური. ამ მიზნით ორჯერ სცადა საზღვარგარეთ წასვლა სასოფლო–სამეურნეო დისციპლინების უკეთ დასაუფლებლად, მაგრამ რუსის მოხელეებმა ამის საშუალება არ მისცეს. მაშინ პროფესიით დასაქმება მომავლისთვის გადადო და რადგან ყველაზე მეტად გული ჟურნალისტობისკენ მიუწევდა „ივერიის“ რედაქციას მიაშურა. 1894 წლის მანძილზე იგი გაზეთის შტატიანი თანამშრომელი იყო. რედაქციაში მუშაობის პერიოდიდან ბევრი საინტერესო მოგონება დაგვიტოვა ილიას პიროვნებასა და მის შეხედულებებზე ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით.

    1895 წლის 19 მაისს გიორგი ჟურული არჩეულ იქნა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის გამგედ ივანე მაჩაბლის ნაცვლად. გაზეთ „ივერიასთან“ იგი შემდგომ წლებშიც აქტიურად თანამშრომლობდა. გიორგი სახელმწიფო სამსახურშიც ჩადგა და სამიწათმოქმედო სამინისტროში ძირითადი პროფესიით დაიწყო მუშაობა. ეს საშუალებას აძლევდა მივლინებით საზღვარგარეთ ევლო და კვალიფიკაცია აემაღლებინა. პარალელურად საცენზურო კომიტეტშიც მოღვაწეობდა ქართული ენის ცენზორად, სადაც  მან რაფიელ ერისთავი შეცვალა.

    1902 წელს  გიორგი ჟურული არჩეულ იქნა ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამგეობის წევრად და თითქმის 10 წლის განმავლობაში ახალ ამპლუაში ემსახურებოდა ქართულ საქმეს. ერთხანს ქალაქის თავის მოადგილეც იყო და სიტყვითაც და საქმითაც აქტიურად ცდილობდა ახალშემოერთებულ აჭარაში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებში ქართული ორიენტაციის განმტკიცებას.

   1905 წელს მეფისნაცვალმა გრ. ვორონცოვ–დაშკოვმა პეტერბურგში დელეგაცია მიავლინა მოთხოვნით, რუსეთის მომავალ პარლამენტში კავკასიასაც მისცემოდა საკუთარი დეპუტატის არჩევის უფლება. დელეგაციაში სულ სამი დეპუტატი იყო: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და გიორგი ჟურული. დელეგაციის წარმატებასა და საიმპერატორო ქალაქში მათი თანაცხოვრების შესახებ გიორგი ჟურულმა კიდევ ერთი ვრცელი მოგონება დაგვიტოვა.

    1910 წელს გიორგი ჟურული თბილისის საქალაქო გამგეობის წევრად აირჩიეს. იგი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ყველა მოვლენაში. 1917 წელს ტრიფონ ჯაფარიძესთან და სპირიდონ კედიასთან ერთად ჟურული სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას თავმჯდომარეობდა, რომელზეც განიხილეს საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიების და საკათალიკოსო საბჭოს შექმნის საკითხები. გიორგი ჟურული საფინანსო კომისიაშიც შედიოდა, რომელსაც სახსრების მოძიება დაევალა ტაო–კლარჯეთის სასულიერო ძეგლების შესასწავლი ექსპედიციის (ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით) დასაფინანსებლად. 

    1917 წლის ნოემბერში, პირველ ეროვნულ ყრილობაზე, შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაში გიორგი ჟურულიც შედიოდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან. 1918 წელს იგი გახდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი  – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი და ეს პოსტი შეინარჩუნა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე.

    საქართველოს იძულებითი გასაბჭოების დროს გიორგი ჟურული ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. ბოლშევიკებმა მოინდომეს მისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება, მაგრამ ოკუპანტთა სამსახურზე უარი თქვა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მწარე ხვედრი გაიზიარა.

    1921 წლის 18 მარტს გიორგი ჟურული საქართველოს მთავრობასთან ერთად ბათუმიდან საზღვარგარეთ გაემგზავრა. იგი ემიგრაციაშიც აგრძელებდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. 1922 წლის ივლისიდან 1924 წლის ივლისამდე თავმჯდომარეობდა ბერლინ–შარლოტენბურგში ოფიციალურად დარეგისტრირებულ ორგანიზაციას „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში“. საბოლოოდ დასახლდა პარიზში და გახლდათ პარიზის ქართული სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე.

    საფრანგეთში და გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ხშირად აწყობდნენ ქართველი მწერლების ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოებს, აღნიშნავდნენ საიუბილეო თარიღებს. 1932 წლის  30 აგვისტოს გერმანიაში გამართულ ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ერთ–ერთ ასეთ საღამოზე გიორგი ჟურულმა წაიკითხა თავისი მოგონება „ილიასთან შორი–ახლოს დგომით“. ეს მოგონება პირველად გამოქვეყნდა პარიზში ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალში „ქართლოსი“ (1937 წ. N7–8). მისი წერილები იბეჭდებოდა, აგრეთვე,  ჟურნალებში: „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“, „სამშობლო“. გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოში“ გიორგი ჟურული პერიოდულად აქვეყნებდა მასალებს აჭარის ისტორიიდან (მამის, დურმიშხან ჟურულის დღიურების მიხედვით), სახელწოდებით „ფურცლები რვეულიდან“ . 

    გიორგი ჟურული გარდაიცვალა 1951 წლის 9 სექტემბერს. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე მეუღლესთან, ელენე ჟურულთან ერთად. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1908-1910)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1908-1913)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-)

გააზიარე: